Accessibility links

logo-print

ძალაუფლების გადანაწილების პრობლემა ახალ ხელისუფლებაში


ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რომელიც ქართულ საზოგადოებას აწუხებს ედუარდ შევარდნაძის გადადგომის შემდეგ, სახელისუფლო სამეულის ურთიერთობაა. ახალი ხელისუფლების გულშემატკივრები შიშით ელიან, ხომ არ მოხდება

განხეთქილება ბურჯანაძე-ჟვანიას გუნდსა და მიხეილ სააკაშვილს შორის; არაკეთილმოსურნეები კი ასეთ განხეთქილებას ყოველდღე წინასწარმეტყველებენ.

ის, რაც 23 ნოემბრის შემდეგ სახელისუფლო სამეულს დაატყდა თავს, საქართველოს უახლეს ისტორიაში უპრეცედენტო ფაქტი არ ყოფილა. თავის დროზე ზვიად გამსახურდიას და მის გუნდს მათთვისვე მოულოდნელად მოუხდათ მთელი ძალაუფლების გადმობარება საბჭოთა მმართველებისგან, ორი წლის შემდეგ კი ედუარდ შევარდნაძე გახდა იძულებული, მთლიანად შეეცვალა ხელისუფლება. ასე რომ, ყოველ ახალ მთავრობას საქართველოს უახლეს ისტორიაში მუდამ ექსტრემალურ ვითარებაში უხდებოდა საკადრო ცვლილებების განხორციელება.

მაგრამ ერთი განსხვავება მაინც არის. არასოდეს ისე ერთბაშად არ მოშიშვლებულა სახელისუფლო სივრცე, როგორც ეს მოხდა 23 ნოემბერს. ერთ დღეში წავიდა ძველი ხელისუფლება და მოვიდა ახალი, რომელიც სრულებით არ იყო მზად მთელი ძალაუფლების საკუთარ ხელში ასაღებად.

ამჟამად სახელისუფლო სამეულის მთავარი პრობლემა, ალბათ, ძალაუფლების გადანაწილებაა. ეს სამეული, სინამდვილეში, მინიმუმ, ორი მსოფლმხედველობრივი ჯგუფისგან შედგება. არ შეიძლება იმის დავიწყება, რომ ჟვანია და სააკაშვილი მეტისმეტად განსხვავდებიან პოლიტიკური ტემპერამენტით. ამიტომ ბუნებრივია, რომ ისინი ერთმანეთს ბოლომდე არ ენდობიან. რაკი საუბარია თანამოაზრეთა ორ ან სამ გუნდზე, ცხადია, მათ შორის კონკურენციაც არსებობს. ბურჯანაძე-ჟვანიას გუნდი, ტრადიციულად, ფრთხილი ნაბიჯებით ცდილობს სახელისუფლო სივრცის დაპყრობას, სააკაშვილი კი, ასევე ტრადიციულად, უპირატესობას საჯარო ულტიმატუმებს ანიჭებს. ასე მოხდა მიხეილ მაჭავარიანის სიმამრისა და ზურაბ ცქიტიშვილის ვაჟის დანიშვნის შემთხვევაში.

საკადრო გაუგებრობებს ორივე გუნდი იმით ხსნის, რომ ამჟამინდელი დანიშვნები დროებითია და არსებით ხასიათს არ ატარებს. თუმცა გასათვალისწინებელია, რომ 4 იანვრის შემდეგ, თუკი მიხეილ სააკაშვილი საქართველოს პრეზიდენტად აირჩევა, ხელისუფლებაში ისევ ეს გუნდები დარჩება, თავისი ამბიციებით და თავისი განსხვავებული მსოფლხედვით.

საქართველოს მოსახლეობის ის ნაწილი, რომელიც ახალ ხელისუფლებას თანაუგრძნობს, მეტად მტკივნეულად განიცდის სააკაშვილის, ბურჯანაძისა და ჟვანიას ურთიერთობას. ლიდერების საჯარო განცხადებების მიუხედავად, არსებობს მუდმივი შიში, რომ ამ სამეულს განხეთქილება ემუქრება. არადა, ხელისუფლების შიდა ოპონირება, შესაძლოა, ცუდი სულაც არ იყოს. მართალია, საქართველოს მოსახლეობისთვის ეს უჩვეულო სინამდვილეა, მაგრამ ერთმანეთის კონტროლი და საჯარო კრიტიკა, შესაძლოა, საუკეთესო გზაც კი აღმოჩნდეს რადიკალური ცვლილებების შედარებით უმტკივნეულოდ გასატარებლად.
XS
SM
MD
LG