Accessibility links

logo-print

ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღე საქართველოში


55 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც 1948 წლის 10 დეკემბერს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დოკუმენტი - ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია მიიღო.

საიუბილეო თარიღი, ბუნებრივია, საქართველოში მოქმედმა უფლებათდამცავმა ორგანიზაციებმაც აღნიშნეს. მათმა ერთმა ნაწილმა სახელმწიფო კანცელარიისა და ამერიკის საელჩოს წინ აქცია გამართა, დანარჩენებს კი სახალხო დამცველის ოფისმა უმასპინძლა. რა პრობლემების წინაშე დგანან უფლებათდამცავები საქართველოში და შექმნილი მდგომარეობიდან რა გამოსავალს ხედავენ?


2003 წლის 10 დეკემბერს, ანუ ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღის ორმოცდამეთხუთმეტე წლისთავზე, საქართველოში ასეთი მდგომარეობაა შექმნილი: აღმასრულებელ ხელისუფლებას, ისევე როგორც სახალხო დამცველის აპარატს, დროებითი ხელმძღვანელი ჰყავს, რაც ადამიანის უფლებათა დარღვევებისთვის ნოყიერ ნიადაგს ქმნის. არადა, საქართველოში ამ კუთხით მდგომარეობა სახარბიელო ისედაც არ არის.

[თემურ ლომსაძის ხმა] "მდგომარეობა არის მძიმე. სახალხო დამცველის წლიურ ანგარიშებში დეტალური ანალიზი დევს, თითოეულ საზოგადოებრივი ცხოვრების სფეროში თუ როგორ ხდება ადამიანის უფლებების დარღვევა უხეშად და, ხშირ შემთხვევაში, მასობრივად." (სტილი დაცულია)

სახალხო დამცველის მოვალეობის შემსრულებელ თემურ ლომსაძის ამ სიტყვებს ომბუდსმენის ოფისში მისული უფლებათა დაცვის სფეროში მომუშავე სხვა ორგანიზაციათა წარმომადგენლებიც ადასტურებენ.

მარკ ჰოლსტი, რომელიც საქართველოში მიგრაციის საერთაშორისო ფონდს წარმომოადგენს, ძირითადად, ტრეფიკინგთან დაკავშირებულ პრობლემაზე საუბრობს.

[მარკ ჰოლსტის ხმა] "ძალიან გვინდა საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებასთან ერთად გავაკეთოთ მეორე მრგვალი მაგიდა, რათა დაცული იქნეს იმ უამრავი ადამიანის უფლებები, რომლებიც წასულები არიან საქართველოდან."

თუმცა გელა ნიკოლეიშვილი, წარმომადგენელი ორგანიზაციისა "ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის", მიიჩნევს, რომ შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, არანაკლები საფრთხე ემუქრება საქართველოში დარჩენილ მოქალაქებსაც. ამის მთავარი მიზეზი კი, მისი თქმით, "ვარდების რევოლუცია" და მასში ზოგიერთი უფლებათდამცავი ორგანიზაციის აქტიური მონაწილეობაა.

[გელა ნიკოლეიშვილის ხმა] "ისინი არიან აქტიური ხელისშემწყობები იმისა, რომ ეს ხელისუფლება არის სათავეში და, როდესაც ეს ხელისუფლება თავად აშავებს, რბილად რომ ვთქვათ, ადამიანის უფლებებს არღვევს, მათი მხრიდან არ ისმის ხმა ისევე, როგორც სხვა დროს ან სხვა დროს უნდა ისმოდეს." (სტილი დაცულია)


სახალხო დამცველის ოფისში შეკრებილი ადამიანებისგან განსხვავებით, "საქართველოს დემოკრატიული პრინციპებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის კავშირმა" 10 დეკემბერი სახელმწიფო კანცელარიისა და ამერიკის საელჩოს წინ აქციის გამართვით აღნიშნა.

[აქციის მონაწილის ხმა] "მოვედით იმისათვის, რომ მოვუწოდოთ დღევანდელ ხელისუფლებას, მაქსიმალურად იყოს დაცული ადამიანის უფლებები და თავისუფლებები, იქნეს საქართველოში გატარებული დემოკრატიული ღირებულებები, რაც არ ხდებოდა ძველი ხელისუფლების დროს... ამ ლოზუნგზე წერია: ამერიკის შეერთებული შტატები მსოფლიოში - ადამიანის უფლებათა დაცვის გარანტი." (სტილი დაცულია)

თუმცა, როგორც ჩემთან საუბარში აქციის მონაწილეებმა აღნიშნეს, უფლებათა დარღვევების წინააღმდეგ ბრძოლაში ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც მოქალაქეების აქტიურობა და საკუთარი უფლებების ცოდნაა.
XS
SM
MD
LG