Accessibility links

logo-print

შიიტი ლიდერები ერაყში არჩევნების ჩატარებას ემხრობიან


ერაყის გავლენიანი პოლიტიკოსები და რელიგიური ლიდერები მსჯელობენ იმაზე, თუ როგორ აჯობებს შუალედური ეროვნული ასამბლეის არჩევა. ეროვნული ასამბლეის შექმნა განიხილება

როგორც უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი ერაყის საბოლოო სუვერენიტეტისკენ. შეერთებული შტატების წინადადებით, ასამბლეის წევრთა შერჩევა ერაყის პროვინციებში პოლიტიკოსთა მიერ კანდიდატების წარდგენის გზით უნდა მოხდეს. შიიტთა გავლენიანი ლიდერი დიდი აიათოლა ალი სისტანი და ახლანდელი მმართველი საბჭოს თავმჯდომარე აბდულაზიზ ალ-ჰაკიმი კი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ.

ბოლო რამდენიმე კვირის მანძილზე ერაყის პოლიტიკოსები შეერთებული შტატების მიერ შეთავაზებულ გეგმას იხილავდნენ. ეს გეგმა მომავალი ზაფხულისთვის ერაყის მმართველობის ერაყელთა ხელში გადასვლას გულისხმობს.

უმთავრესი საკითხი გარდამავალი პერიოდის ეროვნული ასამბლეის წევრთა არჩევის მექანიზმია. ეს მნიშვნელოვანია იმდენად, რომ მომავალი წლის მაისის ბოლომდე არჩეული ასამბლეის წევრებმა ივნისის ბოლომდე თავად უნდა აირჩიონ გარდამავალი ნაციონალური მთავრობის წევრები. ამრიგად, კოალიციის დროებითი ხელისუფლება დაიშლება და შეერთებული შტატების ხელმძღვანელობით ერაყის ოკუპაციაც ფორმალურად დასრულდება.

შეერთებული შტატების გეგმის თანახმად, დროებითი ეროვნული ასამბლეა, როგორც უკვე ითქვა, პროვინციებში პოლიტიკოსთა და რელიგიურ ლიდერთა მიერ შერჩეული კანდიდატებით უნდა დაკომპლექდეს. ერაყის შიიტთა ლიდერი და გარდამავალი ხელისუფლების თავმჯდომარე კი თვლიან, რომ ეროვნული ასამბლეის პირდაპირი არჩევნების საფუძველზე შედგენა მას ლეგიტიმურობას შემატებს.

ერაყის სუვერენიტეტის გზაზე გათვალისწინებული შემდეგი ნაბიჯები ასეთი გახლავთ: 2005 წლის მარტში უნდა ჩატარდეს კონსტიტუციური ასამბლეის არჩევნები, ხოლო იმავე წლის დასასრულისთვის კი დაგეგმილია დემოკრატიული არჩევნების ჩატარება ერაყის ახალი მთავრობის წევრთა ასარჩევად.

შიიტთა ერაყის ყველაზე გავლენიანი ლიდერი არასდროს გამოდის სახალხო პოლიტიკური განცხადებებით. მის პოლიტიკურ იდეებს ავრცელებენ ის პოლიტიკოსები, ვინც მასთან ურთიერთობენ.

რაც შეეხება ერაყის მმართველი საბჭოს თავმჯდომარეს - ადბულაზიზ ალ-ჰაკიმს, რომელიც ასევე შიიტთა ლიდერია, ისიც პიდაპირ არჩევნებს უჭერს მხარს და შეერთებულ შტატებს სხვა აღარაფერი დარჩენია, რომ ოფიციალურად განიხილოს ეს საკითხი.

შიიტები ერაყში უმრავლესობაა, ამიტომ პირდაპირი არჩევნების შედეგადაც უმეტესად შიიტ კანდიდატებს აირჩევენ. უმცირესობათა წარმომადგენლები გამოთქვამენ შეშფოთებას არჩევნების შესაძლო შედეგების გამო, თუმცა შიიტები ირწმუნებიან, რომ ყოველგვარი დაპირისპირების თავიდან აცილება შესაძლებელი იქნება.

ნილ პატრიკს, ლონდონელ ანალიტიკოსს მიაჩნია, რომ პირდაპირი არჩევნების იდეა პოპულარულობას იძენს იმის გამო, რომ იზრდება უკმაყოფილება შტატების მიერ დანიშნული მმართველი საბჭოს მიმართ, რომლის წევრებსაც ერაყში ვაშინგტონის მარიონეტებად განიხილავენ.

[პატრიკის ხმა]
"არის მნიშვნელოვანი უკმაყოფილება შტატების მიერ შეთავაზებული უკანასკნელი იდეის გამო, რომელიც პროვინციების სათათბიროების მიერ კანდიდატების წაყენებას გულისხმობს, რადგან ეს აღიქმება და სინამდვილეშიც ისე მოხდება, რომ ეროვნული ასამბლეის ფორმირებაში მნიშვნელოვან როლს მმართველი საბჭო ითამაშებს, რომლის მიმართაც ბევრი ერაყელი სერიოზულ უკმაყოფილებას გამოთქვამს".

ბევრი შიშობს, რომ შიიტთა უმრავლესობის გამო ერაყი შეიძლება ისეთივე თეოკრატიულ სახელმწიფოდ იქცეს, როგორიც მისი მეზობელი ირანია. ზოგიერთ კონსერვატორ შიიტ ლიდერს ხომ ერაყის მომავალი მოწყობის ნიმუშად ირანი მოჰყავს. როგორც ცნობილია, ერაყის შიიტთა ლიდერი დიდი აიათოლა ალი სისტანი სასულიერო პირთა პოლიტიკის გარეთ ყოფნის მომხრეა.
XS
SM
MD
LG