Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დოლარის ''თავისუფალი ვარდნა'' გრძელდება


დოლარის კურსის ვარდნა ევროსთან მიმართებაში გრძელდება. ზოგიერთი ეკონომიკური ფაქტორის გათვალისწინებით ბევრისთვის ეს არაბუნებრივად აღიქმება, ბევრი ანალიტიკოსიც საკმარის მიზეზს ხედავს იმისათვის, რომ

დოლარის დაცემა სრულიად ლოგიკურად მიიჩნიოს.

შეერთებული შტატების ეკონომიკის ზრდისა და ევროზონის ეკონომიკის შედარებით უძრაობის ფონზე ძნელად გასაგები ხდება დოლარის კურსის ვარდნა. ციფრებით თუ ვიმსჯელებთ, შტატების ეკონომიკა აღმავლობას განიცდის. მიმდინარე წლის მესამე კვარტლის მონაცემების თანახმად, მთლიანი შიდა პროდუქტი იქ 8 პროცენტით გაიზარდა. მომუშავეთა პროდუქტიულობა კი იმავე პერიოდში, ანუ ივლის-სექტემბერში - 10 პროცენტით, რაც ბოლო ოცი წლის მანძილზე აშშ-ს საუკეთესო მაჩვენებელია.

ამის საპირისპიროდ, ევროკავშირის ევროზონის ეკონომიკა თითქმის უძრავ მდგომარეობაში იმყოფება. გერმანია და ევროზონის სხვა რამდენიმე ქვეყანა რეცესიის ზღვარზე იმყოფებიან და არავინ მოელის, რომ მომავალ წელს დინამიური ზრდა დაიწყება.

ჩვეულებრივ, შეერთებული შტატების დღევანდელი ეკონომიკური მდგომარეობა დოლარზე საერთაშორისო მოთხოვნას გაზრდიდა, რაც თავისთავად დოლარის კურსის ზრდას მისცემდა სტიმულს, თუმცა ახლა საპირისპირო ხდება. მიმდინარე წელს დოლარის კურსი ევროსთან მიმართებაში 15 პროცენტით დაეცა, გასულ კვირაში კი დოლარის კურსის კიდევ ერთი უდაბლესი პოზიცია დაფიქსირდა.

ვინსენტ კოუნი პარიზის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის უფროსი ეკონომისტია. ქოუნი ამბობს, რომ ვალუტის კურსის ცვლილების ახსნა რთულია და ხშირად არ მისდევს აშკარა ლოგიკას. კოუნს მიაჩნია, რომ ისევე, როგორც რამდენიმე წლის წინ ევრო, დოლარი დღეს ნეგატიური დამოკიდებულების ხაფანგშია მოქცეული:

[კოუნის ხმა]
"ჩვენ ახლა ვართ იმის საპირისპირო ვითარებაში, როცა რამდენიმე წლის წინ ევრო იყო ცუდ მდგომარებაში. მაშინ ევროზონაში ყოველ წუთას ცუდი ამბავი გაისმოდა. კარგი ცნობა მხოლოდ იმისთვის იყო საკმარისი, რომ ევროს კურსის სიმყარე უზრუნველეყო, მის ზრდას კი ვერ უზრუნველყოფდა. სახეზე იყო ერთგვარი ასიმეტრია. ახლა საპირისპირო ხდება. კარგი ამბავი შეერთებული შტატების შესახებ მხოლოდ დოლარის სიმყარეს უზრუნველყოფს, ნებისმიერი ცუდი ამბავი კი დოლარის კურსის დაცემის მიზეზი ხდება".

შეერთებული შტატების მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა არ აჩვენებს სრულყოფილ სურათს. არსებობს რამდენიმე სერიოზული მიზეზი, რომელიც დოლარის ვარდნას უზრუნველყოფს.

ბოლო თვეების განმავლობაში შეერთებული შტატების მთავრობა უდიდესი საბიუჯეტო დეფიციტის წინაშე აღმოჩნდა, რაც ერაყში ომმა და ტერორიზმთან ბრძოლის ღონისძიებებზე დანახარჯებმა და გადასახადების შემცირებამ გამოიწვია. გარდა ამისა, შეერთებულ შტატებში კვლავ იზრდება იმპორტი. ეს ორი - საბიუჯეტო და სავაჭრო დეფიციტი ბევრს აფიქრებინებს, რომ დოლარის გაუფასურების პროცესი კიდევ დიდხანს გაგრძელდება. ამას გარდა დოლარის დაცემის კიდევ ერთ მიზეზად განიხილება საპროცენტო განაკვეთების შემცირება - შეერთებული შტატების ცენტრალურმა ბანკმა საპროცენტო განაკვეთი ბოლო 40 წლის მანძილზე რეკორდულად დაბლა - თითქმის ერთ პროცენტამდე დაწია იმისათვის, რომ სესხების რაოდენობა გაეზარდა და ეკონომიკური ზრდისთვის მიეცა სტიმული. საპროცენტო განაკვეთი დასწია ევროპის ცენტრალურმა ბანკმაც, მაგრამ არა ასე მკვეთრად.

ერთ-ერთი გერმანული ბანკის უფროსმა ანალიტიკოსმა ფოლკერ ჰელმაიერმა ამ კვირაში განაცხადა, რომ "შეერთებული შტატების მარცხმა საგარეო, ვაჭრობის, ეკონომიკისა და ფისკალური პოლიტიკის სფეროებში დოლარის დამასუსტებელი მომწამლავი კოქტეილი შექმნა". ვაშინგტონის პოლიტიკას გერმანელი ექსპერტი უკონტროლოს უწოდებს.

ამ მოსაზრებას ბევრი ეთანხმება, მაგრამ პროგნოზები ყოველთვის უიმედო არ არის. ზოგიერთი ანალიტიკოსი თვლის, რომ მოვაჭრეებს სჭირდებათ ცოტა დრო იმისათვის, რომ შეერთებული შტატების ეკონომიკის აღმასვლის ჭეშმარიტებაში დარწმუნდნენ. ამასთან, ამბობენ, რომ შტატების ეკონომიკის გაძლიერებასთან ერთად ცენტრალური ბანკი იძულებული გახდება კვლავ გაზარდოს საპროცენტო განაკვეთი, რაც ასევე ხელს შეუწყობს დოლარის გაძლიერებას.

პარიზელ ეკონომისტ ვინსენტ კოუნს კი მიაჩნია, რომ რეალური საფრთხე შემდეგშია:

[კოუნის ხმა]
"რისიც გვეშინია, ეს არის დოლარის მოულოდნელად დაცემა. თუკი ეს ეტაპობრივად ხდება, ყველა ასეთ პროგნოზს აკეთებს და თანაც დაცემა არ არის ძალიან მკვეთრი, ამგვარი ცვლილება ადვილად გადასატანია. მაგრამ, თუკი დოლარის კურსის დაცემა იქნება უცაბედი და მკვეთრი, მას დიდი ზიანის მოტანა შეუძლია".

კოუნი აცხადებს, რომ დოლარის კურსის დაცემის გრძელვადიანი, მართვადი პროცესი ძალიან გავს გასული საუკუნის 80-იან წლებში მიმდინარე პროცესს, როცა დოლარის დაცემა მსოფლიო ეკონომიკამ იოლად გადაიტანა.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG