Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნოდარ ახალკაცი - პროფესიონალი არაპროფესიონალთა ქვეყნიდან


ელგუჯა ბერიშვილი, თბილისი დღევანდელი სპორტული პროგრამა ეძღვნება სახელოვან ქართველ მწვრთნელს ნოდარ ახალკაცს

ნოდარ ახალკაცი დაიბადა თბილისში 1938 წლის 2 იანვარს. თამაშობდა თბილისის "ლოკომოტივში", 1960-66 წლებში მუშაობდა ამავე გუნდის მთავარ მწვრთნელად, 1974-1975 წლებში იყო თბილისის "დინამოს" საფეხბურთო გუნდის უფროსი, 1976-1983 და 1985-1986 წლებში მთავარი მწვრთნელი. 1981-82 წლებში წვრთნიდა საბჭოთა კავშირის ნაკრებს, 1990-1998 წლებში იყო საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი. მისი ხელმძღვანელობით თბილისის "დინამომ" მოიპოვა ევროპის ქვეყნების თასების მფლობელთა თასი, გახდა საბჭოთა კავშირის ჩემპიონი და თასის ორგზის მფლობელი. გარდაიცვალა მოსკოვში 1998 წლის 25 იანვარს.

ნოდარ ახალკაცთან ერთად ქართული ფეხბურთის ერთი დიდი ეპოქა დასრულდა. ეს ეპოქა თავად ახალკაცმა შექმნა. ჩვენი ფეხბურთის ისტორიაში ახალკაცს განსაკუთრებული ადგილი ერგო. ის ცოტას თუ უყვარდა, მაგრამ პატივს ყველა სცემდა. ხასიათს უწუნებდნენ, თუმცა მისი ნიჭი და ერუდიცია საეჭვო არასოდეს გამხდარა - ქართული ფეხბურთის უმთავრესი გამარჯვებები ხომ სწორედ ახალკაცის სახელს უკავშირდება. მას ბევრი მოშურნე და მოპაექრე ჰყავდა, მაგრამ კლდესავით მიუდგომელს, ქედი არავისთვის მოუხრია და ბოლომდე გაუტეხელი დარჩა. მან ფეხბურთში შექმნა თავისი სამყარო, რომლის ბატონ-პატრონიც თავად იყო. როცა დავით ყიფიანს ჰკითხეს, თქვენს მწვრთნელში ყველაზე მეტად რას აფასებთო, დაუფიქრებლად უპასუხა: "პროფესიულ პატიოსნებას და მოქალაქეობრივ პრინციპულობას. მას ვერაფერი და ვერავინ შეაცვლევინებს თავის პრინციპებს - ვერც ცხოვრებისეულს და ვერც სპორტულს." ალბათ, იგივეს იტყოდა ყიფიანის ნებისმიერი თანაგუნდელი, ვისაც ახალკაცის სკოლა გამოუვლია და თბილისის "დინამოს " დიდ გუნდში უთამაშია. მოგვიანებით, ყოფილი დინამოელები ახალკაცის გვერდში დადგნენ, როცა 1990 წელს საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია საბჭოთა ფედერაციას გამოეყო და ჩვენს ფეხბურთში ახალი წელთაღრიცხვა დაიწყო. სამოქალაქო ომისა და შემდგომი არეულობის წლებში ახალკაცმა და მისმა მხარდამჭერებმა საფუძველი ჩაუყარეს დამოუკიდებელ ეროვნულ ჩემპიონატს და საერთაშორისო სარბიელზე გაიყვანეს საქართველოს ნაკრები. ჩვენ საშუალება გვაქვს მოგასმენინოთ ფედერაციის დამფუძნებელ ყრილობაზე ახალკაცის გამოსვლის ერთი ფრაგმენტი.

[ნოდარ ახალკაცის ხმა]: "ახალი ფედერაცია უნდა წავიდეს პროფესიონალური გზით. ფეხბურთი საქართველოში უნდა გახდეს პროფესიონალური და ფეხბურთს უნდა მოუარონ სპეციალისტებმა. აქ სხვა აზრი არ არსებობს. მე ვარ დარწმუნებული ერთ რამეში, რომ როგორც საქართველოს თავისი იდეალები გააჩნის და ეს წმინდა და ძლიერი იდეალია, ასევე ფეხბურთს თავისი ძლიერი მხარეები აქვს. მე იმის თქმა მინდა, რომ სიძნელეები ძალიან ბევრი იქნება, მაგრამ მე არ ვეთანხმები არც ფეხბურთის მოყვარულებს, არც სპეციალისტებს, არც ფეხბურთელებს, რომლებიც ამბობენ, რომ აი, ჩვენ რომ ეროვნული ჩემპიონატები ვითამაშოთ, საქართველოს ფეხბურთი დაეცემა."

ყრილობაზე ახალკაცმა თავისი სიტყვა ასე დაასრულა: "მოდით, საქართველოს კარსმომდგარი თავისუფლება დავინახოთ და ფეხბურთის საქმეც ისე მოვაწყოთ, როგორც ახალ დროს და ჩვენს ერს ეკადრება." მაშინ ახალკაცს ბევრი მოწინააღმდეგე გამოუჩნდა, მაგრამ მისი აზრი მაინც გადამწყვეტი გამოდგა. ახალკაცმა დროს გაუსწრო და ამაში მოვლენების განვითარებამ დაგვარწმუნა-ასე ფიქრობს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მწვრთნელთა განათლების ცენტრის დირექტორი გაიოზ დარსაძე.

[გაიოზ დარსაძის ხმა]: "ბატონი ნოდარი არა მარტო დიდი მწვრთნელი იყო, არამედ ორგანიზატორული თვისებებითაც გამოირჩეოდა. ქართულ ფეხბურთს დღეს ძალიან აკლია ასეთი მოღვაწეები".

პროფესიონალი არაპროფესიონალთა ქვეყანაში - ასე მოიხსენიებდნენ ნოდარ ახალკაცს უცხოელი ჟურნალისტები, რომლებმაც ქართველი მწვრთნელი 1970-იან წლებში გაიცნეს, 1981 წლის 13 მაისის ევროპული გამარჯვების შემდეგ კი ფეხბურთის დიდ სპეციალისტთა რიგებში ჩარიცხეს. გავლენიანი გერმანული ჟურნალის "კიკერის" მთავარი რედაქტორი კარლ-ჰაინც ჰაიმანი დიუსელდორფის ფინალური მატჩის შეფასებისას, დინამოელთა ოსტატობასთან ერთად, განსაკუთრებით გამოყოფდა მწვრთნელის ალღოს და ერუდიციას. "კარგა ხანია ყურადღებით ვაკვირდები ახალკაცის საქმიანობას,- წერს ჰაიმანი, - ის ნამდვილი სტრატეგია, იცის რა უნდა და როგორ მიაღწიოს გამარჯვებას." ჰაიმანს კვერს უკრავენ მისი სხვა ცნობილი კოლეგები და ფეხბურთის ევროპელი სპეციალისტები. ნიშანდობლივია, რომ საქართველოში ახალკაცის დამსახურებას, კოლეგებზე მეტად, ფეხბურთის გულშემატკივრები და კულტურის მოღვაწეები აფასებდნენ. ბევრ მათგანთან ახალკაცს ახლო ურთიერთობა ჰქონდა. ცნობილი კომპოზიტორი ვაჟა აზარაშვილი იხსენებს.

[ვაჟა აზარაშვილის ხმა]: "ძალზე განათლებული კაცი იყო, ნებისმიერ თემაზე დაგელაპარაკებოდათ - გნებავთ ხელოვნებაზე, მუსიკაზე, სულ ერთია... უნგრული ფეხბურთი, ესპანური ფეხბურთი, გერმანული ფეხბურთი... თავისი დაკვირვებები, თავისი ცნობები საქაღალდეებში ჰქონდა ჩალაგებული. უამრავი წიგნები... ჩვენ ვიცით, რომ მას ცოტა ეძინა, ღამეებს კითხვაში ატარებდა. ამ კაცმა იმდენი გააკეთა, არავის რომ არ გაუკეთებია, არც ერთ მწვრთნელს. დღეს ბატონი ნოდარი ლეგენდად იქცა, ქართული ფეხბურთის უდიდესი წარმატებების სულის ჩამდგმელად."

ნოდარ ახალკაცის გარდაცვალებასთან ერთად დასრულდა ქართული ფეხბურთის ერთი დიდი ეპოქა. ეს ეპოქა თავად ახალკაცმა შექმნა - რთული, მაგრამ გამარჯვებული, წინააღმდეგობრივი, მაგრამ პროგრესული. ახალკაცი "არ იყო ლამაზი სიტყვების, მოხდენილი კოსტიუმების, იაფი ნაბიჯების მოყვარე. ის ფიქრის კაცი გახლდათ, ფიქრისა და ფეხბურთის".
XS
SM
MD
LG