Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აჭარაში განლაგებული მე-12 რუსული ბაზის სამხედრო-პოლიტიკური ფაქტორი


ყოველთვის, როდესაც ბათუმსა და ცენტრს შორის პოლიტიკური დაპირისპირება მწვავდება, ობივატელი შიშით კითხულობს, თუ რას მოიმოქმედებს აჭარაში დისლოცირებული მე-12 რუსული ბაზა,

რომლის ხელმძღვანელობასაც არაერთხელ ღიად დაუფიქსირებია თავისი მხარდაჭერა ასლან აბაშიძის მიმართ. თუმცა ამ რუსული ნაწილის სამხედრო-პოლიტიკური ფაქტორი, საბრძოლო პოტენციალი და სტრატეგიული მნიშვნელობა როგორც საქართველოს, ისე სამხრეთ კავკასიის რეგიონისთვის ძალიან ბევრ კითხვას ბადებს.

არავისთვის დასამალი არ არის, რომ აჭარის ტერიტორიაზე დისლოცირებული მე-12 რუსული სამხედრო ბაზა მხოლოდ 1700 ჯარისკაცს და რამდენიმე ათეულ მძიმე საბრძოლო ტექნიკას და საარტილერიო დანადგარს ითვლის. გარეგნულად, ასეთი მწირი საბრძოლო პოტენციალი საკმარისია მხოლოდ აჭარის ადმინისტრაციული საზღვრების დასაცავად და არა სტრატეგიული ამოცანის შესასრულებლად რეგიონის მასშტაბით. მაგრამ სამხედრო ექსპერტი ირაკლი ალადაშვილი არ გამორიცხავს, რომ აღნიშნულ სამხედრო ნაწილს სულ სხვა დანიშნულება ჰქონდეს - მაგალითად, სენაკის სამხედრო აეროდრომზე შევლა და იქ სამხედრო პლაცდარმის შექმნა დამატებითი ძალებისათვის.

[ირაკლი ალადაშვილის ხმა] "ჩვენი პრობლემა ყოველთვის ის არის, რომ ნაკლები ინფორმაცია გვაქვს ამის შესახებ. მაგრამ ის, რომ რუსეთის მე-12 ბაზას აქვს ეს ფუნქცია, დარწმუნებული ვარ. ისევე როგორც ახალქალაქში დისლოცირებული 62-ე რუსული ბაზის ფუნქცია არის გასვლა ბორჯომის მიმართულებით და იქ აღება იმ გვირაბის, რომელიც აკავშირებს აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს."

მე-12 ბაზის გარკვეულ სტრატეგიულ ფაქტორზე ამახვილებს ყურადღებას ცნობილი მოსკოველი ექსპერტი პაველ ფელგენჰაუერი. ჩვენთან სატელეფონო საუბარში ფელგენჰაუერმა აღნიშნა, რომ რუსეთის პოლიტიკურ წრეებში არსებობს აზრი რუსეთის შემადგენლობაში საქართველოს იძულებითი ინტეგრირების შესახებ და მოსკოვს სამხედრო ბაზები სწორედ ამ იძულებითი ინტეგრირების ინსტრუმენტად ესაჭიროება. თუმცა ფელგენჰაუერი დარწმუნებულია, რომ თუკი კრემლი ასეთ პოლიტიკას მხარს ოფიციალურად დაუჭერს, ეს იქნება რუსეთის გავლენის საბოლოო დაკარგვის ტოლფასი სამხრეთ კავკასიაში.

[პაველ ფელგენჰაუერის ხმა] "როგორც ჩანს, მოსკოვში ვიღაცას ბოლომდე არ ესმის, რომ ამგვარი ინტეგრაციისა თუ კავშირების ნებისმიერი სახით შექმნის ყოველგვარი მცდელობა უმკაცრესად იქნება უკუგდებული დასავლეთის, თანაც გაერთიანებული დასავლეთის, მხრიდან. სწორედ ასეთი ზეწოლის გამო ვერ მოახერხა რუსეთმა კიშინიოვთან იმ ხელშეკრულების გაფორმება, რომელიც მოლდოვეთის ტერიტორიაზე სამი დამოუკიდებელი სამართლებრივი სუბიქტის შექმნას ისახავდა მიზნად. იგივე განმეორდება საქართველოს შემთხვევაში. ასეთ მცდელობას უმკაცრესი პასუხი მოჰყვება დასავლეთისა და ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების ელიტის უმრავლესობის მხრიდან, რომელსაც არ სურს რუსეთთან ინტეგრირება. ეს საკმაოდ სულელური პოლიტიკაა, მაგრა იგი დომინირებს დღევანდელ რუსულ პოლიტიკაში."

მეტიც, ფელგენჰაუერი ფიქრობს, რომ რუსეთის მხრიდან სამხედრო ან ძალისმიერი ფაქტორის ამოქმედების მცდელობას ნატომ, შესაძლოა, საქართველოს ტერიტორიაზე თავისი სამხედრო ბაზის განლაგებითაც უპასუხოს. ცნობილი რუსი ექსპერტის თქმით, რუსეთის გრძელვადიანი სახელმწიფოებრივი ინტერესებისთვის უფრო გონივრულია არა სეპარატისტული რეჟიმების მხარდაჭერა, არამედ იმ პოლიტიკურ ლიდერებთან თანამშრომლობა, რომლებიც შევარდნაძის შემდეგ მოვიდნენ ქვეყანაში.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG