Accessibility links

"თუ კაცი გცემს, ე.ი. უყვარხარ" - ქალებისადმი ძალადობა რუსეთში


ერთი კვირის წინ ძალადობის თემაზე საუბრისას ითქვა,

რომ წელს, ისევე როგორც გასულ წლებში, 25 ნოემბრიდან 10 დეკემბრამდე მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ტარდებოდა გენდერული ძალადობის წინააღმდეგ მიმართული 16-დღიანი კამპანია. 16-დღიანი კამპანია საქართველოშიც ჩატარდა, ოღონდ წელს ის "ხავერდოვან რევოლუციად" წოდებული მოვლენების ჩრდილში მოექცა და ფართო გამოხმაურება არ გამოუწვევია. ამიტომ ქალებისადმი ძალადობაზე სასაუბროდ დღესაც უცხოეთს მივაშურებთ - ამჯერად რუსეთს, სადაც ეს პრობლემა, კერძოდ კი ქალებისადმი შინ ძალადობა ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციების მზარდ შეშფოთებას იწვევს. როგორც ჩვენი მოსკოველი კორესპონდენტი სოფი ლამბროსკინი იუწყება, რუსეთში 90-ანი წლების ბოლოს, ერთადერთი წლის მანძილზე 12500-მდე ქალი იქნა მოკლული თავიანთივე ქმრების მიერ.

ამ ქალებთან შედარებით ნამდვილად გაუმართლა მოსკოველ "ვიკას", რომლის შესახებაც დღეს გიამბობთ...

"ვიკა" 22 წლისა იყო, როცა ოჯახის შექმნა გადაწყვიტა და, რახან მეუღლეს მშვენიერი შემოსავალი ჰქონდა, მას საკუთარ სამსახურზე აღარ უზრუნია. მიუხედავად იმისა, რომ ვიკას მთელი დღე შინ ყოფნა იყო ის, რაც მის ქმარს სურდა, კონფლიქტმა მაინც მალე იფეთქა: ქმარი ჯავრობდა თითოეულ დახარჯულ რუბლზე, ეჭვიანობდა, ვიკას არ აძლევდა ამხანაგთან წასვლის, მაკიაჟის გაკეთების უფლებას, მას სულ უფრო ხშირად აყენებდა შეურაცხყოფას. ფიზიკურ შეურაცხყოფამდე კი საქმე მაინცდამაინც მაშინ მივიდა, როცა ვიკა ორსულად იყო...

მაშინ ახალგაზრდა ქალს პირველად გაუჩნდა ქმართან გაყრის სურვილი, მაგრამ ეს მალევე გადაიფიქრა - მეგობრის რჩევით.
[ვიკას ხმა] "მეგობარმა ქალმა მითხრა, რომ ჩვენი ხვედრი ეს არის, რომ ჯობია მოვითმინო, რომ სხვანაირად ბავშვს ვერ გავზრდი, თავს ვერ ვირჩენ".

მაგრამ მალე მოხდა ის, რამაც ვიკა მიახვედრა: თავის გადარჩენის ერთადერთი გზა შინიდან გაქცევა იყო...
[ვიკას ხმა] "ქმარი მხრებში მწვდა. ფანჯარასთან ვიდექი და იქ, ფარდებთან, ზონარი ეკიდა - ეს ზონარი ყელზე წამიჭირა"...

სიკვდილს ძლივს გადარჩენილი ვიკა რამდენიმე კვირა იმალებოდა მეგობარ ქალთან. შემდეგ კი მთელი გამბედაობა მოიკრიბა, რათა ძალადობის მსხვერპლთა დახმარების ცენტრისთვის მიემართა. საბოლოოდ მან ამ ცენტრის ხელშეწყობით მოახერხა ქმართან გაყრა და დამოუკიდებელი ცხოვრების დაწყება. დღეს ვიკა კერძო სკოლაში ბიოლოგიის მასწავლებლად მუშაობს.

იმას, რაც ვიკას გადახდა თავს, სულ უფრო ხშირად აწყდება რუსი იურისტი, ალექსანდრა კარევა- რუსეთში ქალთა დახმარების ე.წ. კრიზისული ცენტრების ასოციაციის თანამშრომელი. როგორც კარევამ ჩვენს კორესპონდენტს უთხრა, შარშან ასოციაციას 100 000-მდე ქალმა მიმართა დახმარების თხოვნით და ეს, კარევას შეფასებით, შემთხვევით არ ხდება. ქალებისადმი აგრესიის მატება თან ახლავს ცვლილებას ქალებისადმი საზოგადოების დამოკიდებულებაში. ცვლილების არსი კი შემდეგნაირად შეიძლება ჩამოყალიბდეს: ქალის საბჭოეთში პროპაგირებული პოზიტიურ სახეს - წარმოდგენას ქალზე, როგორც სოციალისტური საზოგადოების აქტიურ და სრულუფლებიან წევრზე - ენაცვლება საკმაოდ ნეგატიური იმიჯი. [ალექსანდრა კარევას ხმა]
"ყველაფერი კეთდება საიმისოდ, რომ ქალი ჩამოშორდეს სამუშაო ბაზარს და შინ დაჯდეს. მაგრამ ჩემში განსაკუთრებით დიდ აღშფოთებას იწვევს დამოკიდებულება ქალის, როგორც სქესობრივად მიმზიდველი ობიექტისადმი. ქალი ან ასეთი ობიექტია, ან შინამოსამსახურე, ან კიდევ ბავშვების აღმზრდელი. ამ სამ ძირითად როლზეა ლაპარაკი. ქალისაგან მორჩილებას მოელიან".

ალექსანდრა კარევამ იცის, რომ ქალების მდგომარეობა შესაშური არ იყო არც საბჭოთა პერიოდში. მათ მონებივით ამუშავებდნენო, ამბობს რუსი იურისტი. მაგრამ პროპაგანდამ, თუნდაც პლაკატებმა, რომლებზეც ქალები ტრაქტორისტებად იყვნენ გამოსახული, იმას მაინც მიაღწია, რომ საბჭოეთის მკვიდრთა წარმოდგენაში ქალები ძლიერ და აქტიურ ადამიანებად დამკვიდრნენ.

ბოლო წლებში კი ქალებს სხვადასხვაგვარ მოთხოვნებს უყენებენ: ბევრი, მათ შორის ზემოხსენებული ვიკას ქმარი, ქალისაგან შინ ყოფნასა და ოჯახზე ზრუნვას მოითხოვს, მაშინ როცა არაერთი ფირმა ქალისაგან სამუშაოზე აყვანამდევე მოითხოვს ხელწერილს, რომ ის არ დაქორწინდება და არც შვილებს იყოლიებს. სხვათა შორის, ასეთი ხელწერილის მოთხოვნა - რუსეთში იქნება თუ საქართველოში - უკანონობაა!

რაც შეეხება ძალადობას, რა გასაკვირია, მასთან ბრძოლა ძნელი იყოს ქვეყანაში, სადაც ამბობენ "თუ კაცი გცემს, ე.ი. უყვარხარო". ამასთან, რუსეთში ქალისადმი ძალადობის პრობლემას მხოლოდ პატრიარქალური ტრადიციები არ განაპირობებს - მათ სოციალური და ეკონომიკური ფაქტორები ემატება. [ალექსანდრა კარევას ხმა]
"ადამიანების უმრავლესობა მოუწყობელ ცხოვრებას გაურბის. გაურბის ძალიან მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას, მოუგვარებელ პრობლემებს პირად ცხოვრებაში. ბევრი ქალი, ვინც უცხოეთში მიდის თვითრეალიზაციის, უკეთესი ცხოვრების იმედით, აქ რუსეთში განიცდიდა ძალადობას პარტნიორი მამაკაცისაგან, მშობლებისაგან. ისინი უცხოეთში წასვლით პირად პრობლემებსაც გაურბიან".

რუსეთის კანონმდებლობა, ალექსანდრა კარევას შეფასებით, არ ითვალისწინებს ეფექტიან ზომებს ქალების დაცვის უზრუნველსაყოფად. ავიღოთ თუნდაც თავისთავად პროგრესული კანონი, რომელიც სისხლის სამართლის კოდექსში ერთ-ერთი ბოლო ცვლილების შესაბამისად, ითვალისწინებს ძალადობის მსხვერპლის საქმის გადაცემას ე.წ "სახალხო სასამართლოში". ამ შემთხვევაში მსხვერპლს, ფაქტობრივად, პროკურორისა და ვექილის გარეშე უწევს თავისი ინტერესების დაცვა. დავუშვათ, ქმრის აგრესიით დაზარალებულმა ქალმა თვითონვე უნდა შემოიაროს მეზობლები, თვითონ შეაგროვოს მოწმეთა ჩვენებები, თვითონ დაასაბუთოს მოძალადე ქმრისათვის წაყენებული ბრალდებების მართებულობა.

მოკლედ, ქალი პოლიციელიც უნდა იყოს, პროკურორიც და ვექილიც... ეს არის, რომ პოლიტიკისათვის ვერ იცლის. გასული ათწლეულის მანძილზე მაღალ პოლიტიკურ ეშელონებში ადგილის დამკვიდრება თითო-ოროლა ქალმა თუ შეძლო. მათ შორის, ალბათ, ყველაზე პოპულარული სახე, ლიბერალი ირინა ხაკამადა სულ რამდენიმე დღის წინ გამართული არჩევნების შედეგად პარლამენტის მიღმა დარჩა.
XS
SM
MD
LG