Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სადამ ჰუსეინის დატყვევება არ ნიშნავს აშშ-ისა და მისი მოკავშირეების ჯარებზე თავდასხმების შეწყვეტას


სადამ ჰუსეინის დაპატიმრებას ერაყისა და აშშ-ის ოფიციალური წარმომადგენლები შემობრუნების წერტილად მიიჩნევენ ერაყში სტაბილური ვითარების დამყარების თვალსაზრისით.

მაგრამ ჯერჯერობით მაინც არ არის გარკვეული, რა როლს ასრულებდა ჰუსეინი წინააღმდეგობის მოძრაობაში და რას მოიმოქმედებენ ის ძალა თუ ძალები, რომლებიც ტერორს მიმართავდნენ უცხო და ერაყელი სამხედროებისა და არა მარტო მათს მიმართ.

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა განაცხადა, რომ ჰუსეინის დატყვევებამ წერტილი დაუსვა იმათ სავალ გზას, ვინც მისი სახელით ხოცავდა. ერაყელებიც, როგორც ითქვა, ოპტიმისტურად არიან განწყობილი. აი, რა განაცხადა ერაყის საგარეო საქეთა მინისტრმა ჰოშიარ ზებარიმ: "მე მტკიცედ მწამს, რომ ეს სადამის დარჩენილ მომხრეთა დემორალიზაციას გამოიწვევს, რადგან მათ იდელოგიური შთაგონების წყარო დაკარგეს. სადამის მომხრეები შიშს თესავდენენ ხალხის გულებსა და გონებაში, და ბევრ ერაყელს არც შეეძლო გამოსულიყო და რაიმე ეთქვა ან მონაწილეობა მიეღო თავისი ქვეყნის აღდგენაში."

ასეთია ზებარის აზრი. მაგრამ ჩნდება კითხვა, შეეძლო კი ჰუსეინს, რომელიც სარდაფში მიაგნეს, ყოველგვარი საკომუნიკაციო საშუალების გარეშე, ერთი პისტოლეტისა და ფულის ამარა, ემართა ერაყელთა წინააღმდეგობის მოძრაობა? როგორც ზემოთაც აღინიშნა, ორშაბათს ბაღდადის რაიონში ორი თავდასხმა მოხდა და ათი კაცი დაიღუპა.

ლონდონის სტრატეგიული კვლევის საერთაშორისო ინსტიტუტის კონტრტერორიზმის განყოფილების თანამშრომელი ჯონათან სტივენსონი დარწმუნებულია, რომ ერაყის ყოფილი დიქტატორი ამ ეტაპზე არ იყო პირდაპირ ჩართული ანტიამერიკული ოპერაციების წარმოებისა და გაძღოლის საქმეში.

[ჯონათან სტივენსონის ხმა] "ის პირობები, რომელშიც ჰუსეინი დაიჭირეს, აშკარას ხდის, რომ მას აჯანყებაზე არავითარი კონტროლი არ ჰქონია. ეს კი გვაფიქრებინებს, რომ არიან სხვები, ვინც ამ ოპერაციების სამეთაურო კონტროლი გადაიბარა."

სტივენსონის აზრით, ამბოხს ჰუსეინის ის მომხრეები ხელმძღვანელობენ, რომლები განსაკუთრებით ერთგულებენ ბაათის, ანუ ყოფილ მმართველ პარტიას.

სტივენსონი იმასაც ამბობს, რომ თვით ჰუსეინის მომხრეთა გარდა, ერაყის წინააღმდეგობის მოძრაობაში მნიშვნელოვან როლს ითამაშებენ ისლამისტი მებრძოლები, როგორც ის უწოდებს "ჯიჰადისტები", სხვა ქვეყნებიდან ერაყში ჩასული პირები, რომლებიც აშშ-ის არმიაზე თავდასხმების განხორციელებას ამერიკის წინააღმდეგ დიდი ომის ნაწილად მიიჩნევენ. სტივენსონის აზრით, ეს უკანსკნელნი პირიქით, იხეირებენ კიდეც ჰუსეინის დაჭერით, მათ წინააღმდეგობის გაწევის უფრო ძლიერი მოტივაცია ეძლევათ. სადამ ჰუსეინის ხელში ჩაგდება რომ ერაყში ძალადობის დასრულებას არ ნიშნავს, აშშ-ის მთავრობის წარმომადგენლებმაც გამოაცხადეს. კვირას სახელმწიფო უშიშროების საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველმა კონდოლიზა რაისმა განაცხადა:

[კონდოლიზა რაისის ხმა] "ეს არის ბრძოლა, რომელიც გაგრძელდება. ჩვენ მოველით, რომ ძალადობა არ შეწყდება. ჩვენ მოველით, რომ ის, ვინც კარგავს პრივილეგიებს და ვინც ტერორში ამყოფებდა თავის თანამოქალაქეებს, გააგრძელებს მცდელობას, კვლავაც ტერორში ამყოფოს თანამოქალაქეები."

აშშ-ის პრეზიდენტმა, გაუკეთა რა კომენტარი ჰუსეინის დატყვევებას, თქვა: ჩვენ კვლავაც გვიპირისპირდებიან ტერორისტები, ისინი უმალ უდანაშაულო ხალხის ხოცვას განაგრძობენ, ვიდრე ახლო აღმოსავლეთის შუაგულში თავისუფლების აღმოცენებას შეეგუებიანო.

  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG