Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბიზნესსა და ხელისუფლებას შორის დიალოგი დაიწყო


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი გასული კვირა საზოგადოებასა და ამჟამინდელ ხელისუფლებას შორის ეკონომიკური პრობლემების მოგვარებისკენ მიმართული დიალოგის აკომპანემენტით წარიმართა. კვირის დასაწყისში არასამთავრობო

ორგანიზაციებისა და ექსპერტთა ჯგუფმა საქართველოს ხელისუფლების, საზოგადოების, ბიზნესმენებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების სახელზე სპეციალური მიმართვა გაავრცელა, სადაც ხელისუფლებას მოუწოდა გაიზიაროს მათ მიერ შეთავაზებული წინადადებები და დაუყოვნებლივ შეუდგეს მათ განხორციელებას, ანუ ახლავე დაიწყოს ფართო კონსულტაციები ქვეყნის ეკონომიკური კრიზისიდან გამოყვანის კონკრეტული პროგრამის შესაქმნელად.

ეკონომისტები ფიქრობენ, რომ მოქმედმა მთავრობამ ხელაღებით არ უნდა უარყოს ქვეყანაში აქამდე არსებული ეკონომიკური პროგრამები, მაგალითად, "სიღარიბის დაძლევის პროგრამა"; თუმცა ვერც ეს დოკუმენტი იქნება სრულყოფილი და, თანამედროვე რეალიების გათვალისწინებით, მისი კორექტირება უნდა მოხდეს. ის, რომ ეს დოკუმენტი ძველი ხელისუფლების გარკვეულ სახეებს უკავშირდება, ნამდვილად არ არის საბაბი, რომ მის მიმართ ინტერესი გაქრეს, მით უმეტეს, როცა "სიღარიბის დაძლევის პროგრამას" მრავალ საერთაშორისო ინსტიტუტში აქვს ექსპერტიზა გავლილი და მის მიმართ ეს ინსტიტუტები სიმპათიასაც გამოხატავენ.

მესამე სექტორისა და ექსპერტების ინიციატივა, ფაქტობრივად, არის დიალოგისკენ მოწოდების ფორმა, რათა ხელისუფლებამ დროულად მოახდინოს თავისი სამოქმედო პროგრამის ფორმულირება.

ექსპერტები, ეკონომიკის კრიზისიდან გამოყვანისა და ეკონომიკური ზრდის დაჩქარების ხელშეწყობის მიზნით, 2004 წლის იანვრიდან 2005 წლის აპრილამდე განსახორციელებელ პირველი რიგის ღონისძიებებს აქვეყნებენ.
ექსპერტთა აზრით, აუცილებელია ახალი საგადასახადო კოდექსის მეორე და მესამე მოსმენით მიღება და ამოქმედება. ამისთვის კი, თავის მხრივ, აუცილებელია: გეგმის შედგენა და განხორციელება, საგადასახადო ადმინისტრაციის რეფორმირება, საკუთრების უფლების დაცვის გარანტიებისა და მექანიზმების განმტკიცება, გადასახადების გადამხდელთა საყოველთაო იდენტიფიცირების ერთიანი პროგრამის განხორციელება.

ამ მიმართვით მესამე სექტორმა და ეკონომიკურმა ექსპერტებმა ამჟამინდელ ხელისუფლებასთან დიალოგის სურვილი გამოამჟღავნეს, რამაც უნდა აიძულოს მთავრობა თავისი ეკონომიკური ორიენტირი გამოკვეთოს და დადოს შესაბამისი პროგრამა, რომელიც ეკონომიკურ სუბიექტებს საშუალებას მისცემს, თავიანთი საქმიანობა გრძელი ვადით დაგეგმონ. ამასთან, მესამე სექტორის წარმომადგენლები დაჟინებით არ მოითხოვენ, რომ მათი გეგმა სამოქმედო დოქტრინად იქნეს აღებული, თუმცა მთავრობას კი მოუწოდებენ, რომ მან, ფართო კონსულტაციების საფუძველზე, დროში გაწერილი რეალური პროგრამა შექმნას.

კვირის ბოლოს უკვე ამჟამინდელი ხელისუფლებისა და პრეზიდენტობის რეალური კანდიდატის მხრიდან გადაიდგა შემხვედრი ნაბიჯი: ზურაბ ჟვანია და მიხეილ სააკაშვილი ბიზნესმენებს შეხვდნენ. მართალია, ის, რაზეც სააკაშვილი საუბრობდა ამ შეხვედრაზე და უფრო ადრე - ნაციონალური მოძრაობის ყრილობაზე, არ შეიძლება ჩაითვალოს ეკონომიკურ პროგრამად, მაგრამ, ამ გამოსვლების გაანალიზების შედეგად, გარკვეული პროგნოზების გაკეთება მაინც შესაძლებელია.

მიხეილ სააკაშვილი ბიზნესმენებს კორუფციული აპარატის მომაბეზრებელი "მზრუნველობისა" და "კრიშებისაგან" გათავისუფლებას შეპირდა. მანვე საგადასახადო სისტემის რეფორმირებასა და შესაბამის კანონმდებლობაზე ერთობლივი მუშაობის შესახებ ისაუბრა. ბევრ საკითხში დარბაზი და პრეზიდენტობის კანდიდატი ერთსულოვანნი იყვნენ. კორუფციული გარემოს შეცვლა, საინვესტიციო კლიმატის გაჯანსაღება, საგადასახადო ტვირთის შემსუბუქება ის ორიენტირებია, რომელზეც სააკაშვილი საუბრობს. ბიზნესმენები ხელისუფლებასთან დიალოგის დაწყებით კმაყოფილნი არიან და ფიქრობენ, რომ, თუ ის პრიორიტეტები, რომელზეც ამ შეხვედრაზე იყო ყურადღება გამახვილებული, რეალიზებულ იქნა, მთლიანი ეკონომიკური გარემო უმოკლეს ხანში შეიცვლება.
მუდმივი კონტაქტი და თანამშრომლობისთვის მზადყოფნის გამოხატვა ურთიერთობის ის ფორმაა, რომელიც წინა რეჟიმისათვის ნაკლებად იყო დამახასიათებელი და, თუ ეს პროცესი მხოლოდ წინასაარჩევნო ტრიუკი არ არის, უნდა ვივარაუდოთ, რომ პრეზიდენტობის კანდიდატი იმ ძალას, რომელიც ქვეყნის აღორძინების დასაყრდენი უნდა გახდეს, მხოლოდ "ფულის ქისებად" არ აღიქვამს.
დღევანდელი სიტუაცია, როდესაც ქვეყანაში საერთოდ გაუკუღმართებულია საგადასახადო გარემო, როდესაც ფისკალური უდისციპლინობა და ადმინისტრირების სისუსტე შესაბამის ასახვას პოვებს სახელმწიფო ბიუჯეტზე, რომელიც წელს დაახლოებით 300 მილიონი ლარით გაირღვევა, ფაქტობრივად, ბიზნესსა და სახელმწიფო აპარატს შორის არსებულმა გაუცხოებამ გამოიწვია, გაუცხოებამ, რომლის მომსწრენიც ჩვენ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ვიყავით. ბუნებრივია, არავინ ელის იმას, რომ ახალი ხელისუფლება ეკონომიკურ სასწაულს უმოკლეს ხანში მოახდენს, - მით უმეტეს, როდესაც ხელისუფლებას მკვეთრად არა აქვს გამოხატული თავისი პროგრამა, ხოლო აღმასრულებელი ხელისუფლების დაკომპლექტების ამჟამინდელი პრაქტიკის მიმართ მრავალი კითხვის ნიშანი არსებობს. მაგრამ ის, რომ დიალოგის სურვილი პოლიტიკურმა ლიდერებმა უკვე გამოამჟღავნეს, გარკვეული იმედის საფუძველს იძლევა. ახლა მთავარია, ამ დიალოგში წყვეტა არ მოხდეს და, რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ამ ურთიერთობამ მხოლოდ ზეპირი საუბრების ხასიათი არ მიიღოს.
XS
SM
MD
LG