Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კოფი ანანის საანგარიშო მოხსენება ერაყში შექმნილი ვითარების შესახებ


ანდრო ეული, პრაღა 10 დეკემბერს ნიუ-იორკში, გაეროს გენერალურმა მდივანმა კოფი ანანმა უშიშროების საბჭოს წარუდგინა 26-გვერდიანი საანგარიშო მოხსენება ერაყში შექმნილი ვითარების შესახებ.

მოხსენებაში ნათქვამია, რომ გაეროს თანამშრომლები, რომლებმაც ბაღდადში 19 აგვისტოს განხორციელებული ტერორისტული თავდასხმის შემდეგ დატოვეს ერაყი, კვიპროსიდან გააგრძელებენ ჰუმანიტარულ საქმიანობას და მხოლოდ იმ შემთხვევაში დაბრუნდებიან ერაყში, თუ მათი უსაფრთხოება იქნება გარანტირებული.

კოფი ანანის თქმით, გაეროს თანამშრომლები ნიქოზიიდან, ან ამანიდან ჩავლენ საჭიროების შემთხვევაში სპეციალური ვიზიტებით ბაღდადში. "ვერ დავუშვებ კომპრომისს, როცა საქმე ჩვენი თანამშრომლების უშიშროებას ეხება", ნათქვამია საანგარიშო მოხსენებაში, რომელიც ოთხშაბათს წარუდგინა კოფი ანანმა უშიშროების საბჭოს.

მას შემდეგ, რაც 19 აგვისტოს ბაღდადში გაეროს წარმომადგენლობაზე განხორციელებული ტერორისტული თავდასხმის შედეგად 22 ადამიანი, მათ შორის კოფი ანანის საგანგებო წარგზავნილი ერაყში, ბრაზილიელი დიპლომატი ვიეირა დე მელიო დაიღუპა, ანანის განკარგულებით 4 ნოემბერს, გაეროს ჰუმანიტარული მისიის უცხოელმა, არაერაყელმა თანამშრომლებმა ბაღდადი დატოვეს.

კოფი ანანმა განაცხადა, რომ ვიდრე ვიეირა დე მელიოს შემცვლელი მოინახება, ერაყში გაეროს ჰუმანიტარული მისიის გუნდს ახალი ზელანდიელი დიპლომატი როს მაუნტენი უხელმძღვანელებს. ამჟამად მაუნტენი, ჟენევაში, გაეროს ჰუმანიტარულ საქმეთა საკოორდინაციო უწყებას ხელმძღვანელობს.

თავის საანგარიშო მოხსენებაში კოფი ანანი გამოთქვამს მზადყოფნას, გაეროს გამოცდილი ექსპერტები ჩართოს ერაყში საყოველთაო არჩევნების მოწყობაში, კონსტიტუციის შედგენაში, ადამიანის უფლებათა დამცველი სტრუქტურების შექმნასა და ჰუმანიტარული დახმარების გაგრძელებაში.

კოფი ანანი მოუწოდებს ამასთანავე შეერთებულ შტატებსა და ამ უკანასკნელის მოკავშირეებს ყოველი ღონე იხმარონ იმისთვის, რათა სამხედრო ოპერაციის მსვლელობისას არ დააზარალონ დაუცველი, მშვიდობიანი მოქალაქენი.

კოფი ანანს მიაჩნია, რომ არცერთი სახელმწიფო არ უნდა გაემიჯნოს ომით გაჩანაგებული ერაყის აღდგენით პროცესს. "ამ პროცესიდან გარიყვას სავალალო შედეგები მოჰყვება ერაყელი ხალხის, რეგიონის მოსახლეობისა და საერთაშორისო თანამეგობრობისთვისაც", - დასძინა გაეროს გენერალურმა მდივანმა.
XS
SM
MD
LG