Accessibility links

logo-print

ფართომასშტაბიანი ბრძოლა კორუფციისა და კონტრაბანდის აღმოსაფხვრელად


საქართველოს უშიშროების სამინისტროს ანტიტერორისტული ქვედანაყოფი ხუთშაბათს ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში, სოფელ მეღვრეკისში, განლაგდა.

ახალი ანტიკრიმინალური ოპერაციით საქართველოს გარდამავალი ხელისუფლება ცდილობს გზა გადაუკეტოს კონტრაბანდულ საქონელს, რომელიც უხვად მოედინება რუსეთიდან. პარალელურად თბილისის პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა კონტროლის პალატის იმ პასუხისმგებელ მუშაკებზე, რომლებსაც, გამოძიებით, ენერგეტიკის სფეროში გამოვლენილი მსხვილი საფინანსო დანაშაულებების მიმალვა ედებათ ბრალად.

საქართველოს პროკურატურამ, რომელიც კორუფციასთან ბრძოლით აქამდე დიდად არ იწუხებდა თავს, ნოემბრის "ხავერდოვანი რევოლუციის" შემდეგ ყოფილი ხელისუფლების დროს ჩადენილი მსხვილი საფინანსო-სამეურნეო დანაშაულებების გამოვლენა ერთი მეორის მიყოლებით დაიწყო. რაკი გარდამავალი ხელისუფლების წევრებს და პრეზიდენტობის კანდიდატ მიხეილ სააკაშვილს ყველაზე მეტად ქვემო ქართლის ყოფილი გუბერნატორისა და მისი სამეურნეო აქტივის კორუმპირებულობა აქვთ სალაპარაკოდ, პროკურატურის მუშაკებიც, პირველ ყოვლისა, სწორედ ამ მიმართულებით გაისარჯნენ. ხუთშაბათს ცნობილი გახდა, რომ გენერალურმა პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება "კვარციტის" გენერალური დირექტორის ლევან მამალაძის ხაზინადრად ცნობილ ზურაბ ლობჟანიძის წინააღმდეგ, რომელსაც დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების დატაცება და თანამდებობის ბოროტად გამოყენება ედება ბრალად.
თბილისის პროკურატურამ კი კონტროლის პალატას შეუტია, რომლის ყოფილი ხელმძღვანელი სულხან მოლაშვილი დღევანდელი სახელისუფლებო სამეულის პოლიტიკურ ოპონენტად ითვლებოდა. თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსის ვალერი გრიგალაშვილის განცხადებით, კონტროლის პალატის ხელმძღვანელობა მალავდა იმ შემოწმების აქტებს, რომლებშიც ქართულ ენერგეტიკაში გამოვლენილი დიდი რაოდენობით საბიუჯეტო თანხების დატაცება იყო დაფიქსირებული.

[ვალერი გრიგალაშვილის ხმა]

თბილისის გარდა, ამ დღეებში ყურადღების ცენტრშია ცხინვალთან ახლოს მდებარე ერგნეთის ტერმინალი, რომელიც ქართველი კონტრაბანდისტების მთავარ მასაზრდოებელ არტერიას წარმოადგენს. იქ ანტიკონტრაბანდისტული ბრძოლის კაპმანიას სათავეში ჩაუდგა მხარის ახალი გუბერნატორი და მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთი აქტიური თანამებრძოლი ირაკლი ოქრუაშვილი, რომელსაც ოთხშაბათს, გვიან ღამით, თბილისიდან უშიშროების სამინისტროს ანტიტერორისტული ქვედანაყოფის გამოძახებაც კი მოუხდა. ანტიკონტრაბანდისტულ-სამძებრო ოპერაცია 11 დეკემბერს შუადღისთვის დასრულდა. აღმოჩენილი და დაპატიმრებულია ასი ტონა პურის ხორბლით დატვირთული რამდენიმე სატვირთო ავტომანქანა, რომელსაც ოსი ეროვნების მძღოლები მართავდნენ. გუბერნატორი ოქრუაშვილი კონტრაბანდის მფარველად ყოფილი საკანონმდებლო ხელისუფლების წევრს, ჯოჯიშვილს, ასახელებს.

[ირაკლი ოქრუაშვილის ხმა]

თავად ჯოჯიშვილი უარყოფს ბრალდებას და აცხადებს, რომ მას სავსებით ლეგალურად შემოჰქონდა ხორბალი და პატიოსნად იხდიდა ტვირთის განბაჟებისთვის დადგენილ საფასურს. საპასუხო თავის მართლებისთვის ემზადება კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარე სულხან მოლაშვილი, რომლის ხელმძღვანელობის პერიოდში დაშვებულ შეცდომებზე, როგორც ზემოთ ვთქვით, თბილისის პროკურატურამ გამოძიება დაიწყო. მოლაშვილი აპირებს პარასკევს საგანგებო პრესკონფერენციაზე საჯაროდ უპასუხოს ბრალდებებს და არ არის გამორიცხული, რომ პროკურატურის მისამართით შემხვედრი, ხმაურიანი ბრალდებებითაც გამოვიდეს.
XS
SM
MD
LG