Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარტიები ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილებას ასაჩივრებენ


თამარ ჩიქოვანი, თბილისი სოციალისტური პარტია, ლეიბორისტები, ახალი მემარჯვენეები და პოლიტიკური გაერთიანება "საქართველოს იურისტები" ასაჩივრებენ ცენტრალური საარჩევნო კომისიის 54-ე დადგენილებას, რომელიც 4 იანვრის

საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ამომრჩეველთა სიის ფორმირების წესს განსაზღვრავს. ხსენებული პოლიტიკური ორგანიზაციების განცხადებით, ცენტრალური საარჩევნო კომისიის ამ დადგენილებით შემოღებული ამომრჩევლის წინასწარი რეგისტრაცია არღვევს საარჩევნო კოდექსს.


2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნების "აქილევსის ქუსლი" - საარჩევნო სიები კვლავ პოლიტიკურ ძალთა დაპირისპირების საგნად რჩება. სოციალისტური პარტია, ახალი მემარჯვენეები, პოლიტიკური გაერთიანება "საქართველოს იურისტები" და ლეიბორისტული პარტია ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილებას არჩევნებამდე ამომრჩეველთა რეგისტრაციის შესახებ საოლქო სასამართლოში ასაჩივრებენ. ამჯერადაც არავის დაუთმეს პირველობა ლეობორისტებმა - როგორც არაერთხელ მომხდარა ადრეც, სასამართლოში სარჩელი პირველმა სწორედ შალვა ნათელაშვილმა შეიტანა. თუმცა საოლქო სასამართლომ ოთხივე სარჩელი გააერთიანა. შესაბამისად, სარჩელის ავტორებს ერთად მოუწევთ იმის დასაბუთება, რომ ამომრჩევლის წინასწარი რეგისტრაციის შემოღება ეწინააღმდეგება საარჩევნო კოდექსს. შეგახსენებთ: კოდექსის თანახმად, ამომრჩევლის სია იქმნება შინაგან საქმეთა, ლტოლვილთა და განსახლების, იუსტიციის, საგარეო საქმეთა სამინისტროებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ წარმოდგენილი მონაცემების საფუძველზე. სოციალისტური პარტიის წარმომადგენლის, პარლამენტარ ზაქრო ქუცნაშვილის განცხადებით, კანონდარღვევა აშკარაა:
[ ზაქრო ქუცნაშვილის ხმა] " როგორც იურისტი, გეუბნები, რომ კანონი ჩვენს მხარესაა."
მისივე განმარტებით, ძნელი გამოსაცნობი არ არის, რატომ შემოიღო ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ წინასწარი რეგისტრაცია:
[ ზაქრო ქუცნაშვილის ხმა] " პირველი - რომ ხელოვნურად შემცირდეს ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა, რაც საპრეზიდენტო არჩევნებში გასამარჯვებლად აუცილებელ რაოდენობას ხელოვნურად ამცირებს; მეორე - რომ ამომრჩეველი მოხვდეს რამდენიმე ადგილას სიაში. და მესამე - რომ ერთიანი სია არ არსებობდეს, რადგან ამით ერთიან სიას ვერ დაადგენ. აი, ეს არის სამი კონკრეტული მიზანი, რომელსაც ისახავს ეს უკანონო დადგენილება."
პარლამენტარი ვახტანგ ხმალაძე, მთლიანობაში, მხარს უჭერს საქართველოში ამომრჩეველთა წინასწარი რეგისტრაციის შემოღების იდეას, ოღონდ ისიც აღიარებს, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება ეწინააღმდეგება საარჩევნო კოდექსს, სადაც წინასწარ რეგისტრაციაზე არაფერია ნათქვამი. მისივე ცნობით, მართალია, პარლამენტი გეგმავს საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანას, მაგრამ ცვლილებების პროექტი ითვალისწინებს არა კონკრეტულ ცვლილებებს, არამედ 4 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნების წინ ცენტრალური საარჩევნო კომისიისთვის გარკვეული უფლებების დელეგირებას. ვახტანგ ხმალაძეს ასეთი პრეცედენტის შექმნა სახიფათოდ ეჩვენება.
და კიდევ ერთი - ჯერჯერობით ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილებაში არაფერია ნათქვამი 4 იანვარს დამატებითი სიების არსებობის შესახებ. ანუ, თუ თქვენ არც წინასწარ რეგისტრაციას გაივლით, არც 29 დეკემბრიდან 3 იანვრამდე მიაკითხავთ თქვენს საარჩევნო უბანს და, სიაში არყოფნის შემთხვევაში, არ მიმართავთ საარჩევნო კომისიას, 4 იანვარს არჩევნებში მონაწილეობას, უბრალოდ, ვერ მიიღებთ. თუ, რა თქმა უნდა, წესი არ შეიცვალა და კვლავ არ აღდგა დამატებითი სიების ინსტიტუტი, რომლის გაუქმება ამ 4 თვის წინ დიდ მიღწევად იყო მიჩნეული.
XS
SM
MD
LG