Accessibility links

logo-print

საქართველოს პარლამენტის მიმდინარე სამუშაო საკითხები და დაულაგებელი პოლიტიკური სპექტრი


საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით, ქვეყნის საკანონმდებლო ორგანო საპრეზიდენტო არჩევნებამდე ორი კვირით ადრე წყვეტს მუშაობას. ეს კი, თავის მხრივ, იმას ნიშნავს, რომ მიმდინარე

საპარლამენტო კვირა განსაკუთრებულად პროდუქტიული უნდა იყოს. დღის წესრიგი 14 საკითხს ითვალისწინებს. საკითხთა სიმრავლის მიუხედავად, სავარაუდოდ, საქართველოს პარლამენტი ერთ ძირითად საკითხზე შეჩერდება - ესაა საარჩევნო კოდექსში ცვლილებები, რაზეც პარლამენტის წევრებს ერთიანი შეთანხმებული პროექტი ჯერ არა აქვთ. საკითხის აქტუალობის გათვალისწინებით, არ არის გამორიცხული, პარლამენტში რიგგარეშე სხდომაც დაინიშნოს. თუმცა ასეთ შემთხვევაშიც კი შეიძლება ითქვას, რომ მიმდინარე კვირის სხდომებისადმი ინტერესი მაინც განსაკუთრებულია.

საქართველოს პარლამენტის იმ სხდომებისადმი ინტერესს, რომელიც მიმდინარე კვირაშია დანიშნული, პირველ რიგში, სხდომათა დარბაზში ახალი მემარჯვენეების ფრაქციის დაბრუნება განაპირობებს. ფრაქცია, ცნობილი განცხადების შესაბამისად, აქტიურად ჩაებმება საკანონმდებლო პროცესში, ოღონდ ერთი ძირითადი მიმართულებით -ესაა საარჩევნო კოდექსის ცვლილებები. საარჩევნო კოდექსი და ბიუჯეტი - შეიძლება ითქვას, რომ 1999 წლის მოწვევის პარლამენტის ეგრეთ წოდებული დამატებითი რაუნდები ამ პრიორიტეტებით უნდა შემოიფარგლოს. სავარაუდოდ, კვორუმის პრობლემა არ უნდა დადგეს: პერსონალურ საკითხებზე - მათ შორის, მინისტრების დანიშვნაზე - 140 დეპუტატის შეგროვება აქამდეც უმტკივნეულოდ მოხერხდა. მას შემდეგ კი, რაც პარლამენტის დარბაზში, ახალი მემარჯვენეების გარდა, იმყოფებიან მრეწველები, აღორძინებისა და სახელისუფლებო ბლოკის ნაწილი, ძირითად საკითხებზე შეთანხმება პრობლემა არ უნდა იყოს. სავარაუდოდ, პოლიტიკური სპექტრი უახლოეს დღეებში კიდევ უფრო გაიზრდება, რაზეც "სოციალისტთა" ახალი ლიდერის, ირაკლი მინდელის, შემდეგი მინიშნებაც ცხადყოფს:

[ირაკლი მინდელის ხმა] "ამ დღეებში შეიკრიბება პარტიის მთავარი კომიტეტი, ოთხშაბათს ან ხუთშაბათს, სავარაუდოდ, და მივიღებთ გადაწყვეტილებას. ჯერჯერობით მანამდე არ შევდივართ პარლამენტის სხდომაზე. რვა კაცია დარჩენილი. ახლა არის რაღაც კონსულტაციები სხვა პარლამენტის წევრებთან, თუ ფრაქცია შენარჩუნდება. ვნახოთ, ესეც გადასაწყვეტია."

ირაკლი მინდელი აკონკრეტებს, რომ ფრაქციის შენარჩუნებას იმ შემთხვევაში ექნება აზრი, თუ 1999 წლის პარლამენტი ზაფხულამდე იმუშავებს და საპარლამენტო არჩევნები იანვარში არ ჩატარდება.
ვარდების რევოლუციის შემდეგ საქართველოს პარლამენტის 15 ფრაქციიდან 4 დაიშალა: "მოქალაქეთა კავშირი", "სოციალისტი", "ერთიანი საქართველო" და "21-ე საუკუნე."
"ახლებს", მათგან განსხვავებით და დანარჩენი 11-ის დარად, ფრაქციული გუნდის შენარჩუნება არ გასჭირვებიათ. ვინ სად იქნება და დანაწევრდება თუ არა ხმები, თუნდაც საარჩევნო კანონის ცვლილებების კენჭისყრისას? - ამ შეკითხვით "ახლების" ერთ-ერთ ლიდერს, ფიქრია ჩიხრაძეს, მივმართეთ.

[ფიქრია ჩიხრაძის ხმა] "ახლა ძალიან რთულია თქვა, ვინ სად იქნება. სამწუხაროდ, იქ, პარლამენტში, არის კატეგორია და საკმაოდ დიდი ოდენობის დეპუტატებისა, რომ არიან ყოველთვის ხელისუფლების მხარეს, ვინც არ უნდა იყოს ხელისუფლებაში. აქედან გამომდინარე, მე ძალიან პრინციპულად მიმაჩნია, რომ ამაზე, ამ შეთანხმებაზე, მოდიოდეს დღევანდელი ხელისუფლება და, აქედან გამომდინარე, მას ძალიან ბევრი მხარდამჭერი ეყოლება დღევანდელ პარლამენტში, მათ შორის, ყოფილი ხელისუფლების მომხრეები."(სტილი დაცულია)

პრინციპული საკითხი კი, რომელშიც სწორედ ახლანდელი ხელისუფლების საპარლამენტო ბირთვის თანხმობა იქნება საჭირო, ახალი მემარჯვენეებისთვის საარჩევნო სიებია. სიების ბაზად, ახლების წინადადებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გაცემული პირადობის მოწმობების ელექტრონული ვერსია უნდა იქცეს.
XS
SM
MD
LG