Accessibility links

ყოველკვირეული რადიოჟურნალი


517-ე გამოშვება


ძვირფასო რადიომსმენელებო, გადაცემის მომდევნო ნაწილს, როგორც ყოველთვის "მეათე სტუდიიდან" გთავაზობთ და ყოველკვირეულ რადიოჟურნალს დღეს დავუთმობთ მიხეილ სააკაშვილის საიმიჯო გამოსვლის ანალიზს, ვისაუბრებთ შიშზე, რომელსაც ზოგჯერ საზოგადოების მანიპულაციის საშუალებად იყენებენ; გიამბობთ აგრეთვე ამერიკა-საქართველოს ბიზნეს-საბჭოს მორიგ კონფერენციაზე და ერთ გლობალურ საკითხზეც ვიმსჯელებთ: გამოვეხმაურებით დისკუსიას საინფორმაციო ტექნოლოგიის მომავლის შესახებ. "მეათე სტუდია", როგორც ყოველთვის, არც დღეს ჩაივლის კულტურის თემების გარეშე. ამჯერად ვისაუბრებთ დიდ ყირგიზ მწერალზე, ჩინგიზ აიტმატოვზე, რომელსაც 75 წელი შეუსრულდა და გამოვეხმაურებით კუბელი პიანისტის, რუბენ გონსალესის გარდაცვალებას.
[მუსიკა]

მიხეილ სააკაშვილის საიმიჯო გამოსვლა

წამყვანი:
თბილისის სპორტის სასახლეში გამართულ ნაციონალური მოძრაობის ყრილობაზე პრეზიდენტობის კანდიდატის, მიხეილ სააკაშვილის გამოსვლა პირველ საპროგრამო გამოსვლად ჩათვალეს. თუმცა, ჩვენი კოლეგის, დავით პაიჭაძის აზრით, ეს უფრო საიმიჯო გამოსვლა იყო, რომლის შეფასებაც ნაირგვარად შეიძლება.

დავით პაიჭაძე:
მიხეილ სააკაშვილის 10 დეკემბერს გამოთქმული აზრები, ფრაზები და აქცენტები უწინარესად მიმართული იყო არა იმათკენ, ვინც პრეზიდენტობის ფავორიტ კანდიდატს თავის თანამოაზრედ აღიქვამს, არამედ საზოგადოების, რაც შეიძლება, დიდი ნაწილისაკენ, რომლის ხმების შემოკრებაც, ეჭვშეუვალი ლეგიტიმაციისათვის, უაღრესად სჭირდება მიხეილ სააკაშვილს. საპროგრამო სააკაშვილის სიტყვაში არაფერი იყო: წარმოუდგენელია, რევოლუციის შემდგომ ტალღაზე გამოხვიდე 10 ათასი ადამიანის წინაშე და ელაპარაკო ლიბერალურ ღირებულებებსა თუ სამომავლო ეკონომიკური პოლიტიკის ძირითად მიმართულებებზე, მით უმეტეს, მათი ერთგულება მიხეილ სააკაშვილს დასადასტურებელი აქვს. სააკაშვილის გამოსვლა თავიანთ აზრებში დასარწმუნებლად მეტ საბაბს მისცემდა ადამიანებს, რომელთაც კანდიდატი ჭარბად ემოციურ და გაუწონასწორებელ პიროვნებად მიაჩნიათ, უპირობოდ აღაფრთოვანებდა მის არათუ მომხრე, არამედ მოყვარულ ამომრჩეველს და შფოთს აღძრავდა გულუბრყვილო ინტელიგენტებსა და ინტელექტუალებში, თუ ამ უკანასკნელთ გულუბრყვილობა საერთოდ ახასიათებთ.

ერთი შეხედვით, სააკაშვილისგან მოულოდნელი იყო საქართველოს სულიერი მისიის ხსენება. ასეთი კატეგორიებით მოაზროვნე პრეზიდენტის მმართველობა მისთვისაც და ქვეყნისთვისაც ტრაგიკულად დასრულდა. მაგრამ მთავარ კანდიდატს სჭირდება ელექტორატი, რომელსაც სწამს საქართველოს სულიერი მისიის. ვისაც ეს სიტყვები უსიამო ასოციაციას აღუძრავს, შეუძლია თავი დაიმშვიდოს იმით, რომ, რომ სააკაშვილის მიხედვით, საქართველოს სულიერი მისიის უმაღლესი გამოვლინება გახლდათ მედიაკომპანიების, "ბი-ბი-სი"-სა და "სი-ენ-ენ"-ის მიერ წალენჯიხის ავტობუსიდან წარმართული პირდაპირი რეპორტაჟი.

თუნდაც ეს ერთი დეტალი მიუთითებს სააკაშვილის მრჩეველთა თუ იმიჯმეიკერთა გამჭრიახობაზე: არის ამომრჩეველი, რომელიც სიტყვებს "საქართველოს სულიერი მისია" აღიქვამს აბსოლუტურად სერიოზულად და ვერ წარმოუდგენია ირონიული დამოკიდებულება ამ ცნებისადმი; არის ამომრჩეველი, რომელსაც გაგონება არ სურს საქართველოს სულიერი მისიის და მხოლოდ წალენჯიხის ავტობუსი ქმნის ხსენებული სიტყვათშეხამების ასატან კონტექსტს... მიხეილ სააკაშვილი, მართალია, განათლებული კაცია, როგორც მასთან დაახლოებული პირები ამბობენ, უტყუარი ინტუიციაც აქვს, მაგრამ ნამდვილად არ უსწავლია ის დისციპლინები, რომელთა ცოდნა ზუსტად უკარნახებს, როგორ მოერგოს ერთი გამოსვლისას მისტიკოსებსა და რაციონალისტებს, მორწმუნეებსა და ათეისტებს, გულუბრყვილოებსა და ცინიკოსებს... ეს ნიშნავს, რომ სააკაშვილს, შესაძლოა, აქვს თვისება, რომელიც, ოპონენტთა მტკიცებით, მას არა აქვს: პრეზიდენტობის პრეტენდენტი არ არის მხოლოდ ავტორიტარულიპიროვნება, თავისნათქვამა და ჯიუტი კაცი, მას სხვისი რჩევის შესმენაც შეუძლია.

ყველაზე პოზიტიური მომენტი მიხეილ სააკაშვილის სიტყვაში, ალბათ, მაინც ის იყო, რომ კანდიდატი თითქმის საერთოდ არ ლაპარაკობდა წარსულის, როგორც სამომავლო ორიენტირის შესახებ. მომავლის კონტურებში, რომელთა ამომრჩევლისთვის დანახვებასაც ცდილობს მიხეილ სააკაშვილი, ვერ იხილავთ დავით აღმაშენებლისა თუ თამარ მეფის საქართველოს მოტივებს. ჩანს, სააკაშვილის საარჩევნო ამოცანაა, დაარწმუნოს ამომრჩეველი, რომ მასთან ერთად ძალუძს უნიკალური და უცნობი მომავლის შექმნა. ერთი ის არის, რომ თეზას ლევან მამალაძის ფულის, სახლების, ცხენებისა და სხვა სიკეთეების ჩამორთმევასა და ხალხისთვის დაბრუნებას სამართლებრივი დისკურსის მიშველება სჭირდება, თორემ რაღაცით ჰგავს ყველაფრის წართმევისა და განაწილების დამაფრთხობელ ბოლშევიკურ ლოზუნგს.

სპორტის სასახლეში წარმოთქმული სიტყვა იყო მოკლე და გასაგებ შეტყობინებათა კრებული, რომელთა შინაარსის განზოგადებამ, შესაძლოა, მოგვცეს კიდეც პრეზიდენტობის კანდიდატის პროგრამა. მაგრამ სააკაშვილისგან ვრცელ და დაწერილ პროგრამას, წინასაარჩევნოდ, ალბათ, ცოტა ვინმე თუ ელის. მაგრამ ყველა მისი ამომრჩეველი მოელის ამ პროგრამის განხორციელებას.
[მუსიკა]

შიში, როგორც საზოგადოების მანიპულაციის საშუალება

წამყვანი:
ვიდრე ამომრჩევლები საპრეზიდენტო არჩევნებსა თუ სასურველი კანდიდატის პროგრამის განხორციელებას მოელიან, საზოგადოებაში მკვიდრდება სიტყვები "კონტრევოლუციონერები", "რევანშისტები", "ექსტრემისტები", "ფაშისტები", "ურჯულოები", "ბოლშევიკები". ეს სიტყვები "პოსტრევოლუციურ" საქართველოში ქმნის შიშის ატმოსფეროს, რომელიც, ზოგის ვარაუდით, შესაძლოა ერთნაირად აწყობდეს როგორც ხელისუფლებას, ასევე მასთან დაპირისპირებულ პოლიტიკურ ძალებს. შიში -საზოგადოების მანიპულაციის საშუალება ხდება. ეს კი, როგორც ჩვენი თბილისელი კოლეგის, გიორგი გვახარიას ზოგი თანამოსაუბრე აღნიშნავს, საქართველოს კარგს არაფერს მოუტანს.

გიორგი გვახარია:

ახალი ხელისუფლება სამართლიანად ამაყობს, რომ 22-23 ნოემბერს ქართველმა ხალხმა მას სრული ნდობა გამოუცხადა და, როგორც ჩანს, საპრეზიდენტო არჩევნებამდე მაინც, ამ ნდობას ბოლომდე შეინარჩუნებს. ყოფილი რევოლუციონერები ხელისუფლებასთან დაპირისპირებულ ძალებს "უმცირესობას" ეძახიან და კვლავაც ამტკიცებენ, რომ ეს ადამიანები არ გამოხატავენ უმრავლესობის ინტერესებს. პოლიტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი "ძალიან სახიფათოდ" მიიჩნევს ამ ტენდენციას:

[პაატა ზაქარეიშვილის ხმა]: "უმცირესობების ინტერესების უგულებელყოფამ გამოიწვია ის, რომ უმცირესობები იწყებდნენ ბრძოლას უმრავლესობისათვის და რაღაც წარმატებას აღწევდნენ. საზოგადოება შედგება მხოლოდ მაშინ, როცა უმრავლესობა ზრუნავს უმცირესობაზე. თუ არ გვინდა იყოს კონტრევოლუცია, იმაზეც უნდა ვიფიქროთ, თუ ვის შეიძლება აწყობდეს კონტრევოლუცია... უნდა შეხვიდე ამ ხალხის ინტერესებში, დააკმაყოფილო ის, რათა მათ არ გაუჩნდეთ შენს წინააღმდეგ მიმართული "შედეგები"

"უმცირესობებში" აქ იგულისხმებიან არა მარტო დამარცხებული პოლიტიკური ძალები. პაატა ზაქარეიშვილის თქმით, დღევანდელ ხელისუფლებას არ აინტერესებს როგორ უყურებენ თბილისში განვითარებულ მოვლენებს აფხაზეთში, სამხრეთ ოსეთში... რას ფიქრობენ და რისი ეშინიათ სეპარატისტებს, ვისაც ჩვენ ფორმალურად, მაგრამ მაინც, საქართველოს მოქალაქეებად მივიჩნევთ. თბილისში უკვე ვრცელდება აზრი, რომ "ხავერდოვანმა რევოლუციამ" ძალიან შეაშინა სეპარატისტები. ის ხალხი, ვინც ამ ინფორმაციას ავრცელებს, აფხაზებისა და ოსების "დაშინებას" დიდ პოლიტიკურ გამარჯვებად მიიჩნევს, რაც პაატა ზაქარეიშვილის აზრით, კიდევ უფრო გააღრმავებს კონფლიქტს და ვერ შეუწყობს ხელს ქვეყნის გამთლიანებას.

ქართველი კონფლიქტოლოგები აღნიშნავენ, რომ თუ ახალი ხელისუფლება მართლაც ფიქრობს საზოგადოების გამთლიანებაზე, მან უნდა გააცნობიეროს, კონკრეტულად რისი ეშინია მოწინააღმდეგეს, რათა მასთან დიალოგი შედეგიანად დასრულდეს. ახალმა ხელისუფლებამ თავი უნდა დაანებოს "მტრის ხატების" შექმნას და საზოგადოების დაშინებას, მაშინაც კი, როცა ხიფათი რეალურად არსებობს. სოციოლოგ ემზარ ჯგერენაას თქმით:


[ემზარ ჯგერენაისას ხმა]: "ნებისმიერი პოლიტიკოსი, რომელიც დღეიდან იტყვის - "იცით რა რუსების ბაზები მიშლის ხელს, ეს არის ძალიან ცუდი გამონათქვამი. დღეიდან მე ვიტყვი "არ მაინტერესებს რუსეთია თუ თურქეთი, შენ მოხვედი ხელისუფლებაში და კეთილი ინებე - იმასაც დაელაპარაკე, ამასაც, არ მომიყვანო ეს არგუმენტად, ვეუბნები მე მთავრობას, რომელიც დღეს ხელისუფლებაშია..."

ხელისუფლებისგან საზოგადოების გამთლიანებისთვის ქართველი კონფქლიტოლოგები უფრო აქტიურ მოქმედებას მოითხოვენ. თუმცა თავადაც აღიარებენ, რომ საზოგადოების გამთლიანებამ ხელი არ უნდა შეუშალოს ძლიერი ოპოზიციის ჩამოყალიბებას და განსხვავებული აზრის დამკვიდრებას ქვეყანაში.. "შიში - ნორმალურია, შიში - ნებისმიერ ცოცხალ ორგანიზმს ახასიათებს" - ამბობს ჩვენთან საუბარში ფსიქოლოგი მარინე ელბაქიძე. მთავარია, როგორი იქნება ჩვენი დამოკიდებულება "ამ შიშთან"

[მარინა ელბაქიძის ხმა]: 52 "მაინც განსხვავებული ხედვაა მოქალაქეებში.... მაინც რჩება ხალხის ჯგუფი, რომელსაც ეშინია იმის, ვინც ხელისუფლებაში მოვიდა, არის ხალხი, ვისაც ეშინია კონტრევოლუციის, ანუ იმათი ვინც წავიდა ხელისუფლებიდან... შესაბამისად, რადგან არის განსხვავებული ინტერესები, ეს ძალები შეეცდებიან თავიანთი თანამოაზრეები მოძებნონ... და ერთმანეთს დავუპირისპირდე?... მე არ უნდა ჩავერთო ამ ისტერიაში და უნდა მჯეროდეს, რომ დიალოგის გზით შეიძლება ერთმანეთს რაღაც გავაგებინოთ და არა ძალის გზით"

საპრეზიდენტო არჩევნებამდე დიდი დრო არ რჩება. დროის დეფიციტი გარკვეულ პოლიტიკურ ძალებს ექსცენტრიული ქმედებებისკენ უბიძგებს. ქართველი კონფლიქტოლოგების აზრით ახალმა ხელისუფლებამ არავითარ შემთხვევაში არ უნდა ჩართოს საზოგადოება ამ "ექსცენტრიულ დუელში"... მოწინააღმდეგის აგრესიულ ქმედებას მან "ვარდებით" უნდა უპასუხოს. ოღონდ, "ეკლიანი ვარდებით" რა თქმა უნდა.
[მუსიკა]

ამერიკა -საქართველოს ბიზნეს-საბჭოს მორიგი კონფერენცია

წამყვანი:
თუ რევოლუციური ვარდების ეკლებზე ვსაუბრობთ, არ შეიძლება ეკონომიკური პრობლემები არ ვახსენოთ. საქართველოს ამჟამინდელი ეკონომიკური და პოლიტიკური ვითარება განიხილეს ამერიკა -საქართველოს ბიზნეს-საბჭოს მე-6 ტრადიციულ კონფერენციაზე, რომელიც 4-5 დეკემბერს, აშშ-ში სტენფორდის უნივერსიტეტის ბაზაზე გაიმართა. იქვე გაანალიზეს ფაქტორები, რომლებიც ზემოქმედებას ახდენს საინვესტიციო გარემოს შექმნაზე საქართველოში. ამ სემინარის შესახებ მის ერთ-ერთ მონაწილეს, საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობათა კვლევის ფონდის წამყვან ექსპერტს, არჩილ გეგეშიძეს, გიორგი კაკაბაძე ესაუბრა.

გიორგი კაკაბაძე:
ამერიკა-საქართველოს ბიზნეს საბჭოში გაერთიანებულია აშშ-ის წამყვანი კომპანიები, რომლებიც უკვე აწარმოებენ ბიზნესს ან დაინტერესებულნი არიან საქართველოსა და, საზოგადოდ, კავკასიის რეგიონში ინვესტიციების განთავსებით. არჩილ გეგეშიძე ამბობს, რომ ეს ინტერესი სემინარზე მკაფიოდ გამოიკვეთა:

[გეგეშიძის ხმა] "ისინი გარკვეული იმედებით უყურებენ საქართველოს უახლოეს და საშუალოვადიან პერსპექტივას, თუმცა, ინვესტორებისთვის დამახასიათებელი სიფრთხილით მაინც შეეცდებიან, რომ თვალი ადევნონ მოვლენების განვითარებას და ამის მიხედვით მიიღონ გადაწყვეტილებები ინვესტიციების ჩადებასთან დაკავშირებით ან უკვე განთავსებული ინვესტიციების გაფართოებასთან დაკავშირებით".

ჩემი თანამოსაუბრე აღნიშნავს, რომ საერთო განწყობა უფრო იმედიანი იყო წინა წლებთან შედარებით, როცა საინვესტიციო კლიმატი საქართველოში მიმზიდველად არ მიიჩნეოდა და ბევრ ამერიკულ კომპანიას პრობლემები ექმნებოდა საქართველოში საქმიანობის თვალსაზრისით.

სემინარში მონაწილებდნენ ისეთი ამერიკული კომპანიები, როგორიცაა "ნორდთროპ გრუმანი", "ოპიკი", "იუნივერსალ ბანკი", აგრეთვე, "კავკასიის რეგიონალური ავიახაზები" და სხვ.

სემინარს ესწრებოდნენ საქართველოს კომპანიების წარმომადგენლები, რომლებიც ამერიკელ პარტნიორებთან ერთობლივ ბიზნესს ეწევიან, მათ შორის, "თი-ბი-სი" ჯგუფის ხელმძღვანელი მამუკა ხაზარაძე, "ჯი-ემ-თი" ჯგუფის ხელმძღვანელი გიორგი თავაძე და სხვა ქართველი ბიზნესმენები. მათთან ერთად სემინარის მუშაობაში მონაწილეობდნენ ამერიკის აკადემიური წრეების ცნობილი წარმომადგენლები, რომლებიც თვალყურს ადევნებენ და აანალიზებენ საქართველოში მიმდინარე მოვლენებს და რომელთა აზრი მეტად მნიშვნელოვანია ბიზნესის წრეებისთვის.

სემინარის ერთ-ერთი სექცია მიჰყავდა საქართველოში ყოფილ ელჩს, კენტ ბრაუნს. სექციაში მუშაობდნენ საქართველოს ელჩი ამერიკაში, ლევან მიქელაძე, სტენფორდის უნივერსიტეტის ცნობილი მკვლევარი, გეილ ლაპიდუსი, ამერიკა-საქართველოს ბიზნეს-საბჭოს ვიცე-პრეზიდენტი პოლ ჰენზი და, თავად, არჩილ გეგეშიძე. სექციის მუშაობის მიზანს, ერთი მხრივ, წარმოადგენდა საქართველოში განვითარებული ბოლოდროინდელი მოვლენების შეფასება და, მეორე მხრივ, იმის განსაზღვრა, თუ როგორია შეერთებული შტატების ინტერესები საქართველოში შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით.

საყოველთაო აზრით, საქართველოში არსებული დღავენდელი პოლიტიკური ვითარება იმედის მომცემია. სემინარის მონაწილეები ფიქრობენ, რომ საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების ჩატარების შემდეგ ქვეყნის ახალი ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს საქართველოში დემოკრატიის განვითარებისთვის, საბზარო ურთიერთობების განვითარებისთვის და, კერძოდ, არსებული საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებისთვის.

[გეგეშიძის ხმა] "ასეთი დასკვნა საკმაოდ გამამხნევებელი იყო დამსწრე აუდიტორიისთვის განსაკუთრებით კი, ბიზნეს-წრეების წარმომადგენლებისთვის, რომლებიც დიდი ყურადღებით, ასე ვთქვათ, ისრუტავდნენ ყველა სიტყვას, - იწერდნენ და აფიქსირებდნენ. ისინი მხედველობაში იღებდნენ ყველაფერს, რაც სამომავლოდ გადაწყვეტილებების მიღების დროს გამოადგებათ, როცა საქართველოში თავისი ბიზნეს-საქმიანობის დაწყების ან გაფართოების საკითხს განიხილავენ".

ამასთან არჩილ გეგეშიძე ამბობს, რომ სემინარზე გამოტანილი დასკვნები მრავლჯერ შემოწმდება ამერიკელი ექსპერტების მიერ, ხოლო საბოლოო დასკვნების გამოტანა შესაძლებელი გახდება დაახლოებით მომავალი წლის ბოლოსთვის, როდესაც საქართველოში საბოლოოდ ჩამოყალიბდება პოლიტიკური სპექტრი.

[გეგეშიძის ხმა]"და იმედი გამოითქვა, რომ იმდაგვარად ჩამოყალიბდება ახალი პოლიტიკური სპექტრი, რომ ხელი არ უნდა შეეშალოს, როგორც ეს, სამწუხაროდ, აქამდე ხდებოდა, საქართველოში დაწყებული რეფორმების შემდგომ განვითარებას".
[მუსიკა]

საინფორმაციო ტექნოლოგიების მომავალი

წამყვანი:
12 დეკემბერს ჟენევაში დასრულდა გაეროს პირველი სამიტი, რომელიც ინტერნეტის მომავალს მიეძღვნა. სამდღიანი სამიტი მიზნად ისახავდა მდიდარი და ღატაკი ქვეყნების დაახლოებას საინფორმაციო საზოგადოების გავითარების საქმეში. შეხვედრის ერთ-ერთი ძირითადი თემა იყო ინტერნეტის მართვის პრობლემა - თუ ვინ უნდა იყოს პასუხისმგებელი ამ გლობალური ქსელის გამართულად ფუნქციონირებისთვის. ასევე ყურადღების ცენტრში მოექცა ინტერნეტთან დაკავშირებული ფინანსური საკითხიც - ვინ უნდა გადაიხადოს ინტერნეტის მოხმარების საფასური?
სამიტზე განხილული საკითხებით ბიძინა რამიშვილი დაინტერესდა.

ბიძინა რამიშვილი:
ზემოხსენებული სამიტი მომავლისკენ იყო მიმართული. ინტერნეტისა და საზოგადოების მომავლისკენ. ცხადია, როცა ინტერნეტზე გვაქვს საუბარი, აუცილებლად იბადება კითხვა: როგორია ინფორმაციის ამ საშუალების მომავალი ტექნიკური თვალსაზრისით. სხვაგვარად რომ ვთქვათ: როგორია საინფორმაციო ტექნოლოგიის ხვალინდელი დღე?
ეს თემა არა მხოლოდ ინტერნეტის მესვურებს და მომხმარებლებს აინტერესებთ, მაგრამ რაც დრო გავა, სწორედ ინტერნეტთან იქნება სულ უფრო მეტად დაკავშირებული ნებისმიერი კომპიუტერული ტექნიკის მოხმარება.

საინფორმაციო ტექნოლოგიის მომავლის შესახებ დისკუსია უკვე დიდი ხანია მიმდინარეობს დასავლეთის მაღალგანვითარებულ ქვეყნებში, პირველ რიგში შეერთებულ შტატებში.

ჯერ კიდევ არ განელებულა აჟიოტაჟი, რომელიც მიმდინარე წლის მაისში ამერიკელი პუბლიცისტის, ნიკოლას კერის მიერ გამოქვეყნებლმა სტატიამ გამოიწვია. თუ რატომ, ამას სტატიის სათაურითვე მიხვდებით: "საინფორმაციო ტექნოლოგიამ მნიშვნელობა დაკარგა". საინფორმაციო ტექნოლოგიის ხვალინდელ დღეზე საუბრისას წერილის ავტორი აკეთებს ბევრისთვის მოულოდნელ, სკანდალურ დასკვნას, რომ ამ დარგმა თავისი თავი ამოწურა.

როგორც მოსალოდნელი იყო, ამ პუბლიკაციაზე რეაქცია ძალზე მწვავე იყო. "ეს იგივეა, რომ თქვა, ბეთჰოვენმა ფორტეპიანოზე დაკვრა არ იცისო", წერდა ცნობილი ეკონომისტი ბრაიან ართური.
"ჰოგუოშ", საბჭოთა სტილში განაცხადა ფირმა მაიკროსოფტის მფლობელმა ბილ გეიტსმა.

"სრული სისულელეა", დაასკვნის საინფორმაციო ტექნოლოგიის წამყვანი ფირმა "3M"-ის ხელმძღვანელი პიტერ გოდფრი.
თავის პესიმისტურ დასკვნამდე კერი მიიყვანა ეკონომიკურმა ანალიზმა, რომელიც, მისი თქმით, აჩვენებს, რომ დღესდღეობით რადიკალურად იკლო საინფორმაციო ტექნოლოგიაში ინვესტიციებმა. კერის თქმით, ამის მიზეზი ის არის, რომ ეს დარგი უკანასკნელი წლების მანძილზე ძალზე სწრაფად და წარმატებით ვითარდებოდა. კომპანიები ფეხს ითრევენ ახალი ტექნოლოგიების შესყიდვისგან, ვინაიდან ის, რაც ახლა მოეპოვებათ, შესანიშნავად ასრულებს თავის ამოცანას.

კერის მოსაზრებას მომხრეებიც საკმაოდ ჰყავს. ჟურნალ CIO-ს გამომცემლის, გერი ბიჩის თქმით, მუშაობს ფსიქოლოგიური მექანიზმი: "ახლა უკვე ვეღარ მომატყუებენ". საქმე ისაა, რომ ოთხმოცდაათიანი წლების ბუმის შემდეგ საინფორმაცო ტექნოლოგიის სფეროში მოქმედი მრავალი კომპანია გაკოტრდა და ეს დღემდე კარგად ახსოვთ.

ფირმა "სანის" სამეცნიერო ხელმძღვანელმა ბილ ჯოიმ დავოსის სამიტზე ასე დასვა საკითხი: "ხომ არ შეიძინა ხალხმა უკვე იმის უმეტესობა, რის შეძენაც სურდაო?"

ე.წ. "მაღალი ტექნოლოგიების" უსაფრთხოება დღემდე ნომერ პირველ პრობლემად რჩება. რა მოხდება, ერთ მშვენიერ დღეს მთელი ინტერნეტი რომ გაითიშოს ვირუსების გამო?

საინფორმაციო ტექნოლოგიამ საოცრად გაზარდა შრომის ნაყოფიერება. მაგრამ მისივე წყალობით კომპანიები აუქმებენ სამუშაო ადგილებს ანდა იაფ მუშახელს ამუშავებენ შორეულ ქვეყნებში: კომპიუტერით ხომ ყველა ხელმისაწვდომი გახდა.
ბევრისთვის კი სამსახურმა საცხოვრებელ ბინაში გადაინაცვლა. ადამიანები უფრო მეტს მუშაობენ. შესაბამისად, მათი პირადი ცხოვრება განზე რჩება.

ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით გასაკვირი არ არის, რომ ამერიკაში სწრაფად აიტაცეს საინფორმაციო ტექნოლოგიის დასასრულზე დისკუსია. თუმცა, დაეჭვებულ არასპეციალისტს ასევე სწრაფად შეაშველეს გამამხნევებელი პროგნოზები.
მათი ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს. მხოლოდ რამდენიმეს ვახსენებ. ფირმა IBM-ის ერთ-ერთი ხელმძღვანელის, ნიკ დონოფრიოს თქმით, მისი კომპანია ტექნოლოგიური წინსვლის ექვს ტალღას მოელის უახლოეს 35 წელიწადში.

მომავლის საინტერნეტო სერვისი იმდენად სწრაფი იქნება, რომ მოთხონა-მიწოდების ციკლში დროის ფაქტორი პრაქტიკულად გაუქმდება. მაგალითად, ერთ-ერთი ტექნოლოგია დამყარებულია პატარა, ძალიან იაფ ჩიპებზე, რომლებიც საქონლის ყოველ ეგზემპლარზე მაგრდება. ამ გზით პროდუქტის ავტორ ფირმას შეუძლია უზუსტესად აკონტროლოს თავისი ნაწარმის გზა ფირმიდან მომხმარებლამდე.

საგრძნობლად შეიცვლება საინტერნეტო საძიებო ტექნოლოგიები. ამ სფეროში რევოლუციურ გარდაქმნებს მოელიან. ამაზე მნიშვნელოვანწილად იქნება დამოკიდებული მომავლის საზოგადოებაში სწავლის, ინფორმაციის შენახვისა და დამახსოვრების პროცედურა.

ბილ გეიტსი მომხმარებელს ჰპირდება რადიკალურად განახლებულ საოპერაციო სისტემას, რომლის საკოდო სახელწოდებაა "ლონგჰორნი". მისი გამოშვება 2006 წლისთვის არის დაგეგმილი. გეიტსის თქმით, ამ პროგრამის მიზანია, კომპიუტერი შემოიყვანოს ადამიანის სამყაროში და არა პირიქით. ასე რომ, ნიკოლას კერისგან განსხვავებით, ოპტიმისტების აზრით, მომავლის ადამიანი კიდევ უფრო მეტად კომპიუტერიზებული, საინფორმაციო ტექნოლოგიაში კიდევ უფრო ჩართული იქნება.
[მუსიკა]

ჩინგიზ აიტმატოვი 75 წლისაა

წამყვანი:
მას შემდეგ რაც მომავალზე ვილაპარაკეთ, მოდით, არც თუ შორეული წარსული გავიხსენოთ. ერთ თავის ესეში ართურ კესტლერი წერდა: "საბჭოთა მთავრობა კაცობრიობის ისტორიაში პირველი იყო, რომელმაც მოახერხა, სრული სახელმწიფო მონოპოლია დაეწესებინა არა მხოლოდ ქონების შექმნასა და განაწილებაზე, არამედ იდეების, აზრებისა და გრძნობების შექმნასა და განაწილებაზეც." ბრიტანელი მწერლის, ჟურნალისტისა და კრიტიკოსის ეს მოსაზრება უდავოდ ახლოს არის ჭეშმარიტებასთან. ამავე დროს, საბჭოთა ლიტერატურაში აღმოცენებული და დამკვიდრებული სოციალისტური რეალიზმის მეორე მნიშვნელოვანი ასპექტი მისი მრავალეროვნულობაც გახლდათ. ყველას გახსოვთ ლენინის ცნობილი პოსტულატი იმის შესახებ, თუ როგორი უნდა ყოფილიყო ლიტერატურული ნაწარმოები: "ფორმით ეროვნული და შინაარსით სოციალისტური". ლიტერატურის საბჭოთა თეორეტიკოსთა მიერ გამოგონილი "მრავალეროვნულობის" ასპექტი კი იმასაც ნიშნავდა, რომ ხელისუფლება ყოველმხრივ მხარს უჭერდა და აქეზებდა ეროვნულ უმცირესობათა იმ წარმომადგენლებს, რომლებიც მის მიმართ ლოიალურად იყვნენ განწყობილი. ასეთთა შორის კი უდავოდ იყო ჩინგიზ აიტმატოვი, ყირგიზი მწერალი, რომლის შესახებ, მის 75 წლის იუბილესთან დაკავშირებით, დავით კაკაბაძე გესაუბრებათ.

დავით კაკაბაძე:
იმ მწერალთა შორის, რომლებიც საბჭოთა პერიოდში ცხოვრობდნენ და მოღვაწეობდნენ, ჩინგიზ აიტმატოვს გამორჩეული ადგილი უკავია. ერთი მხრივ, იგი უდავოდ ეკუთვნის საბჭოთა მწერლობის საუკეთესო წარმომადგენელთა რიცხვს. ზოგი კრიტიკოსი მას რუსულენოვან არარუს ავტორთა შორის უნიჭიერესადაც კი მიიჩნევს. მეორე მხრივ, აიტმატოვი საბჭოთა მწერლის განსახიერება იყო, ხოლო მის სამწერლო კარიერას თამამად შეიძლება ვუწოდოთ სოციალისტურ სახელმწიფოში მოღვაწე, მისივე მეხოტბე ავტორის ტიპური კარიერა: მოსკოვის გორკის სახელობის ლიტერატურის ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ ყრუ პროვინციიდან დედაქალაქში ჩასული ახალგაზრდა მუშაობდა ჟურნალისტად, რედაქტორად, მწერალთა კავშირის მდივნად... მოგვიანებით უზენაესი საბჭოს დეპუტატის მანდატის მფლობელიც გახდა.
ამავე დროს, 1958 წელს დაწერილმა სადიპლომო ნაშრომმა, მოთხრობა "ჯამილიამ", ხალასი ნიჭის გარდა, ახალგაზრდა ავტორის მეამბოხე სულიც გამოავლინა: დამწყებ ავტორს ბევრმა უსაყვედურა, როგორ შეიძლება ქმრის ღალატის განდიდებაო; როგორ შეიძლება გამართლება სიყვარულისა, რომელიც გათხოვილ ყირგიზ ქალს ფრონტზე ნაომარ ქმარს დაავიწყებს და სხვა მამაკაცისკენ გაახედებსო.

"ჯამილია" მხოლოდ ყირგიზულ ენაზე რომ გამოქვეყნებულიყო, ეს მოთხრობა, შესაძლოა, აიტმატოვის უკანასკნელი ნაწარმოებიც გამომდგარიყო. მაგრამ რუსულად გამოქვეყნებამ მას საერთაშორისო სარბიელისკენ გაუხსნა გზა. ფრანგულ ენაზე "ჯამილიას" მთარგმნელმა, სიურრეალიზმის ერთ-ერთმა ფუძემდებელმა და მგზნებარე კომუნისტმა ლუი არაგონმა ამ მოთხრობას "სიყვარულის თემაზე შექმნილი უმშვენიერესი ნაწარმოები" უწოდა და, შეიძლება ითქვას, სოციალისტური ლიტერატურული კრიტიკის ქარ-ცეცხლს გადაარჩინა იმხანად 30 წლის ავტორი.

როგორ თანაარსებობს ყირგიზ მწერალში ორი საწყისი: ეროვნული და საბჭოთა? ამ შეკითხვაზე რადიო "თავისუფლების" ყირგიზული სამსახურის დირექტორმა ტინჩტიყბეკ ჩოროევმა ასე მიპასუხა:
[ტინჩტიყბეკ ჩოროევის ხმა]: "აიტმატოვის ნაწარმოებებს ფესვები ყირგიზეთის წარსულში, მის ადათ-წესებსა და ფოლკლორში აქვს გადგმული. მაგრამ თავის მოთხრობებსა თუ რომანებში მწერალი, თუ შეიძლება ითქვას, ორ საწყისს აერთიანებდა. ერთი იყო ეროვნული, ყირგიზული საწყისი, ხოლო მეორე - საერთო-საბჭოთა, რაც რუსული ენის მეშვეობით ხორციელდებოდა. აიტმატოვი იმ იდეოლოგიური სტრუქტურის ნაწილი იყო, რომელსაც საბჭოთა კავშირს ვუწოდებდით და რუსული ენაში იგი ხედავდა შანსს, გამცდარიყო ყირგიზეთის ვიწრო ჩარჩოებს და მსოფლიოს ლიტერატურულ ასპარეზზე გასულიყო."

ძნელი სათქმელია, მოახერხებდა თუ არა აიტმატოვი მსოფლიოს ლიტერატურულ ასპარეზზე გასვლას, ყირგიზულ ენაზე რომ ეწერა. ფაქტი ის არის, რომ მისმა შემდგომმა ნაწარმოებებმა - "გამოთხოვება გიულსარისთან", "თეთრი გემი", "და დღე იყო წუთისოფელზე უფრო გრძელი", და უკვე "პერესტროიკის" წლებში შექმნილმა რომანმა "საჯალათო კუნძი" - ჩინგიზ აიტმატოვს მსოფლიო აღიარება მოუტანა.

როგორია აიტმატოვისადმი დამოკიდებულება მის სამშობლოში დღეს? რამდენად ფასობს ის, რაც საბჭოთა ყირგიზეთში ფასობდა, დამოუკიდებელ ყირგიზეთში, სადაც, კომუნისტური ეპოქისგან განსხვავებით, სახელმწიფო ენა ყირგიზულია, და არა რუსული? როგორ უყურებენ თანამემამულე ნაციონალისტები ყირგიზ ავტორს, რომელმაც საბჭოთა მწერალთა ერთ ყრილობაზე მოითხოვა, ყველა საბჭოთა მწერალმა, ეროვნების განურჩევლად, რუსულად უნდა წეროსო? ისევ ჩემს კოლეგას, ტინჩტიყბეკ ჩოროევს მოუსმინეთ:
[ტინჩტიყბეკ ჩოროევის ხმა]: "წარმოიდგინეთ, რომ ყირგიზ ნაციონალისტებს უყვართ აიტმატოვი. რატომ? იმიტომ, რომ სწორედ აიტმატოვი იყო ის ადამიანი, რომელმაც - მას შემდეგ, რაც საბჭოთა კავშირში საყოველთაო აღიარება მოიპოვა - წამოჭრა საკითხი ყირგიზული ენის რუსულთან გათანაბრების შესახებ. სწორედ ის იყო ერთ-ერთი თაოსანი ორენოვნების შემოღებისა ყირგიზეთში, სადაც საბჭოთა სისტემამ ერთპიროვნულად გაამეფა რუსული. და სწორედ აიტმატოვის დიდი დამსახურება გახლდათ ის, რომ 1989 წლის 23 სექტემბერს ყირგიზეთის პარლამენტმა მიიღო კანონი სახელმწიფო ენის შესახებ და ერთადერთ სახელმწიფო ენად ყირგიზული გამოცხადდა."

90-იანი წლების დასაწყისიდან მოყოლებული ჩინგიზ აიტმატოვი დიპლომატიურ სარბიელზე მოღვაწეობს. მიხაილ გორბაჩოვმა იგი საბჭოთა კავშირის ელჩად დანიშნა ლუქსემბურგში, დღეს კი ყირგიზი მწერალი თავისი ქვეყნის ელჩია ევროპის კავშირში, ნატოში, იუნესკოსა და ბენილუქსის ქვეყნებში. ალბათ მოუცლელობით უნდა აიხსნას, რომ აიტმატოვის ნიჭის თაყვანისმცემლები ამაოდ ელიან მის ახალ წიგნებს: 1998 წლის მერე, როცა გამოიცა მწერლის ავტობიოგრაფიული ნაწარმოები "ბავშვობა ყირგიზეთში", ჩინგიზ აიტმატოვს აღარაფერი გამოუქვეყნებია.

დაბოლოს: მწერალს, რომელსაც 12 დეკემბერს 75 წელი შეუსრულდა, თანამემამულეთა ერთი ნაწილი პრეზიდენტ აყაევის ყურმოჭრილ მონად მოიხსენიებს... ასე რომ, ისტორია მეორდება.
[მუსიკა]

გარდაიცვალა კუბელი პიანისტი რუბენ გონსალესი

წამყვანი:
ღამე ძილი რუბენ გონსალესის გეგმებში, როგორც ჩანს, არ შედიოდა. როცა მან გასული საუკუნის 40-იან წლებში ერთბაშად სამედიცინო ინსტიტუტსა და კონსერვატორიაში სწავლა დაიწყო, ისე წარმოედგინა, რომ დღისით ექიმად, ღამით კი პიანისტად იმუშავებდა. რუბენ გონსალესმა საკმაოდ მალე ამჯობინა მხოლოდ ღამე მუშაობა - ჩვენთვის, მუსიკის მოყვარულთა საბედნიეროდ, ვინაიდან 1919 წელს სანტა კლარაში დაბადებულმა პიანისტმა დიდწილად განსაზღვრა კუბის მუსიკალური სახე - მამბო, სონი, ჩაჩაჩა, ლათინური ჯაზი წარმოუდგენელია ამ ტანმორჩილი, გამხდარი პიანისტის გარეშე...
[მუსიკა]

კომპოზიციას, რომელსაც ახლა ისმენთ, რუბენ გონსალესმა 81 წლისამ ჩაწერა - უკვე მუსიკოსმა-პენსიონერმა, რომელსაც ბოლო წლების მანძილზე ართრიტი აწუხებდა და შინ ფორტეპიანოც კი არ ჰქონდა. მის ხელმეორედ აღმოჩენას ორ ხელოვანს უნდა ვუმადლოდეთ: ამერიკელ გიტარიტს რაი კუდერს, რომელმაც კუბაში "მუსიკალური მოგზაურობისას" 40-იანი წლების ლეგენდარული ჯგუფის, "ბუენა ვისტა სოსიალ კლუბის" წევრებს მიაკვლია და გერმანელ რეჟისორ ვიმ ვენდერსს, რომელმაც დოკუმენტურ ფილმზე აღბეჭდა ხანდაზმული მუსიკოსები: მათი განსაცვიფრებელი სიცოცხლისუნარიანობა, მათი საშემსრულებლო ხელოვნების არასრულყოფილების ხიბლი...
[მუსიკა]

კომპაქტ-დისკი, რომელზეც "ბუენა ვისტა სისიალ კლუბის" მუსიკა ჟღერს, 1996 წელს გამოიცა და 4 მილიონ ეგზემპლარად გაიყიდა, "გრემიც" კი დაიმსახურა. ასე, რომ კუბელი მუსიკოსები იბრაჰიმ ფერერი, კომპაი სეგუნდო, რუბენ გონსალესი 70, 80 წლის ასაკში გახდნენ მსოფლიო ვარსკვლავები. მათ შორის, ალბათ, ყველაზე უფრო ცნობილი, გიტარისტი და მომღერალი კომპაი სეგუნდო წელს ივლისში, 95 წლისა გარდაიცვალა. სულ რამდენიმე დღის წინ კი, 8 დეკემბერს გავრცელდა ცნობა, რომ ცოცხალი აღარ არის რუბენ გონსალესი. ის 84 წლისა იყო.

მოვუსმინოთ პენსიონერების ჯაზს - იქნებ მასში მეტი სიცოცხლე, მეტი ენერგია იყოს, ვიდრე პოპ-მუსიკის ბრჭყვიალა ერთფეროვნებაში ....
[მუსიკა]

წამყვანი:
"მეათე სტუდია" პრაღაში მოამზადეს დავით კაკაბაძემ, ბიძინა რამიშვილმა და მარიამ ჭიაურელმა. თბილისის ბიუროში ხმის რეჟისორის პულტთან იჯდა ლევან გვარამაძე. პრაღაში კი გადაცემას მარიამ ჭიაურელი უძღვებოდა. გემშვიდობებით. დიდი მადლობა ყურადღებისათვის!
XS
SM
MD
LG