Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირის სამიტი ბრიუსელში


ანდრო ეული, პრაღა პარასკევს 12 დეკემბერს ბრიუსელში გაიხსნა ევროპის კავშირის ლიდერთა შეხვედრა უმაღლეს დონეზე,

რომელიც ამ კავშირის პირველი კონსტიტუციის პროექტის განხილვას ეძღვნება. 25 სახელმწიფოს ლიდერები ევროკავშირის ქარტიაზე უნდა შეთანხმდნენ, ან არადა, ხელმოცარულებს მოუხდებათ ბრიუსელიდან შინ დაბრუნება.


ბრიუსელში მიმდინარე ფორუმის მონაწილეები იხილავენ დოკუმენტს, რომელმაც რადიკალურად უნდა შეცვალოს ევროკავშირის ძირითადი სტრუქტურების საქმიანობა, რაც აუცილებელია ამ კავშირის მოახლოებულ გაფართოებასთან დაკავშირებით. კავშირის წევრებს შესათანხმებელი აქვთ რამდენიმე საკითხი, მათ შორის კენჭისყრის პროცედურაში ცვლილებების შეტანის, თავდაცვის ერთიანი პოლიტიკის, რამდენიმე წევრის ტრადიციული ნეიტრალიტეტის შენარჩუნების, აგრეთვე იმის შესახებაც, უნდა იყოს თუ არა ახალ კონსტიტუციაში მოხსენიებული ღმერთი.

ახალი კონსტიტუციის მიღება აუცილებელია, ვინაიდან 1 მაისს ევროკავშირს 10 ახალი წევრი დაემატება, რაც 450 მილიონამდე გაზრდის მის მოსახლეობას, და ევროკავშირი უკვე, შეერთებულ შტატებზე დიდი და მდიდარიც გახდება. ახალი კონსტიტუცია მჭიდრო თანამშრომლობას ითვალისწინებს კავშირის წევრ-ქვეყნებს შორის თავდაცვის, საგარეო პოლიტიკის, იმიგრაციისა და სხვა სფეროებში.
იტალიის პრემიერ-მინისტრმა სილივიო ბერლუსკონიმ, რომელიც ბრიუსელში მიმდინარე სამიტს თავმჯდომარეობს, ამ ფორუმს, "ევროპის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი" უწოდა. თუმცა მისივე თქმით, მოხდება "სასწაული ", თუკი
შეხვედრის მონაწილენი სამდღიანი მოლაპარაკების დროს მიაღწევენ საბოლოო შეთანხმებას.

ყველაზე საკამათო საკითხად რჩება კენჭისყრის პროცედურაში შესწორების შეტანა, როცა ესა თუ ის გადაწყვეტილება ევროკავშირში მხოლოდ მაშინ იქნება მიღებული, თუ მას ის ქვეყნები დაუჭერენ მხარს, რომლებზეც ევროკავშირის საერთო მოსახლეობის სულ ცოტა 60 პროცენტი მოდის. ამ შესწორებას საფრანგეთი და გერმანია უჭერენ მხარს. ხოლო პოლონეთსა და ესპანეთს მიაჩნიათ, რომ ხსენებული შესწორების მიღება უსამართლო იქნებოდა პატარა ქვეყნების მიმართ. პოლონეთის პრეზიდენტი ალექსანდრ კვაშნევსკი ვეტოს დადებით ემუქრება ახალი კონსტიტუციის მიღებას. ამასთან დაკავშირებით, გერმანიის კანცლერმა გერჰარდ შრიოდერმა პოლონეთს ურჩია, ვეტოს გამოცხადებით არ დაიწყოს თავისი წევრობა ევროკავშირში.

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს ტონი ბლერს მიაჩნია, რომ შეთანხმების მიღწევა ევროკავშირის ახალი კონსტიტუციის თაობაზე არ იქნება ადვილი, ვინაიდან ცალკეულ ქვვეყნებს მკვეთრად განსხვავებული პოზიციები უკავიათ რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხში. ჟურნალისტებთან შეხვედრისას, ბრიუსელში, ბრიტანეთის პარემიერ-მინისტრმა განაცხადა [ტონი ბლერის ხმა]: "მოლაპარაკება აქ, ძნელი, მეტად რთული იქნება, ვინაიდან პოზიციები მკვეთრად განსხვავებულია, და ვფიქრობ, ყველას კარგად ესმის, რომ შეთანხმებას მხოლოდ მაშინ ექნება აზრი, თუკი ამ შეთანხმებით, ევროპის კავშირი, ქმედითად და ეფექტიანად მიუდგება ხალხისათვის მართლაცდა საჭირბოროტო პრობლემებს".

პარასკევს, ევროკავშირის ლიდერებმა ბრიუსელში მოიწონეს შეთანხმება თავდაცვის შესახებ, რომელიც არსებითად გააძლიერებს ამ კავშირის სამხედრო პოტენციალს. მოწონებულ იქნა ასევე გეგმა 62 მილიარდი ევროს გამოყოფის შესახებ, რაც ევროკავშირის ეკონომიკის გამოცოცხლების მიზნით ეგრედ წოდებული პრიორიტეტული პროექტების განხორციელებას მოხმარდება მომავალი სამი წლის განმავლობაში. "ესაა ეკონომიკის სფეროში გადადგმული პირველი ქმედითი ნაბიჯი ევროპის კავშირში დღიდან მისი დაარსებისა" - განაცხადა სილვიო ბერლუსკონიმ. ბრიუსელში მიმდინარე ფორუმის მონაწილეებმა ევროკავშირში სრულუფლებიანი გაწევრიანება აღუთქვეს ბულგარეთსა და რუმინეთს 2007 წლის იანვარში, თუ ამ ქვეყნებში რეფორმისტული პროცესი გაგრძელდება.
XS
SM
MD
LG