Accessibility links

logo-print

სილვიო ბერლუსკონი მუდმივი ყურადღების ცენტრშია


ანდრო ეული, პრაღა იტალიის პრემიერ-მინისტრი სილვიო ბერლუსკონი, როგორც ჩანს ვერ ეგუება იმას, რომ არ იყოს მოქცეული საყოველთაო ყურადღების ცენტრში.

მას მედიის მაგნატმა და ერთ-ერთმა უმდიდრესმა ადამიანმა მთელს ევროპაში ბერლუსკონიმ, რომელიც ერთ დროს ტურისტებს ართობდა გემზე თავისი საესტრადო სიმღერებით, ახლახან გამოსცა ფირფიტა, რომელზეც მისივე შექმნილი სიმღერებია ჩაწერილი.

როგორც ჩრდილოეთი იტალიის ქალაქ ბოლცანოს ევროპული აკადემიის მკვლევარი გაბრიელ ფონ ტოგენბურგი აღნიშნავს, სილვიო ბერლუსკონი პოლიტიკაში მოსული, ეგრედ წოდებული "შოუმენების" ახალ ტიპს მიეკუთვნება [გაბრიელ ფონ ტოგენბურგის ხმა]: "იგივე ითქმის არნოლდ შვარცენეგერზეც, რომელმაც ესოდენ წარმატებას მიაღწია შეერთებულ შტატებში, აგრეთვე სხვა პოლიტიკოსებზეც, განსაკუთრებით მემარჯვენე ფრთიდან, სადაც ნახავთ ეგრედ წოდებულ თვითნასწავლ მამაკაცებს, რომლებიც დამოუკიდებლად იკაფავენ გზას".

ფონ ტოგენბურგი მოიხსენიებს ავსტრიის უკიდურესი მემარჯვენე, თავისუფლების პარტიის ლიდერს იორგ ჰაიდერსაც, რომელმაც თვითრეკლამირების საგანგებო კურსები გაიარა შეერთებულ შტატებში მას შემდეგ, რაც მისი პარტია ავსტრიის კოალიციურ მთავრობაში შევიდა.

რაც შეეხება ბერლუსკონის, ცნობილმა მოსამართლემ ანტონიო დი პიეტრომ კიდევ უფრო მეტი ყურადღების ცენტრში მოაქცია ახლახან იტალიის პრემიერ-მინისტრი. განრისხებულმა იმით, რომ ბერლუსკონიმ იმუნიტეტის გარანტია მიიღო პარლამენტში ამას წინათ გამართული კენაჭისყრის წყალობით, დი პიეტრომ თითქმის ერთი მილიონი ხელმოწერა შეაგროვა რეფერენდუმის ჩასატარებლად იმის თაობაზე, სურთ თუ არა იტალიელებს, რომ ქვეყანაში იმუნიტეტის შესახებ მიღებული კანონი გაუქმდეს.

სამ დეკემბერს, უზენაესმა სასამართლომ, რომში, კანონიერად სცნო მოსამართლე დი პიეტროს თხოვნა და საკონსტიტუციო სასამართლოს გადაუგზავნა იგი გადაწყვეტილების მისაღებად რეფერენდუმის მოწვევის, აგრეთვე იმუნიტეტის შესახებ. მოელიან, რომ საკონსტიტუციო სასამართლო ქრისტეშობის დღესასწაულამდე მიიღებს ამ საკითხზე გადაწყვეტილებას.

ვიდრე პარლამენტი ამა წლის დასაწყისში კანონს მიიღებდა იმუნიტეტის შესახებ, ბერლუსკონი სასამართლოს აძლევდა ჩვენებას წაყენებული ბრალდების თაობაზე, რომ მან, ქრთამით მოისყიდა მოსამართლეები და ამ გზით, ადრე გასაჩივრებული საქმე მოიგო.

მეორე გახმაურებულ ისტორიაშია გახვეული ბერლუსკონი
იმასთან დაკავშირებით, რომ იტალიის პარლამენტმა 2 დეკემბერს ახალი კანონი მიიღო მას მედიის შესახებ. მისი მომხრეები აცხადებენ, რომ ეს კანონი უფრო მოქნილს გახდის მედიას, როცა სატელევიზიო კომპანიები რადიოსადგურებისა და გამომცემლობების შესყიდვას შესძლებენ. ბერლუსკონის კომპანია "ფინინვესტი" უკვე ფლობს გაერთიანება "მედიასეტს", რომელშიც სამი კერძო ტელეარხი შედის. გარდა ამისა, როგორც პრემიერ-მინისტრი, ბერლუსკონი კონტროლს უწევს ქვეყნის სახელმწიფო ტელევიზიასა და რადიოსადგურ "რაის", ხოლო მისი გამომცემლობა "მონტადორი" უდიდესია მთელს იტალიაში.

ყოველივე ამის ფონზე, 2 დეკემბერს მიღებული კანონის მოწინააღმდეგეები აცხადებენ, რომ თუ კომპანიებს: "მედიასეტსა" და "მონტადორის" მიეცემა უფლება რადიო - და პრესის საშუალებებსაც დაეუფლონ, ეს კიდევ უფრო შეზღუდავს იტალიაში ინფორმაციის თავისუფლებას.

ოპოზიციამ იტალიის პრეზიდენტს კარლო აძელიო ჩამპის მოუწოდა არ მოაწეროს ხელი ახალ კანონს, რაც 30 დღის განმავლობაში უნდა მოხდეს, არამედ უკანვე დაუბრუნოს პარლამენტს. ჩამპის ჯერაც არ მიუღია გადაწყვეტილება ამ საკითხზე.

2 დეკემბერს მიღებული კანონის მოწინააღმდეგეები ცდილობენ ევროპის კავშირი ჩართონ ამ უთანხმოებაში იმის გამოსაძიებლად, რამდენად გამართლებულია იტალიაში მას მედიის საშუალებებზე ძალაუფლების ამგვარი მონოპოლიზაცია.
XS
SM
MD
LG