Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უცხოეთის პრესა საქართველოს შესახებ


თუ უცხოეთის პრესაში საქართველოსადმი მიძღვნილი პუბლიკაციების რაოდენობით ვიმსჯელებთ, უნდა ითქვას, რომ ბოლო დღეებში ინტერესი შედარებით განელებულია. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ეს არ ეხება რუსეთის პრესას.

დასავლეთის ქვეყნების 10 დეკემბრის პრესაში კი საქართველოს შესახებ ორიოდე საყურადღებო პუბლიკაციას მივაკვლიეთ, მაშინ როცა მანამდე რამდენიმე დღით ადრე ხუთჯერ მეტი სტატია მაინც ქვეყნდებოდა. რომ აღარაფერი ვთქვათ 23 ნოემბრის შემდგომ დღეებზე, როცა საქართველოს თემას ცენტრალური ადგილი ეთმობოდა დასავლეთის საინფორმაციო საშუალებებში. მაგრამ საქართველოსადმი ინტერესის განელება, სავარაუდოდ დროებითია და 4 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად ალბათ, ისევ საპირისპირო ტენდენციის მომსწრე გავხდებით. ასეა თუ ისე, დღეს ზემოხსენებულ ორ სტატიას დავჯერდებით.

დავიწყებთ საინფორმაციო სააგენტო "ასოშიეიტიდ პრესის" სტატიით, რომელსაც "თურქიშ დეილი ნიუსი" აქვეყნებს. სტატიაზე სათაურით "საქართველოში საარჩევნო კამპანია ცხელ ფაზაში შედის" დიდხანს არ შევჩერდებით, ვინაიდან მასში მსმნელისათვის კარგად ცნობილი ინფორმაციაა თავმოყრილი: რომ 4 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებში ფავორიტად მიხეილ სააკაშვილი ითვლება, რომ არჩევნებში მონაწილეობის სურვილს გამოთქვამს ტერორიზმში ეჭვმიტანილი იგორ გიორგაძე და რომ თბილისში ბოლოდროინდელი აფეთქებები, თუ ძალადობის სხვა აქტები არჩევნებამდე დესტაბილიზაციის საფრთხეს ზრდის.

ანალიტიკურ სტატიას კი საინტერნეტო გამოცემა "იურეიშა ვიუ" გვთავაზობს. აი, რას წერს მიმომხილველი იგორ ტორბაკოვი სტატიაში სათაურით "საქართველო და თურქეთი ერთმანეთთან კავშირს განამტკიცებენ რუსეთის გავლენის შესასუსტებლად":

"ისტორიაში კარგად გარკვეული თურქი ანალიტიკოსები ისევ "დიდ თამაშზე" - შუა აზიის რესურსებისათვის მასშტაბურ ბრძოლაზე - ალაპარაკდნენ მას შემდეგ, რაც ნახეს, როგორ გამოეხმაურნენ საქართველოში "ვარდების რევოლუციას" ამერიკელი და რუსი ოფიციალური პირები. პირველ "დიდ თამაშში" მეფის რუსეთი ბრიტანეთის იმპერიას ებრძოდა. მაგრამ ამჟამინდელ კონტესქტში ვერც რუსეთი შეძლებს და ვერც შეერთებული შტატები ცალმხრივი გადაწყვეტილებების მიღებას. ზოგი მიმომხილველის აზრით, თურქეთს გააქტიურება და მეტი სიფხიზლე ჰმართებს სამხრეთ კავკასიაში თავისი ინტერესების დასაცავად".

მაინც რა არის ეს ინტერესები? როგორც იგორ ტორბაკოვის სტატიაში ვკითხულობთ, თურქეთის პრეზიდენტმა ნინო ბურჯანაძესთან ამასწინანდელ საუბარში აღნიშნა, რომ ანკარისათვის უაღრესად მნიშვნელოვანია საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვა. ასეთივე შინაარსის განცხადება გააკეთა გაზეთ "თურქიესთან" ინტერვიუში თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვკითხულობთ ტორბაკოვის სტატიაში.

საერთოდ, ტორბაკოვის სტატია უწინარეს ყოვლისა იმით არის საყურადღებო, რომ სავსეა მითითებებით სხვა გაზეთების პუბლიკაციებზე. ვეცნობით, მაგალითად, თურქეთის ყოფილ პრეზიდენტ სულეიმან დემირელის კომენტარს, რომელიც "თურქიშ დეილი ნიუსში" დაიბეჭდა:

"დემირელის შეფასებით, თურქეთი "დაკარგულია ამ (კავკასიის) რეგიონში". დემირელი საქართველოს შესახებ თურქეთის დუმილს ადარებს მის უუნარობას ენერგიულად შეეწინააღმდეგებოდა ერაყში ამერიკელებისა და მათი მოკავშირეების შეჭრას. დემირელი დიდი ხანია მიზანშეწონილად მიიჩნევს სამხრეთი კავკასიის ქვეყნების მიერ კავკასიის სტაბილურობის პაქტის გაფორმებას, რათა აღიკვეთოს რუსეთის ზეგავლენის ზრდა. დემირელი ირწმუნება, რომ ამჟამად რუსეთი იუმჯობესებს პოზიციებს საქართველოში".

მაგრამ დემირელის მოსაზრებას ყველა არ იზიარებს. რახან გეოპოლიტიკურად მგრძნობიარე რეგიონში ნებისმიერ კრიზისს შეიძლება მოჰყვეს ცვლილებები ეკონომიკურ, თუ სამხედრო ძალთა ბალანსში, როგორც "იურეიჟა ვიუში" ვკითხულობთ, ყველა მხარეს, მათ შორის რუსეთსაცა აქვს წაგების შიში.
XS
SM
MD
LG