Accessibility links

რატომ გაათავისუფლეს აჭარაში დაკავებული არჩევნების დამკვირვებელი?


2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნების შავ ლაქათა შორისაა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში არჩევნების დამკვირვებლის გიორგი მშვენიერაძის დაპატიმრების ფაქტი.

მშვენიერაძეს არჩევნების დღეს ქობულეთის ერთ-ერთ საარჩევნო უბანში შეიარაღებულ ხულიგნობასა და არჩევნებისთვის ხელის შეშლას აბრალებდნენ. ოფიციალური ბათუმი ირწმუნებოდა, დამკვირვებელმა თავად აღიარა დანაშაული და ამიტომ მივუსაჯეთ 3 თვიანი პატიმრობაო, თუმცა მოგვიანებით ასლან აბაშიძის ხელისუფლებამ მშვენიერაძე პატიმრობიდან მაინც გაათავისუფლა.

რადიო "თავისუფლების" მსმენელისათვის ცნობილია, თუ რატომ დააკავეს 2 ნოემბერს არჩევნების დამკვირვებელი, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წევრი გიორგი მშვენიერაძე. ამჯერად თქვენს ყურადღებას დაკავების შემდგომ პერიოდზე შევაჩერებ. მხოლოდ ერთს აღვნიშნავ, რომ გიორგი მშვენიერაძეს დანაშაული არ უღიარებია და ეს მის მიერ პროკურატურისთვის მიცემული ჩვენებებიდანაც ჩანს.

თავდაპირველად გიორგი მშვენიერაძის საქმის შეწყვეტა, ანუ მისი გათავისუფლების გადაწყვეტილება, 27 ნოემბერს გენერალურმა პროკურატურამ მიიღო. ასეთი გადაწყვეტილება, სავალდებულო წესით, დაუყოვნებლივ უნდა აღსრულდეს და, თუ მას მეორე მხარე არ ეთანხმება, სასამართლოში გასაჩივრება შეუძლია.

თუმცა აჭარელ სამართალდამცველებს გიორგი მშვენიერაძე არ გაუთავისუფლებიათ, ისე გასაჩივრდა პროკურატურის გადაწყვეტილება და 1 დეკემბერს იმავე მოსამართლემ, რომელმაც დამკვირვებელს 3 თვიანი პატიმრობა მიუსაჯა, გენერალური პროკურატურის დადგენილება გაუქმებულად გამოაცხადა.

მშვენიერაძეს 6 დეკემბერსაც ჰპირდებოდნენ გათავისუფლებას, თუმცა გათავისუფლების გადაწყვეტილება მას მხოლოდ 7 დეკემბერს გადასცეს. მასში წერია, რომ გიორგი მშვენიერაძე საზოგადოებისთვის საშიში აღარ არის. არადა, ორიოდე კვირის წინ აჭარის ხელისუფლება გიორგი მშვენიერაძეს ლამის ავტონომიის წინააღმდეგ არსებული შეთქმულების მონაწილედ განიხილავდა. ფრაგმენტი ასლან აბაშიძის პრესმდივნის, თამარ გუდავას, 15 ნოემბრის სატელეფონო ინტერვიუდან:

[თამარ გუდავას ხმა] "თავდებით შეიძლება გათავისუფლდეს, მაგრამ იგივეს გაიმეორებენ. იმიტომ რომ მათი დაარსების მთავარი მიზანი, ამ ასოციაციის, არის ეს - არარეული სიტუაციის არევა. ეს მხოლოდ აჭარაშია - აურევლობა." (სტილი დაცულია)

როგორც ჩანს, ოფიციალურ ბათუმს მშვენიერაძეზე მეტად ამერიკის შეერთებული შტატების, დასავლეთის სხვა სახელმწიფოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების რეაქციის შეეშინდა და არჩევნების დამკვირვებლის გათავისუფლების დადგენილებაში შემდეგი რამ ჩაიწერა: გამოძიებამ, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს თხოვნასთან ერთად, ავტონომიის მეთაურის ასლან აბაშიძის თხოვნა-მიმართვაც გაითვალისწინა და მშვენიერაძე გათავისუფლებულ იქნა.

გიორგი მშვენიერაძეს ეს არ აკმაყოფილებს და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან ერთად სრულ რეაბილიტაციას ეცდება.

[გიორგი მშვენიერაძის ხმა] "ჩემმა ადვოკატმა მოამზადა უკვე საჩივარი, რომელიც შეტანილი არის უკვე საქართველოს უზენაეს სასამართლოში. აღნიშნული საჩივარი ეხება ქობულეთის რაიონის მოსამართლის მემანის დადგენილების გაუქმებას, რომელმაც თავად გააუქმა 27 ნოემბრის გენ. პროკურატურის დადგენილება. რადგანაც ჩვენ მიგვაჩნია, რომ გენერალური პროკურატურის დადგენილება იყო აბსოლუტურად კანონიერი და, შესაბამისად, ჩემი გათავისუფლების საფუძველი უნდა ყოფილიყო გენერალური პროკურატურის დადგენილება."

გიორგი მშვენიერაძე თავისი გათავისუფლების მოტივებითაა უკმაყოფილო და სტუდენტი იურისტისათვის დამახასიათებელი იდეალებით ხელმძღვანელობს, როდესაც აბსოლუტურ სამართლიანობას, ქობულეთის საარჩევნო უბნის მსგავსად, თბილისში, უზენაეს სასამართლოშიც, დაეძებს.
XS
SM
MD
LG