Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ძველი სამხედრო ელიტის უკანასკნელი აღლუმი


საქართველოს თითქმის ყველა სატელევიზიო არხმა პირდაპირ ეთერში უჩვენა

შაბათს გამართული სამხედრო აღლუმი რესპუბლიკის მოედანზე, სადაც ამერიკელი ინსტრუქტორების მიერ მომზადებულმა 111-ე ქვედანაყოფმა საზეიმო ფიცი დადო გარდამავალი ხელისუფლების წინაშე. აღლუმში მონაწილეობას ღებულობდა "წვრთნისა და აღჭურვის" პროგრამით მომზადებული ოთხივე ბატალიონი და საქართველოს მთელი სამხედრო ელიტა - ერთადერთი ინსტიტუტი, რომელსაც "ხავერდოვანი რევოლუციის" შემდეგ სულ უმნიშვნელო საკადრო ცვლილებაც კი არ შეხებია. მაგრამ ყველა ხვდება, რომ ახლოვდება ჟამი, როდესაც ძველ სამხედრო ელიტას ისევე ხავერდოვნად მოუწევს ასპარეზიდან წასვლა, როგორც მის უმაღლეს მთავარსარდალს, რომლის ნებაც სამხედროთა ფიცის ტექსტში უზენაეს კანონად იყო გამოცხადებული.


იმ ხუთი თვის განმავლობაში, რომელიც ერთმანეთისაგან აშორებს "წვრთნისა და აღჭურვის" პროგრამაში მონაწილე სამხედრო ბატალიონების წინა და მომდევნო გამოშვებას, ქვეყანაში მოხდა ფაქტი, რომელსაც ედუარდ შევარდნაძის ეპოქის დასასრული და "ხავერდოვანი რევოლუცია" ჰქვია. მაგრამ ის, ვინც შაბათს რესპუბლიკის მოედანზე გამართულ სამხედრო აღლუმს ადევნებდა თვალს, შეიძლება შექმნოდა შთაბეჭდილება, რომ ქვეყნის სამხედრო ცხოვრებაში პრინციპულად არც არაფერი შეცვლილა. იგივე თავდაცვის მინისტრი, იგივე გენერალიტეტი, იგივე ფუსფუსი და შეძახილები უმაღლესი სახელმწიფო პირების მოლოდინში - ვთქვათ, ასეთი: ჟურნალისტებს გთხოვთ ნუ გადახვალთ წითელ ზოლზე, გაათავისუფლეთ დერეფანი ხელისუფლებისთვის. უბრალოდ, ამ დერეფანში 13 დეკემბერს აღარ გამოჩენილა პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე, შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდალი, რომელიც 23 ნოემბერს, ოპოზიციისა და ხალხის მოთხოვნით, ნებაყოფლობით გადადგა თანამდებობიდან. ანტიტერორისტული ბატალიონების აღლუმის მიღება პირველად მოუხდა მოქმედ პრეზიდენტ ნინო ბურჯანაძეს, რამაც ცერემონიის სცენარში რამდენიმე ცვლილება მოითხოვა. კერძოდ, პირვანდელი ფიცის ტექსტიდან ბოლო მომენტში ამოღებულ იქნა სიტყვები "კანონიერად არჩეული პრეზიდენტის ნება იქნება უზენაესი კანონი", რასაც შეიძლებოდა დიდი გაუგებრობა გამოეწვია დროებითი მთავრობის წევრებში. თანაც, უამსიტყვებოდ ფიცის ტექსტი გაცილებით უფრო დემოკრატიული და ნათელი გახდა:

[ფიცის ტექსტი] "ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრივი ინტერესები მუდამ იქნება თითოეული ჩვენგანისათვის უმაღლესი ღირებულება. ამ საზეიმო ფიცს, ღვთის მადლით, არასოდეს გავტეხთ."

"წვრთნისა და აჭურვის" პროგრამით მომზადებული ბატალიონების სამხედრო აღლუმს საქართველოს მოქმედი პრეზიდენტი ნინო ბურჯანაძე ტრიბუნიდან თავის უმცროს ვაჟიშვილთან ერთად ადევნებდა თვალს. ეს ნამდვილად ახალი შტრიხია გარდამავალი ხელისუფლების წევრთა მოქმედებაში. ერთი კვირის წინ ვაზიანის ელიტარულ სამხედრო ბაზას პრეზიდენტობის კანდიდატი მიხეილ სააკაშვილიც პირმშოსთან ერთად ესტურა და სამხედრო სასადილოში ჯარისკაცული სადილიც გაასინჯა. მაგრამ, სააკაშვილისგან განსხვავებით, ნინო ბურჯანაძეს არაფერი უთქვამს, აპირებს თუ არა თავისი შვილიც იხილოს სამშობლოს დამცველთა რიგებში, თუმცა მოქმედ პრეზიდენტს არ დაუმალავს, რომ გულწრფელად ამაყობს ქართველი ჯარისკაცების არჩევანით:
[ნინო ბურჯანაძის ხმა] "საზეიმოდ გილოცავთ წვრთნის დამთავრებას. თქვენ გაქვთ საფუძველი ამაყად ატაროთ ჯარისკაცის მუნდირი. საქართველო კი ყოველთვის იამაყებს ქვეყნის მთლიანობისა და სტაბილურობის ღირსეული დამცველებით. თქვენ გააკეთეთ უაღრესად საპატიო და დასაფასებელი არჩევანი სამშობლოსთვის განსაკუთრებული სამსახურის გასაწევად."

და მაინც, რას წარმოადგენს "წვრთნისა და აღჭურვის" პროგრამით მომზადებული ნომერი 111-ე ბატალიონი და შინაგანი ჯარისა და საზღვრის დაცვის დეპარტამენტის თითო-თითო ოცეული? ამ ქვედანაყოფის რეალური საბრძოლო პოტენციალი ყველაზე უკეთ ინსტრუქტორებმა, ამერიკელმა საზღვაო ქვეითებმა და მათმა მეთაურმა მაიორმა ჩარლზ ვესტერნმა იციან. "ქართველ ჯარისკაცებთან ერთად მზად ვარ ნებისმიერ ბრძოლაში მივიღო მონაწილეობა",- ასე აფასებს ყოფილი აღსაზრდელების ბრძოლისუნარიანობას მაიორი ჩარლზ ვესტერნი.

[ჩარლზ ვესტერნის ხმა] "სულ რაღაც 13 კვირის წინ ერთ მარტივ შეკითხვას ვსვამდით, რომელიც თანამებრძოლის მიმართ ყველა ჯარისკაცს უჩნდება: ვენდობი თუ არა ამ ადამიანს ტყვიების ზუზუნში? ეჭვი არ მეპარება, რომ ქართველი ჯარისკაცების პასუხი ამ კითხვაზე უკვე დადებითია. მე სიამაყით გავყვებოდი ასეთ ხალხს მსოფლიოს ნებისმიერ ნაწილში და ვიმსახურებდი მათთან ერთად."

მაგრამ ვის გაჰყვება თავად ქართული ჯარი და ვინ უხელმძღვანელებს სამხედრო უწყებას მომავალ წელს? მას შემდეგ, რაც გენერალ-ლეიტენანტმა ჯონი ფირცხალაიშვილმა 2 ნოემბრის არჩევნებში მონაწილეობის მიღება გადაწყვიტა, შეიარაღებული ძალები, მესამე თვეა, ფაქტობრივად, გენერალური შტაბის უფროსის გარეშეა დარჩენილი. ხოლო დავით თევზაძე, რომელმაც რევოლუციური სამეულის მიმართ ლოიალობის გამო დროებით შეინარჩუნა მინისტრის სავარძელი, შეგუებულია იმას, რომ 2004 წლიდან მისი ექვსწლიანი მინისტრობა, თუ სასწაული არ მოხდა, აღარ უნდა გაგრძელდეს. ქვეყნის საერთაშორისო ვალდებულების თანახმად, მომავალი წლიდან სამხედრო უწყების მართვა სამოქალაქო პირმა უნდა განახორციელოს. დროის ამ მოთხოვნას წინ ვერაფერი დაუდგება - ქვეყნის ახალი პრეზიდენტისა და ახალი უმაღლესი მთავარსარდლის არჩევით, საქართველოში უნდა დამთავრდეს ძველი,სანახევროდ საბჭოური და სანახევროდ დასავლური, სამხედრო ელიტის ეპოქა, რომელიც 10 წელიწადს გრძელდებოდა.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG