Accessibility links

logo-print

რას იგებს და რას კარგავს სეპარატისტული რეჟიმების მხარდაჭერით რუსეთი სამხრეთ კავკასიაში


რუსეთის მხრიდან საქართველოს კიდევ ერთი ავტონომიური სუბიექტის - აჭარის - მიმართ გამარტივებული სავიზო რეჟიმის შემოღების ფაქტმა

ქართულ-რუსული, პერმანენტულად დაძაბული, ურთიერთობები კიდევ უფრო არაპროგნოზირებადი გახადა. საქართველოს გარდამავალმა ხელისუფლებამ დიპლომატიურ დემარშს მიმართა და შემდგომი კონსულტაციებისთვის თბილისში გამოიძახა სქართველოს ელჩი რუსეთის ფედერაციაში. ამასთან, საქართველოს სეპარატისტული რეჟიმებისთვის კრემლის უაპელაციო მხარდაჭერას გულგრილი არც ზოგიერთი ცნობილი რუსი სამხედრო ექსპერტი დაუტოვებია, რომლებიც ფიქრობენ, რომ ამგვარი პოლიტიკით რუსეთი საბოლოოდ დაკარგავს მეგობრებს სამხრეთ კავკასიაში. ამ საკითხის ირგვლივ თავისი მოსაზრებები გაგვიზიარა ცნობილმა სამხედრო ექსპერტმა პაველ ფელგენჰაუერმა.

რუსეთის სახელმწიფო დუმის 7 დეკემბრის არჩევნებში პროსახელისუფლებო და ნაციონალისტური ძალების გამარჯვება საქართველოსთვის კიდევ ერთი არამეგობრული ნაბიჯით, თბილისთან შეუთანხმებლად აჭარის რეგიონის მცხოვრებლებისთვის გამარტივებული რეჟიმის შექმნით, აღინიშნა. ნიშანდობლივია, რომ აქამდე გამარტივებული სავიზო რეჟიმი მოქმედებდა მხოლოდ ცხინვალისა და აფხაზეთის ტერიტორიაზე, რომელთა სეპარატისტული მთავრობები არ აღიარებენ საქართველოს იურისდიქციას. რუსეთის საკანონმდებლო ორგანოში ნაციონალისტური ძალების მოსვლას ინგლისურენოვან ჟურნალ "მოსკოუ ტაიმსში"საგანგებო სტატია მიუძღვნა დამოუკიდებელმა სამხედრო ექსპერტმა პაველ ფელგენჰაუერმა. რუსმა ექსპერტმა ჩვენთან საუბარში აღნიშნა, რომ ნაციონალისტებს ყოველთვის აქვთ ცთუნება, აღადგინონ ძველი კავშირი, ასეთი რეინტეგრაციის მთავარ ინსტრუმენტად კი სამხედრო ბაზები და სეპარატისტული რეჟიმების მხარდაჭერა მიაჩნიათ. თუმცა, ფელგენჰაუერის თქმით, ასეთი ინტეგრაციისთვის რუსეთს არანაირი ძალა და რესურსი არ გააჩნია:

[პაველ ფელგენჰაუერის ხმა] "ჩვენთან, რუსეთში, ნაირნაირი იდეები არსებობს; გამოითქმებოდა აზრიც, რომ აი, ამერიკა ჩაეფლო ერაყში, ევროპა კი ამერიკის წინააღმდეგ ერაყის საკითხში აღმოჩენილი დახმარებისთვის სამუდამოდ მადლიერია რუსეთისა; რომ პუტინი ყველა ევროპელი ლიდერის მეგობარია და დადგა დრო, რომ რუსეთმა აღადგინოს თავისი უპირობო გავლენა, თუ დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის მთელ სივრცეზე არა, მის ნაწილზე მაინც. მაგრამ ეს ძალიან დიდი შეცდომაა. ჯერ ერთი, რუსეთს ამისთვის საჭირო არც ეკონომიკური, არც პოლიტიკური და არც სამხედრო ძალა არ მოეპოვება. გარდა ამისა, ეს მცდელობა წააწყდება სასტიკ წინააღმდეგობას დასავლეთისა და ყოფილი საბჭოთა ქვეყნების ელიტის მხრიდან, რომელსაც არ სურს რუსეთთან ინტეგრირება. ეს საკმაოდ სულელური პოლიტიკაა, მაგრამ იგი ახლა დომინირებს რუსეთში."

პაველ ფელგენჰაუერის თქმით, სწორედ დასავლეთის მხრიდან მკაცრი ზეწოლის გამო ვერ მოახერხა რუსეთმა მოლდოვეთისთვის თავს მოეხვია ხელშეკრულება, რომელიც ამ ქვეყნის სამ დამოუკიდებელ სუბიექტად - დნესტრისპირეთად, გაგაუზიად და საკუთრივ მოლდოვეთად გაყოფას ითვალისწინებს. სამხედრო ექსპერტის თქმით, იგივე წინააღმდეგობა მოჰყვება რუსეთის მცდელობას საქართველოს ხელისუფლებაში მოიყვანოს კრემლის ინტერესების გამტარებელი პოლიტიკური ძალა, "ჯანსაღი ძალა", როგორც მას რუსეთში მოიხსენიებენ. თანაც, საქართველოს წინააღმდეგ კრემლის მხრიდან ნებისმიერი ძალისმიერი ბერკეტის ამოქმედების მცდელობა და იმის იმედზე ყოფნა, რომ აჭარასა და ახალქალაქში განლაგებული მცირე სამხედრო ბაზებით მოსკოვი შეცვლის სამხედრო-პოლიტიკურ სურათს რეგიონში, ფელგენჰაუერის აზრით, შესაძლოა, სამხრეთ კავკასიაში ნატოს ჯარების შემოყვანითაც დასრულდეს:

[პაველ ფელგენჰაუერის ხმა] "რუსეთში ანგარიშს არ უწევენ იმ გარემოებას, რომ სულ ახლოს იმყოფება თურქეთის მესამე საველე არმია. რუსეთის ნებისმიერი მცდელობა ძალის გამოყენებით მოიყვანოს თბილისში "ჯანსაღი ძალები", საკმაოდ სერიოზულ წინააღმდეგობას წააწყდება და მე არსებითად არც იმას გამოვრიცხავ, რომ საქართველოში ნატოს სამშვიდობო ძალები გამოჩნდეს. ეს შეიძლება იყოს ამერიკული დახმარებით შექმნილი თურქეთის კონტინგენტი. ამისთვის საკმარისია აღმოსავლეთ ანატოლიიდან გადმოსროლილი იქნეს იქ განლაგებული სამხედრო ძალების მცირე ნაწილი, რომელიც უეცრად შეიწოვს საქართველოში არსებულ რუსულ სამხედრო ძალას. ანუ მოსკოვში თითქმის არ ითვალისწინებენ იმ ფაქტორს, რომ საქართველოს გვერდით არის ძლიერი სამხედრო სახელმწიფო, რომელიც სამხედრო ძალით რუსეთს ათჯერ აღემატება აღნიშნულ რეგიონში და რომლისთვისაც ჩვენი პატარ-პატარა გარნიზონები არაფერს წარმოადგენს."

რუსი ექსპერტი სახიფათო დაბნეულობას უწოდებს 23 ნოემბის თბილისის მოვლენების გამო რუსეთის პოლიტიკურ წრეებში დამკვიდრებულ აზრს საქართველოს მცირე სახელმწიფოებად დაშლის შესახებ. ამ აზრს რუსეთის საინფორმაციო საშუალებები განსაკუთრებით ხშირად იმეორებდნენ ნოემბრის ბოლოს მოსკოვში მიმდინარე იმ კონსულტაციების ფონზე, რომელშიც აჭარის, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ლიდერები ღებულობდნენ მონაწილეობას. პაველ ფელგენჰაუერი დარწმუნებულია, რომ საქართველოს პერმანენტული დაშლა, რაზეც ბევრი ვინმე ფიქრობს რუსეთში, არ მოხდება და რომ რუსეთის გრძელვადიანი სახელმწიფოებრივი ინტერესებისთვის უფრო გონივრულია არა სეპარატისტული რეჟიმების მხარდაჭერა, არამედ იმ პოლიტიკურ ლიდერებთან თანამშრომლობა, რომლებიც საქართველოს ხელისუფლებაში "ხავერდოვანი რევოლუციის" შემდეგ მოვიდნენ:

[პაველ ფელგენჰაუერის ხმა] "მე ვფიქრობ, ყოველგვარი სეპარატისტული მოძრაობების მხარდაჭერასა და სამსახურის გაწევას ასლან აბაშიძისთვის, რომელსაც იმედი აქვს, რომ ამის შედეგად საქართველოს ხელისუფლებას ჩაუდგება სათავეში, აჯობებს მოსკოვმა სწორედაც რომ იმ ძალებს დაუჭიროს მხარი, რომელთაც სურთ ააშენონ უფრო მოქმედი და ნაკლებად კორუმპირებული ქვეყანა, ვიდრე ეს შევარდნაძის დროს იყო. ამაშია რუსეთის ინტერესი და ასეთი პოლიტიკით ის თავის გავლენას ამიერკავკასიაში გაცილებით გრძელვადიანი პერსპექტივით შეინარჩუნებს, ვიდრე იმით, რომ ისარგებლოს საქართველოს წინაშე მდგარი პრობლემებით და სიტუაციის დესტაბილიზებით შეეცადოს მას რაღაც ნაწილები წაგლიჯოს."

ეს იყო ინტერვიუ ცნობილ რუს სამხედრო ექსპერტ პაველ ფელგენჰაუერთან. აქვე არ შეიძლება არ აღინიშნოს, რომ ასეთ მოსაზრებებს, რომელიც რუსმა ექსპერტმა გაგვიზიარა, სულ უფრო ნაკლები მომხრე ეყოლება ახალ სახელმწიფო სათათბიროში.
XS
SM
MD
LG