Accessibility links

logo-print

უცხოეთის პრესის მიმოხილვა


ანდრო ეული, პრაღა საქართველოში ახლახან მომხდარი "ვარდების რევოლუციით" გამოწვეული ეიფორია განელდა,

მაგრამ უცხოეთის პრესაში კვლავაც გრძელდება გამოხმაურება ამ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაში მთავრობის უსისხლო დამხობის შესახებ, რაც მსხვერპლის გარეშე, ცივილიზებული გზით განხორციელდა. როგორც ლონდონში მცხოვრები თურქი ჟურნალისტი მევლუთ ქათიქი აღნიშნავს, მრავალი პოლიტიკოსი თურქეთში ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრს რეჯეპ თაიფ ერდოანს აკრიტიკებს ერთობ თავშეკავებული რეაქციისთვის მეზობელ საქართველოში მომხდარ ხავერდოვან რევოლუციასთან დაკავშირებით, როცა ახალგაზრდა რეფორმისტებმა, ორი ნოემბრის საპარლამენტო არჩევნების მოურიდებელი გაყალბებისთვის, 23 ნოემბერს ედუარდ შევარდნაძე გადააყენეს. მევლუთ ქათიქი წერს:

"იმ დროს, როცა საქართველოს დედაქალაქში მთავრობისსაწინააღმდეგო მრავალათასიანი დემონსტრაციები გრძელდებოდა, თურქეთის ხელისუფლება სტამბოლში თვითმკვლელი ტერორისტების მიერ მოწყობილ აფეთქებებს იძიებდა და თან კვიპროსში მოახლოებული არჩევნებისთვის ემზადებოდა. ამ არჩევნების შედეგს გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება ევროპის კავშირში თურქეთის გასაწევრიანებლად.

მას შემდეგ, რაც ედუარდ შევარდნაძე გადადგა თურქეთის პრეზიდენტი აჰმედ ნეჯეთ სეზერი ერთ კვირაზე მეტ ხანს იცდიდა და მხოლოდ ამის შემდეგ დაუკავშირდა ტელეფონით საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს ნინო ბურჯანაძეს, და ეს მაშინ, როცა მოსკოვმა თავისი საგარეო საქმეთა მინისტრი კრიზისის დროს მიავლინა თბილისში. ზოგიერთი მიმომხილველი გაუმართლებლად
მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ ოფიციალური ანკარის მთელი ძალისხმევა ევროპის კავშირში მისი გაწევრიანებისკენაა მიმართული მაშინ, როცა მეზობელ საქართველოში მნიშვნელოვანი პოლიტიკური ძვრები ხდება. აი რას წერდა მემარჯვენე-ცენტრისტული გაზეთის, "აქსამის" პირველი დეკემბრის ნომერში მისი პოლიტიკური მიმომხილველი თუნჩაი ოზქანი:

"თურქეთმა ახლო ურთიერთობა დაამყარა საქართველოსთან თავიდანვე, როცა ამ უკანასკნელმა დამოუკიდებლობა მოიპოვა. ანკარამ ტონობით ხორბალი გაუგზავნა საქართველოს, თანაც 50 მილიონი დოლარის კრედიტი გამოუყო დამოუკიდებლობის პირველ დღეებში, როცა საქართველოსთვის არავის ეცალა... თბილისიდან 30 კილომეტრში მდებარე სამხედრო-საჰაერო ბაზით სარგებლობა ქართველებთან ერთად თურქ სამხედროებსაც შეუძლიათ. ხოლო სტამბოლის ყოველდღიური გაზეთის "მილიეთის" მიმომხილველს სემი ქოუენს მიაჩნია, რომ ერაყში ვითარების შემდგომმა გაუარესებამ შესაძლოა დესტაბილიზაცია გამოიწვიოს საქართველოში და თურქეთს, კავკასიაში სტაბილური ვითარების შენარჩუნების იმედი
გაუქარწყლოს. მევლუდ ქათიქი განაგრძობს:

"არ უნდა გამოვრიცხოთ იმის შესაძლებლობა, რომ თურქეთის ამგვარი დუმილი საქართველოში მიმდინარე კრიზისის დროს სულაც არაა შემთხვევითი და გარკვეულწილად განზრახაც ხდება. თანამედროვე თურქეთის საგარეო პოლიტიკა, მისი პირველი პრეზიდენტის, ქემალ ათათურქის დროიდან მოყოლებული, ყოველთვის ჩაურევლობის პრინციპზე იყო დაფუძნებული. და უნდა მოველოდეთ, რომ 4 იანვრამდე, როცა საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება, რეჯეპ თაიფ ერდოანის მთავრობა არ შევა ახლო კონტაქტებში საქართველოს ამჟამინდელ ლიდერებთან. სტამბოლში მოქმედი კავკასიური ფონდის თავმჯდომარე მეჰდი ნუჟეთ ჩეთინბასი თურქეთის ამჟამინდელ პოლიტიკას საქართველოს მიმართ "გაუმართლებელსა" და "მცდარს" უწოდებს და დასძენს, რომ ოფიციალურ ანკარას ნოემბრის კრიზისამდე კარგა ხნით ადრე მართებდა ქართველი დემოკრატებისათვის თანადგომის გამოცხადება.
XS
SM
MD
LG