Accessibility links

logo-print

ერაყის აღდგენის პროცესში აშშ ქვეყნებს კოალიციასთან კუთვნილების მიხედვით სჯის


თვეების მანძილზე შეერთებული შტატების ადმინისტრაციაცა და პრეზიდენტიც მიანიშნებდნენ, რომ ქვეყნები, რომლებიც ერაყში საომარი მოქმედებების დაწყებას ეწინააღმდეგებოდნენ,

თავიანთი წინააღმდეგობის საფასურს გადაიხდიდნენ. ამის ერთგვარ დასტურად იყო აღქმული შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის მიერ იმ ქვეყნების სიის გამოქვეყნება, რომლებსაც ერაყის აღდგენის პროცესში ძირითადი კონტრაქტების გაფორმების უფლება აქვთ. ამ ქვეყნების სიაში არ აღმოჩნდნენ კანადა, საფრანგეთი, გერმანია და რუსეთი, ის სახელმწიფოები, რომლებიც ერაყში ომის დაწყების წინააღმდეგნი იყვნენ. მიმომხილველები ფიქრობენ, რომ შტატების ამგვარი პოლიტიკა მისსავე ინტერესებს ავნებს, იმავე ერაყში.

ბრიტანეთის, იტალიის, პოლონეთისა და ესპანეთის, ანუ იმ ქვეყნების კომპანიები, რომლებიც შეერთებული შტატების მოკავშირეები არიან ერაყის ომში, შეძლებენ დიდი ნაწილის მოპოვებას იმ 18 მილიარდი დოლარიდან, რომლის დახარჯვასაც შეერთებული შტატები ერაყის აღდგენისთვის გეგმავს. მაგრამ ამ რპოცესში მონაწილეობას ვერ მიიღებენ კანადა, საფრანგეთი, გერმანია და რუსეთი.

საკითხის განმარტებისთვის: სია, რომელიც პენტაგონმა შეადგინა აქტუალურია ერაყის აღდგენის ძირითადი პროქეტებისთვის. რაც შეეხება სხვა - მეორად კონტრაქტებს, იქ არავითარი შეზღუდვა არ არის და იმავე რუსეთის კომპანიებსაც ექნებათ საშუალება თავიანთი წვლილი შეიტანონ ერაყის აღდგენაში.

თეთრი სახლის პრეს-მდივნის სკოტ მაკკლელანის განმარტებები კიდევ უფრო მეტ საფუძველს სძენს პენტაგონი გადაწყვეტილებით უკმაყოფილო ქვეყნების ლიდერების აღშფოთებას. კერძოდ მაკკლელანმა განაცხადა:

[მაკკლელანის ხმა] "მართებულად მიმაჩნია ის, რომ შეერთებული შტატების გადასახადის გადამხდელთა მიერ დაფინანსებული ძირითადი კონტრაქტების განხორციელების უფლება მიენიჭოთ სწორედ იმ ქვეყნებს, რომლებიც თავიდანვე შეერთებულ შტატებთან და ერაყის ხალხთან ერთად იყვნენ და ვისი სამხედრო ძალებიც დღეს ერაყში იმყოფება".

ამასთან, თეთრი სახლის პრეს-მდივანმა იმედი არ გადაუწურა იმ ქვეყნებს, რომლებიც ერაყის აღდგენის ძირითადი კონტრაქტორების სიაში ვერმოხვედრის სინანულით მომავალში მაინც გადაწყვეტს შეუერთდეს ერაყში მოქმედ კოალიციას:

[მაკკლელანის ხმა] "თუკი ზოგიერთი ქვეყანა გადაწყვეტს მონაწილეობა მიიღოს ერაყში კოალიციის ძალების მოქმედებებში, პირობები შეიძლება შეიცვალოს კიდეც".

პენტაგონის გადაწყვეტილების გამო აღშფოთება გამოხატა ევროკომისიამ. მისმა წარმომადგენელმა რეიო კემპინენმა ბრიუსელში განაცხადა:

[კემპინენის ხცმა] "ძლიერ შეშფოთებას გამოვთქვამთ აღნიშნული გადაწყვეტილების გამო. მიგვაჩნია, რომ ის მიუღებელი და გაუმართლებელია. მეტიც - ეს არის პოლიტიკური შეცდომა, რადგან პენტაგონის გადაწყვეტილება არის ყველაზე საზიანო სიგნალი იმ დროს, როცა საერთაშორისო საზოგადოებრიობა კონსტრუქციულად მუშაობს ერაყის ღია, გამჭვირვალე, დემოკრატიულ და მდიდარ ქვეყნად გადაქცევისთვის".

ბერლინში მყოფმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იგორ ივანოვმა, კი, რომელიც, ალბათ, კარგად არ იცნობდა პენტაგონის დოკუმენტს, ოთხშაბათს განაცხადა, რომ "არც რუსეთს, არც გერმანიას და არც რომელიმე სხვა ქვეყანას არ მიუღია არავითარი ოფიციალური შეტყობინება ერაყში ეკონომიკურ თანამშრომლობასთან დაკავშირებით რაიმე შეზღუდვების შესახებ. საინფორმაციო სააგენტოებმა გაავრცელეს ამერიკის ადმინისტრაციის ერთერთი წარმომადგენლის ნათქვამი. ბუნებრივია, ჩვენ ეს ჯერ ოფიციალური არხებით უნდა შევამწომოთ". იგორ ივანოვმა აღნიშნა, რომ ერაყში დღესაც მუშაობენ რუსეთის კომპანიები და გამოთქვა იმედი, რომ ეს თანამშრომლობა გაფართოვდება. თუმცა, როგორც მოგახსენეთ, ივანოვის ეს განცხადება არაადეკვატური გახლდათ, მისი ნაჩქარეობის გამო.

რაც შეეხება ზიანს, რომელზეც მიმომხილველები საუბრობენ, ამის კარგ ილუსტრაციად ვაშინგტონში მოქმედი სტრატეგიისა და საერთაშორისო კვლევის ცენტრის ექსპერტის საიმონ სერფატის ნათქვამი გამოდგება:

[სერფატის ხმა] "მოსურნეთა კოალიციის წევრობის საყოველთაო აღდგნის პროცესთან დაკავშირებით შტატები წარმოაჩენს კოალიციის მოქმედების მოგების მოტივაციას, რაც, გულახდილად რომ ითქვას, დამაბნეველი და წარუმატებლობისთვის განწირული ნაბიჯია".

პენტაგონის გადაწყვეტილებით უკმაყოფილო მიმომხილველთა ამოსავალი ის არის, რომ შტატები მოკავშირეებთან ახალ კონფლიქტებში კი არ უნდა ებმებოდეს, არამედ მათთან დღემდე გაფუჭებული ურთიერთობის გამოსწორებას უნდა ცდილობდეს.
XS
SM
MD
LG