Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ახალი ძალის" პრეზენტაციაზე ირინა სარიშვილი-ჭანტურია მარტო აღმოჩნდა


დროებითი ხელისუფლების ოპოზიციად მოაზრებული ახალი პოლიტიკური ძალის, ეგრეთ წოდებული "ახალი ძალის", ფორმირება ნელი და საკმაოდ რთული პროცესი აღმოჩნდა.

ალბათ, შეიძლება იმის თქმაც, რომ "ახალი ძალა" ჯერჯერობით ფიზიკურად არც კი არსებობს, იმის მიუხედავად, რომ მისი პრეზენტაცია ირინა სარიშვილ-ჭანტურიამ 10 დეკემბერს თბილისის ერთ-ერთ ყველაზე ფეშენებელურ სასტუმროში, "მარიოტში", დანიშნა. პრეზენტაციაზე ყოფილი სახელისუფლებო ბლოკის ლიდერი პოლიტიკური პარტნიორების გარეშე გამოცხადდა და ეს ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობით ახსნა - მისი თქმით, "ახალი ძალის" პოტენციური ლიდერები საჯაროდ გამოჩენას საკუთარი უსაფრთხოების მიზნით ერიდებიან.

ოპოზიციური ფრთის გასაძლიერებლად და ქვეყანაში შექმნილი ეგრეთ წოდებული დემორალიზებული ვითარების გასანეიტრალებლად მოაზრებული "ახალი ძალის" შექმნაზე საუბარი ირინა-სარიშვილ-ჭანტურიამ ეროვნულ-დემოკრატიული პარტიიდან გაძევების დღიდანვე დაიწყო. 4 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნების მიმართ ამ, როგორც ირკვევა, არარსებული ძალის პოზიციის განსასაზღვრად გასულ კვირაში სარიშვილი საგანგებოდ ეწვია აჭარის მეთაურს. ბოიკოტი - ეს იყო პოზიცია, რომელსაც სარიშვილი სწორედ ბათუმიდან ჩამოსვლის შემდეგ აფიქსირებდა. თუმცა ნაადრევი აღმოჩნდა არა მარტო არჩევნების ბოიკოტზე, არამედ თავად პოლიტიკურ ძალაზე საუბარიც. "ახალი ძალა" არ არსებობს ან, უკეთეს შემთხვევაში, ეს ირინა სარიშვილის პერსონალური პარტიაა. ყოფილი სახელისუფლებო ბლოკის სპიკერი ჯერჯერობით პოტენციურ პარტნიორებს ვერ იყოლიებს და ამის გამო თავს, მარტივად რომ ვთქვათ, უხერხულ მდგომარეობაში იგდებს. ამის დასადასტურებლად იმ ფრაზის მოშველიებაც კმარა, რომლითაც სარიშვილმა რიგით პრესკონფერენციად ქცეული დაგეგმილი პრეზენტაცია გახსნა. მიმართვა ჟურნალისტების მისამართით გაკეთდა და იგი "ახალი ძალის", ჯერ კიდევ 8 დეკემბრისთვის დაგეგმილი, პრეზენტაციის გადადების მიზეზებს ეხებოდა.

[ირინა სარიშვილის ხმა] "მე მინდა თქვენი თანდასწრებით დიდი ბოდიში მოვუხადო თამრიკო დეკანოსიძეს, რომელიც თქვენ გატყობინებთ ხოლმე პრესკონფერენციების შესახებ, რომელიც მე, ძალიან უბრალო სიტყვით რომ ვთქვათ, მოვატყუე ორი დღის წინ და ვუთხარი, რომ ვიყავი ავად და ამის გამო გადაიდო პრეზენტაცია. სინამდვილეში, ეს სიმართლე არ იყო. ორი დღის განმავლობაში მე კიდევ ვცდილობდი პრობლემების მოგვარებას, რომელიც თან ახლდა "ახალი ძალის" იმ სახით პრეზენტაციას, როგორც გვქონდა დაგეგმილი. თქვენ ჩემს გვერდით ხედავთ ორ ცარიელ სკამს. ჩვენ უნდა ვყოფილიყავით სამნი." (სტილი დაცულია)

პოლიტიკური ანგარიშსწორებით შეშინებული თანამოაზრეების დასახელებისაგან სარიშვილი თავს იკავებს, თუმცა აკეთებს მინიშნებას, რომ ისინი საკმაოდ აქტიურნი არიან და თავიანთი პოზიციის საჯაროდ დაფიქსირებას ტელეეკრანებიდან არ ერიდებიან. თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ, ირინა სარიშვილის თქმით, "ახალი ძალა" არ უნდა იყოს პოლიტიკური ორგანიზაციების გამაერთიანებელი ძალა, მაშინ უნდა ვივარაუდოთ, რომ ყოფილი სახელისუფლებო ბლოკის პოლიტიკური სუბიექტები "ახალ ძალაში" არ იგულისხმებიან. ანუ სარიშვილის მარჯვნივ და მარცხნივ მდგარ სკამებს პოლიტიკური ფიგურები დაიკავებენ და არა მოქმედი პოლიტიკური პარტიების ლიდერები. მათ საჯარო წარდგენას სარიშვილი ახლა უკვე 4 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებამდე აპირებს, თუმცა არც მოსალოდნელ მარტოობას გამორიცხავს. ასეთ შემთხვევაში, მისი თქმით, "ახალი ძალა" მაინც ამოქმედდება, რადგან ამისათვის მთავარი პირობა -საზოგადოებრივი დაკვეთა არსებობს.

ირინა სარიშვილის პრესკონფერენცია დროში ნაციონალური მოძრაობის რიგით მეორე ყრილობას დაემთხვა. ყრილობამ იგივე საზოგადოება, რომლის დაკვეთაზეც ირინა სარიშვილი მიუთითებდა, 4 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებში მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად დარაზმა. საპრეზიდენტო არჩევნები ოპოზიციისთვის დაკარგულია და ბოიკოტიც აზრს კარგავს - ასე მიიჩნევს ყოფილი სახელისუფლებო ბლოკის ექს-სპიკერი, რომელიც "ახალი ძალით", თუ ამ ძალის გარეშე, ოპოზიციას საპარლამენტო არჩევნებისთვის საერთო მიდგომების შეჯერებას ურჩევს.
XS
SM
MD
LG