Accessibility links

logo-print

ემუქრება თუ არა საქართველოს უკომპოზიტოროდ დარჩენა?


თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიამ ყველას დაასწრო:

ტრადიციული საახალწლო კონცერტები კონსერვატორიაში 18 დეკემბერს დაიწყება. მართალია, ამჯერად თბილისში არ ჩამოვა ლიანა ისაკაძე - ჩამოვლენ სხვები: ბრიტანელი პიანისტი პირს ლეინი, ფრანგი მუსიკოსები - ჟერომ პერნო, ჟერომ დიუკრო, პოლ მეიერი, ამერიკელი პიანისტი ჯონ ბეილისი, ჰოლანდიელი დირიჟორი ლევ მარკიზი. ეს უკანასკნელი სათავეში ჩაუდგება კონსერვატორიის სტუდენტურ ორკესტრს, რომელიც 30 დეკემბერს, კონსერვატორიის რექტორ მანანა დოიჯაშვილთან ერთად, შუბერტის, შოსტაკოვიჩის, მენდელსონის ნაწარმოებებს შეასრულებს. რადიო "თავისუფლებასთან" საუბარში მანან დოიჯაშვილმა თავის სოლო-კონცერტზე საუბარი არ ისურვა. კონსერვატორიის რექტორმა აღნიშნა, რომ მისთვის ბევრად უფრო მნიშვნელოვანი უცხოელი სტუმრების კონცერტებია. ქალბატონ მანანას თქმით, უცხოელ მუსიკოსებს საქართველოში შექმნილი მდგომარეობა არ აშინებთ, პირიქით, ნოემბრის ამბებმა კიდევ უფრო მეტად გაზარდა ინტერესი საქართველოს მიმართ. თუმცა მუსიკის მოყვარულებისთვის არც გამოჩენილი უცხოელი არტისტების ეს "საახალწლო ტურნე" უნდა იყოს მთავარი. საახალწლო კონცერტების ორგანიზატორები აღნიშნავენ, რომ პროგრამის "მარგალიტი" იქნება ნანა დიმიტრიადის კომპაქტ-დისკის პრეზენტაცია, რომელიც კონსერვატორიაში 27 დეკემბერს გაიმართება. "ხეივნის ბოლო და ისევ სევდა" - ასე დაარქვეს ავტორებმა ცნობილი პიანისტის ალბომს, რომელშიც, ძირითადად, ჩართულია იმპროვიზაციები პოპულარული კინოფილმების მელოდიებზე. მანანა დოიჯაშვილის თქმით:

[მანანა დოიჯაშვილის ხმა]: "ნანას რაც ყურზე ხვდება, ყველაფერს უკრავს, განსაკუთრებით მოსწონს კინო… ნანას აქვს განსაკუთრებული სტილი. მე არავინ არ ვიცი, ვინც ასე უკრავს, თავისი ხელწერა აქვს."

ახალი კომპაქტ-დისკის მოსმენის საშუალება მუსიკის მოყვარულებს 27 დეკემბერს ექნებათ. თუმცა რადიო "თავისუფლების" მსმენელს ჩვენ დღესვე შეგვიძლია შევთავაზოთ ფრაგმენტი ერთი კომპოზიციიდან, რომელსაც ნანა დიმიტრიადი ასრულებს.

[უკრავს ნანა დიმიტრიადი]

ბუნებრივია, კონსერვატორიის რექტორთან საუბარში რადიო "თავისუფლებამ" გვერდი ვერ აუარა იმ პრობლემებს, რომელიც დღეს ქართველ მუსიკოსებს აწუხებთ. ასეთი მასშტაბის საახალწლო ფესტივალის მოწყობა შესაძლებელი გახდა იმიტომ, რომ კონსერვატორიის დირექციამ, მინიმალური თანხებით, გაარემონტა შენობა და "აღადგინა" მუსიკალური ცხოვრება ქვეყნის მთავარ მუსიკალურ დარბაზში:

[მანანა დოიჯაშვილის ხმა] "ჩვენ გვყავს მზრუნველთა საბჭო, რომელიც ყოველთვის თანხებს იღებს იმისათვის, რომ კონსერვატორიის შენობა, რომელიც უძრავ ძეგლთა სიაშია შესული და, მოგეხსენებათ, წელს მცირე დარბაზს ასი წელი უსრულდება… და ეს არის, მართლაც, უნიკალური დარბაზი. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს დარბაზი ასი წლის შემდეგ ისევ გაბრწყინდება, ძალიან დიდი თანხა სჭირდება ამ დარბაზს… ბიბლიოთეკის პრობლემები გვაქვს ძალიან დიდი, მძიმე მდგომარეობაშია."

მომავალ წელს კონსერვატორიის დარბაზის იუბილეა. მაგრამ მუსიკოსებს სხვა თარიღების აღნიშვნაც მოუწევთ, მათ შორის, ქართული მუსიკის კლასიკოსის შალვა მშველიძის დაბადების ასი წლისთავის აღნიშვნაც. მანანა დოიჯაშვილის თქმით, ქართული კლასიკური მუსიკის პროპაგანდა დღეს იმიტომაცაა აუცილებელი, რომ კონსერვატორიაში საკომპოზიტორო ფაკულტეტი პოპულარობას კარგავს და, თუ ასე გაგრძელდა, ქვეყანას, შესაძლოა, საერთოდ აღარ ჰყავდეს კომპოზიტორები:

[მანანა დოიჯაშვილის ხმა] "თანამედროვე მუსიკის პრობლემები ყველგან დგას და ჩვენთან - განსაკუთრებით, იმიტომ რომ… პრაქტიკულად კომპოზიტორები, როგორც ასეთი, შემოგვეცალნენ, საკომპოზიტორო ფაკულტეტზე არავინ მოდის. ეს ეხება საერთოდ კლასიკურ მუსიკას. ჩვენთან ის უწყვეტი ჯაჭვი, რომელიც არსებობდა… პირველ რიგში, აქტიურად მოქმედებდა ინტერნატი, რომელიც იყო ნიჭიერთა ათწლედთან. მთელი საქართველოდან საუკეთესო, ნიჭიერ ბავშვებს კრეფდნენ - ასწავლიდნენ, განათლებას აძლევდნენ, მერე მოდიოდნენ კონსერვატორიაში. მაგრამ ახლა აღარ არსებობს. იქ შეჭრილები არიან ლტოლვილები და ეს ორგანიზაცია აღარ ფუნქციონირებს…. არადა, ძნელი წარმოსადგენია საქართველო მუსიკოსების გარეშე."

ქართველი კომპოზიტორების გარეშე საქართველო, მართლაც, ძნელი წარმოსადგენია. თუმცა მსოფლიო ქართველი კომპოზიტორების ნაკლებობას არ განიცდის. არაერთი ნიჭიერი კომპოზიტორი დღეს საზღვარგარეთ წარმატებით მოღვაწეობს. ერთ-ერთი მათგანი, ირაკლი ცინცაძე, ქართველი კომპოზიტორის, სულხან ცინცაძის, ვაჟი, რომელმაც გერმანიაში კომპაქტ-დისკი გამოსცა, ამ კვირაში თბილისში ჩამოვიდა და განაცხადა, რომ გერმანული საგამომცემლო ფირმა "მიუზიკ ფერლდი" აპირებს ქართველი კომპოზიტორების ჩანაწერების გამოცემას, რაც საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის 120 წევრს დაასაქმებს. უფრო მეტიც, ირაკლი ცინცაძე უკვე იწყებს მუშაობას თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში ჰოფმანის ნოველის მიხედვით შექმნილი თავისი ბალეტის, "მეფის საპატარძლოს", დადგმაზე.

ირაკლი ცინცაძემ თავისი გეგმების შესახებ ისაუბრა ამ დღეებში საქართველოს კულტურის სამინისტროში მოწყობილ ბრიფინგზე. თუმცა ბრიფინგის მთავარი თემა ეს არ იყო. ჟურნალისტებს აქ
კულტურის სფეროში მოღვაწე 42 ცნობილი პიროვნების წერილი გააცნეს. ოთარ მეღვინეთუხუცესმა, გია ბუღაძემ, ბიძინა კვერნაძემ და სხვებმა ნინო ბურჯანაძეს და ზურაბ ჟვანიას მიმართეს თხოვნით, დატოვონ სესილი გოგიბერიძე თანამდებობაზე, იმ მოტივით, რომ "სესილი გოგიბერიძის მინისტრობის პერიოდში მომზადდა და დაიწყო კულტურის სფეროს რეფორმის პროცესი". თავად კულტურის მინისტრი ამ დროს საქართველოში არ იმყოფებოდა. თუმცა წერილის ავტორებს, როგორც ჩანს, ჰქონდათ ინფორმაცია, რომ ახალი ხელისუფლება კულტურის ახალი მინისტრის კანდიდატურებზე მსჯელობდა. საინტერესოა, რომ კულტურის მინისტრის პოსტი საქართველოში კვლავაც პრესტიჟულად ითვლება, მიუხედავად იმისა, რომ ხაზინა ცარიელია და დღესდღეობით, ალბათ, ვერც ერთი მინისტრი ვერ შეძლებს დაარწმუნოს ხელისუფლება კულტურის დაფინანსების აუცილებლობაში. სხვათა შორის, ქართული კულტურის მოღვაწეებიც ვერ დაარწმუნებენ, ალბათ, საზოგადოებას, რომ ასეთი სამინისტრო არ არის მხოლოდ ბიუროკრატიული დანამატი და რომ კულტურის ჩინოვნიკებს მართლაც შეუძლიათ ადგილიდან დაძრან ქართულ კულტურა. "რეფორმა", რომლის შესახებ საუბრობენ სესილი გოგიბერიძის მხარდამჭერი კულტურის მუშაკები, გულისხმობს სპონსორების მიზიდვას და კულტურაზე გადასახადების გაუქმებას... სხვაგვარად რომ ვთქვათ, მეცენატებმა უნდა დაიჯერონ, რომ კულტურის სფეროს დაფინანსება მათ არა მარტო პოპულარულს გახდის საზოგადოებაში, არამედ ფინანსურ მოგებასაც მოუტანს. მაგრამ კულტურის სამინისტროს ბიუროკრატული აპარატი ნუთუ მხოლოდ იმიტომაა საჭირო, რომ "მეცენატებმა დაიჯერონ"? კონსერვატორიის მაგალითი ცხადყოფს, რომ ამის გაკეთება სამინისტროს გარეშეც შესაძლებელია. ფაქტია, რომ სწორედ კონსერვატორიამ დაასწრო ყველას: იმ დროს, როცა კულტურის მოღვაწეები ხელისუფლებას ღია წერილებს უგზავნიდნენ, მუსიკოსები საახალწლო კონცერტებისთვის ემზადებოდნენ.
XS
SM
MD
LG