Accessibility links

logo-print

რა როლი მიუძღვით აშშ-სა და რუსეთს საქართველოში მომხდარ ''ვარდების რევოლუციაში''?


ანდრო ეული, პრაღა ედუარდ შევარდნაძის გადადგომით გამოწვეულმა ეიფორიამ თანდათანობით იკლო და ახლა ყველას ფიქრი საქართველოს ხვალინდელ დღეს უკავშირდება.

ქვეყნის ამჟამინდელი ლიდერები აცხადებენ, რომ კარგ ურთიერთობას შეინარჩუნებენ როგორც მოსკოვთან, ისე ვაშინგტონთანაც, რაც რეგიონში სტაბილურობის გარანტი იქნება. რუსეთი და აშშ, თავიანთ მხრივ, თანამშრომლობას აღუთქვამენ ახალ ხელმძღვანელობას თბილისში, თუმცა უკანასკნელ დღეებში ამ ორ ზესახელმწიფოს შორის სიტყვიერი შეხლა-შემოხლაც მოხდა. რა სიურპრიზებია მოსალოდნელი ამ სამმხრივ ურთიერთობაში?

გაზეთ "კომსომოლსკაია პრავდისთვის" გასულ კვირაში მიცემულ ინტერვიუში, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იგორ ივანოვმა განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა აქტიური როლი შეასრულა ედუარდ შევარდნაძის გადადგომაში. ივანოვი არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ თბილისის ქუჩებში გამართული საპროტესტო გამოსვლები, ფაქტობრივად, იყო "რევოლუცია", რომელიც 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნების მოურიდებელი გაყალბებით აღშფოთებულმა ხალხმა მოაწყო.

"საკმარისად მოიპოვება იმის დამადასტურებელი ფაქტები, რომ ყოველივე ეს სპონტანურად არ მომხდარა", - თქვა რუსმა დიპლომატმა და დასძინა, რომ აშშ-ის არასამთავრობო ჯგუფებმა და მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა აქტიური როლი შეასრულეს საქართველოში მომხდარ პოლიტიკურ არეულობაში.

გადადგომის შემდეგ, უცხოელი ჟურნალისტებისთვის მიცემულ პირველ ინტერვიუში თავად შევარდნაძემ განაცხადა, რომ ამერიკელმა მოკავშირეებმა მას "უღალატეს". "ეს არ ყოფილა სახალხო რევოლუცია. ეს იყო გადატრიალება, შენიღბული უდიდესი მანიფესტაციით, რაც კი ოდესმე უნახავს თბილისსო", - წერდა გასულ კვირაში ბრიტანეთის ყოველდღიური "გარდიანი".

რამდენად დაეხმარნენ სხვა ქვეყნები ქართულ ოპოზიციას შევარდნაძის ჩამოგდებაში, პოლემიკის საგნად რჩება. თუმცა, მრავლად მოიპოვება ნიშნები იმის სავარაუდოდაც, რომ საქართველოში მომხდარ პოლიტიკურ ძვრებში ორივე ზესახელმწიფოს მიუძღვის წვლილი.

ბრიუსელში მოქმედი საერთაშორისო კრიზისული ჯგუფის კავკასიის პროექტის დირექტორის დამიენ ელის აზრით, თუმცა ჯერჯერობით არ დადასტურებულა, რომ შევარდნაძის დამხობაში ვაშინგტონმა მართლაც აქტიური როლი შეასრულა, როგორც მოსკოვი ამტკიცებს, მაგრამ ლიდერები მოსკოვშიც და ვაშინგტონშიც კარგა ხანია ელოდნენ თბილისში რეჟიმის შეცვლას.

[დამიენ ელის ხმა]: "ორივე ზესახელმწიფო, გარკვეულწილად შეურიგდა ოპოზიციური ძალების მიერ შევარდნაძის გადაყენებას და არაფერი მოიმოქმედა ამის საწინააღმდეგოდ. ორივეს ხელს აძლევდა შევარდნაძის რეჟიმის დამხობა - რუსებს იმიტომ, რომ შევარდნაძე განაგრძობდა ამერიკელებთან ფლირტს, ხოლო ამერიკელებს იმიტომ, რომ ყელში ამოუვიდათ შევარდნაძის კორუმპირებული რეჟიმი და ედუარდ შევარდნაძის ბალანსირებული პოლიტიკა რუსეთთან მიმართებაში. რუსებიცა და ამერიკელებიც, თქმა არ უნდა, 2005 წელს ელოდნენ რეჟიმის შეცვლას საქართველოში, მაგრამ მათი გეგმები ჩაიშალა."

თომას დე ვაალი კავკასიის პროექტს ხელმძღვანელობს ლონდონის ომისა და მშვიდობის ინსტიტუტში. ბრიტანელი მკვლვარი დარწმუნებულია, რომ რუსეთი და შეერთებული შტატები შეთანხმდნენ, საქართველოში მიმდინარე კრიზისის პერიოდში დროებით დაევიწყებინათ თავიანთი ტრადიციული მეტოქეობა, რითაც შევარდნაძის მეტოქეებს მიზნის მიღწევა "საგრძნობლად გაუადვილეს".

[თომას დე ვაალის ხმა]: "საინტერესო ის იყო, როგორ ესაუბრებოდნენ ერთმანეთს ვაშინგტონი და მოსკოვი ამ უკანსკნელი კრიზისის დროს. ვიცით, რომ კონდოლიზა რაისი ივანოვს დაუკავშირდა, ვიდრე ეს უკანასკნელი თბილისს გაემგზავრებოდა საშუამავლოდ. ისიც ვიცით, რომ კოლინ პაუელი ტელეფონით დაუკავშირდა თბილისში შევარდნაძესთან მოსალაპარაკებლად ჩასულ ივანოვს. ასე რომ, ვფიქრობ ადგილი ჰქონდა შეთანხმებას ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის, რომ შევარდნაძე უნდა წავიდეს, და ორივე მხარეს შევარდნაძის მშვიდობიანი გადადგომა აძლევდა ხელს."

იმ დროს, როცა შეერთებული შტატების ოფიციალური წარმომადგენლები ხმამაღლა აკრიტიკებდნენ 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს, იმავე ადამიანებმა ბევრად უფრო ფრთხილი კრიტიკა გამოთქვეს საქართველოს მეზობელ აზერბაიჯანში 15 ოქტომბერს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების მსვლელობისას დაშვებული ბევრად უფრო აშკარა დარღვევების გამო. რამდენად სტაბილური გამოდგება ამერიკა-რუსეთის ტაქტიკური შეთანხმება სამხრეთ კავკასიაში, მომავალი გვიჩვენებს.
XS
SM
MD
LG