Accessibility links

logo-print

საარჩევნო კომისიებმა მუშაობა დაიწყეს


დავით პაიჭაძე, თბილისი 15 დეკემბერს საქართველოში გაიხსნა საუბნო საარჩევნო კომისიები. ორშაბათიდან მოქალაქეებს შეუძლიათ მივიდნენ და ამომრჩევლებად დარეგისტრირდნენ საარჩევნო უბნებში.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ამომრჩეველთა სიების დასადგენად ეს ეტაპი აუცილებლად მიიჩნია. როგორ ჩაიარა პირველმა დღემ და რა შედეგებს მოელიან საუბნო კომისიათა წევრები?

ამომრჩეველთა რეგისტრაციის პირველ დღეს სურათი მაინცდამაინც დამაიმედებელი არ იყო: ბლანკები მოქალაქეთა საარჩევნო რეგისტრაციის განაცხადისათვის საუბნო კომისიებში ნაშუადღევს მიიღეს, ასე რომ, უბნებში დილიდან მისული რამდენიმე აქტიური მოქალაქე დროებით რეგისტრაციის გარეშე დარჩა. საღამოს ხუთი საათისათვის უბნებზე მისულ და დარეგისტრირებულ მოქალაქეთა რიცხვი იშვიათად აღემატებოდა ერთ ათეულს. თუმცა საუბნო საარჩევნო კომისიებში ეს საგანგაშოდ არ მიაჩნიათ.

დავით აბაზაშვილი თბილისის საბურთალოს მესამე საარჩევნო ოლქის მეექვსე უბნის კომისიის თავმჯდომარეა. ის ამბობს, რომ 4 იანვარს მისთვის, როგორც საარჩევნო ადმინისტრაციის წევრისათვის, მე-8 არჩევნები იმართება. თავმჯდომარის რანგში არჩევნებს პირველად ხვდება. დავით აბაზაშვილი დარწმუნებულია, რომ მისდამი რწმუნებულ უბანში 3 ათასი ამომრჩევლის აღრიცხვას მოახერხებენ. ამ სიუჟეტის ავტორი სავარაუდო სამი ათასიდან მეოთხე იყო.

2 ნოემბრის შემდეგ კომისიათა შემადგენლობა შეიცვალა. დავით აბაზაშვილს მიაჩნია, რომ ცვლილებებით ხარისხი არ გაუარესებულა:

[აბაზაშვილის ხმა] "კომისიის წევრებმა წინა, 2 ნოემბრის, არჩევნებშიც მიიღეს მონაწილეობა. ზოგი ამ უბანში იყო, ზოგიც - სხვაგან, მაგრამ ყველას აქვს საარჩევნო გამოცდილება."

მე ვკითხე დავით აბაზაშვილს, რა ესახება საუბნო კომისიის მთავარ პრობლემად არჩევნების საორგანიზაციო პროცესში:

[აბაზაშვილის ხმა] "მონდომების ამბავია: მოინდომებ და ყველაფერს გააკეთებ. თორემ სახლში მისვლა და ადამიანების აღწერა, ასევე იმის დადგენა, რამდენია მომსვლელი - პრობლემას არ წარმოადგენს. ჩვენ გვყავს ხალხი, რომელიც ივლის კარდაკარ, შეამოწმებს და დაადგენს ამომრჩევლებს. პრობლემა შეიძლება იყოს არჩევნების დღეს უბანში მისვლა და ნების გამოხატვა."

საუბნო კომისიის თავმჯდომარე ამბობს, რომ არ აშფოთებს ამომრჩეველთა რეგისტრაციის პირველ დღეს მოქალაქეთა პასიურობა. როგორც წესი, მოქალაქეები მომდევნო დღეებში მოდიან, თანაც უმეტესობა საღამოსკენ, როცა სამუშაო დღე მთავრდება, ამბობს აბაზაშვილი. რაც შეეხება არჩევნების წინ კომისიაში შრომის განაწილებას, აბაზაშვილი აღნიშნავს:

[აბაზაშვილის ხმა] "საქმე განაწილდება კომისიის ყველა წევრზე. მე მაქვს კორპუსების სია. ორ-ორ კაცს მივცემ ორ-სამ კორპუსს და ისინი პასუხს აგებენ ამომრჩეველთა აღრიცხვა-რეგისტრაციაზე. შემდეგ მე შევამოწმებ მათ სიას სახლმმართველობათა თავმჯდომარეებთან. ეს უკვე ჩემი ფუნქციაა."

გარკვეული პრობლემა შეიძლება შექმნას დაუკომპლექტებელმა საარჩევნო კომისიებმა. თბილისის კიდევ ერთი, 29-ე, საუბნო კომისიის თავმჯდომარე ჯემალ იაქაშვილი მეუბნება, რომ კომისიაში 15-ის ნაცვლად ჯერ 8 წევრია.

[იაქაშვილის ხმა] "როგორც გუშინ დავით გამყრელიძემ განაცხადა, ჩვენ ყველა კომისიაში მივიღებთ მონაწილეობასო. ასე რომ, იქიდან ერთ კაცს ველოდებით. აღორძინება, ალბათ, არ მიიღებს მონაწილეობას. მრეწველებიდან ველოდებით ორ კაცს, თუ იმათაც ბოიკოტი არ გამოაცხადეს."

ამის მიუხედავად, კომისია 15 კაცამდე მაინც ვერ შეივსება, თუმცა თავმჯდომარე ამბობს, რომ ამომრჩეველთა სიის დაკომპლექტებას მაინც გაართმევენ თავს. რაც შეეხება უბნებზე სარეგისტრაციოდ მისულ მოქალაქეთა რაოდენობის სავარაუდო რიცხვს, ჯემალ იაქაშვილის პროგნოზით, ამას 350-400 ადამიანი გააკეთებს.
XS
SM
MD
LG