Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იასუძირო ოძუ - 100


12 დეკემბერს კინოს მოყვარულებმა იაპონელი კინორეჟისორის

იასუძირო ოძუს დაბადების ასი წლისთავი აღნიშნეს. ოძუს იუბილე წლევანდელი კინოკალენდრის გამორჩეულ მოვლენად ითვლება - ყველა, ვისაც მისი ერთი ფილმი მაინც უნახავს, 80-იან წლებში აღმოჩენილი კინემატოგრაფისტის შემოქმედებას "გენიალურს" უწოდებს. ოძუს სურათებზე სწავლობენ, ოძუს ბაძავენ. ამავე დროს, საბჭოთა კავშირში, და ყოფილ საბჭოთა კავშირშიც, კინოს მოყვარულებს იასუძირო ოძუს შესახებ თითქმის არაფერი სმენიათ. ასეთი ხელოვნება, ეგრეთ წოდებული "ტრანსცენდენტული კინო", აქ არასდროს ფასობდა - საბჭოთა იდეოლოგიზირებული კულტურა ოძუს პოეტურ ფორმალიზმში რაღაც საეჭვოს, მტრულს ხედავდა.

იასუძირო ოძუ 1963 წელს 60 წლისა გარდაიცვალა. მან 70-მდე ფილმის გადაღება მოასწრო. კინოში მუშაობა ჯერ კიდევ 1927 წელს დაიწყო. უკანასკნელი ფილმის, "სტაფილოს", პრემიერას ვერ მოესწრო. იაპონელებმა მის საფლავზე ამოკვეთეს იეროგლიფი "მუ", რაც "სიცარიელეს", "არაფერს" ნიშნავს. ოძუს გარდაცვალების შემდეგ მსოფლიო კინოში, მართლაც, სიცარიელე ჩამოდგა. თუმცა ეს სიცარიელე კინემატოგრაფისტებმა მოგვიანებით, 70-იანი წლების მიწურულს, გაიაზრეს, როცა ჯერ ამერიკელმა კინოდრამატურგმა პოლ შრადერმა, შემდეგ კი გერმანელმა რეჟისორმა ვიმ ვენდერსმა იაპონიაში იმოგზაურეს და ოძუს ფილმები ნახეს. ამ სურათებით აღფრთოვანებულმა ვენდერსმა შეწყვიტა თავის ახალი პროექტზე მუშაობა და საკუთარი სახსრებით შეუდგა გადაღებას დოკუმენტური ფილმისა, რომელიც ოძუს შემოქმედებას ეძღვნებოდა. ვენდერსმა, რომელიც კანის კინოფესტივალზე "პარიზი-ტეხასის" გამარჯვების შემდეგ შეერთებულ შტატებშიც პოპულარული გახდა, ყველაფერი გააკეთა, რათა იასუძირო ოძუს ეს კინოპორტრეტი, ფილმი, რომელსაც "ტოკიო-გა" შეარქვა, პირველ რიგში, ჰოლივუდში ენახათ. "ტოკიო-გას" პრემიერის შემდეგ დასავლეთის ქვეყნების კინოგამქირავებლებმა, მართლაც რომ, შტურმით აიღეს ტოკიოს სინემატეკა, სადაც იასუძირო ოძუს ფილმები ინახებოდა. იაპონელები დაუყოვნებლივ შეუდგნენ თავიანთი კინოკლასიკოსის სურათების ასლების გამრავლებას; ოძუს რეტროსპექტივების მოწყობაზე მსოფლიოში დიდი რიგი დადგა: პარიზი, ლონდონი, ბერლინი, რომი, ნიუ-იორკი... აქამდე დასავლეთში იაპონური კინოს კლასიკოსებად აკირა კუროსავას, შემდეგ კი ნაგისა ოსიმას მიიჩნევდნენ. ახლა კი ყველას გაუჩნდა სურვილი ეხილა ეს იაპონური "სიცარიელე", რომელიც, ამავე დროს, "სიცოცხლეს", ამავე დროს, "ყველაფერს ერთად" ნიშნავს. "საუკუნის რეჟისორის ფილმები"... სწორედ ასე შეაფასა ვიმ ვენდერსმა იასუძირო ოძუს შემოქმედება, სანამ დასავლელი კინოკრიტიკოსები ოძუს ფილმს "მოგზაურობა ტოკიოში" ყველა დროისა და ხალხის ერთ-ერთ საუკეთესო სურათად დაასახელებდნენ. 1984 წლიდან დაწყებული, ოძუს შემოქმედებაზე ევროპაში ასამდე მონოგრაფია დაიბეჭდა. პოლ შრადერმა აღნიშნა, რომ ამ ფილმების ნახვის შემდეგ ჰოლივუდელ "კინოავტორიტეტებს", შესაძლებელია, კინოს გადაღების სურვილიც აღარ ჰქონდეთ. მოსკოვში "საუკუნის რეჟისორის ფილმები" პირველად მხოლოდ მეოცე საუკუნის მიწურულს, 1998 წელს, უჩვენეს. თავდაპირველად დაგეგმილი იყო ერთკვირიანი რეტროსპექტივა. მაგრამ მაყურებელმა მოსკოვის კინოს მუზეუმში ნამდვილი შტურმი მოაწყო. იაპონელი კინოკლასიკოსის ფილმების ჩვენება სამი თვე გაგრძელდა.

ოძუს სურათის, "გვიანდელი შემოდგომის", ნახვის შემდეგ ერთი მოსკოველი მაყურებელი წერდა: "ეს არ არის კინო, რომელსაც ჩვენ შეგვაჩვიეს და რომელიც ყველას ყელში ამოუვიდა. ეს არის იმის შეგრძნება, რომ ამ სამყაროს მიღმა, ეკრანს მიღმა, არსებობს რაღაც ხელშეუხებელი, უსახელო და უფორმო... ის, რასაც "ღმერთი", "ჭეშმარიტება" ჰქვია."

ბუნებრივია, რომ ტოტალიტარულ ქვეყნებში ოძუს კინემატოგრაფს კარს არავინ გაუღებდა. საბჭოთა იდეოლოგია უმალ ანტიკომუნისტურ ფილმს უჩვენებდა მაყურებელს, რათა შემდეგ ამ სურათის ავტორი "იდეოლოგიურად მოეთხარა", მაგრამ საბჭოთა ეკრანებზე არ დაუშვებდა პოლიტიკისა და იდეოლოგიისგან სრულიად დაცლილ ამ სამყაროს, სადაც ყველას და ყველაფერს ერთნაირი ყურადღება ეთმობა, სადაც არ არსებობს დამნაშავე და უდანაშაულო, სადაც ყველა დეტალი სიცოცხლით სუნთქავს, სადაც არ არის "პრობლემა"- დასავლური გაგებით, რა თქმა უნდა. ისიც ბუნებრივია, რომ დასავლეთის ქვეყნების მოქალაქეს, რომელიც 60-იანი წლების პოლიტიკური კატაკლიზმების აქტიური მონაწილე გახდა, ოძუს ეს სტატიკური სამყარო ააღელვებდა მხოლოდ ნაბახურევზე, 70-იან წლებში, როცა "სექსუალური" თუ "კულტურული რევოლუციების" ეპოქა წარსულს ჩაბარდა, როცა "ოჯახი", "სახლი", "ღმერთი" ისევ იქცა მარადიულ ღირებულებებად, რომელსაც, თავის მხრივ, წარღვნისგან უნდა ეხსნა "ცივ" და "ცხელ" ომებში ჩართული სამყარო.

იასუძირო ოძუს ფილმებს კი სხვა გმირები არა ჰყავს, "ოჯახის", "სახლისა" და "ღმერთის" გარდა. იაპონელი მაესტრო ყოველთვის ყვება უბრალო ისტორიებს: მამა ცდილობს თავისი ქალიშვილის გათხოვებას, მოხუცი ცოლ-ქმარი სიკვდილის წინ შვილებსა და შვილიშვილებს ემშვიდობება... გმირები თითქმის არასდროს უყურებენ ერთმანეთს თვალებში, მაშინაც კი, როცა ერთმანეთს ესაუბრებიან... იყურებიან სადღაც სხვაგან, სიცარიელეში. რეჟისორის საყვარელი კადრია სამ მეოთხედში გადაღებული ფიგურა, გაშეშებული, როგორც ბარელიეფზე. ოძუს საყვარელი კინემატოგრაფიული ხედია - ფრონტალური კადრი, ახლო ხედების გარეშე, გაფორმებული მუსიკით, რომელიც მაყურებელს, პირველ რიგში, მედიტაციისთვის განაწყობს.

[მუსიკა. "მოგზაურობა ტოკიოში"]

ასეთი ფილმების ყურების პროცესში მაყურებლის ხედვის წერტილიც იცვლება. იგი თითქოს ტატამზე ზის და ისე აკვირდება მოქმედებას. რეჟისორი აქცენტებს უარყოფს - მოქმედებას აგებს გრძელ ხედებზე და არასდროს მიჰყავს კამერა ახლოს თავის პერსონაჟებთან. ესაა დიდი, დაუნაწევრებელი სამყარო, რომელშიც ადამიანს ისეთივე როლი ენიჭება, როგორც ჩაის ჭიქას ან ბალიშს, მაგალითად. ესაა სამყარო, აღქმული მთლიანობაში, ანუ ისე, როგორც შეიქმნა იგი, სანამ ადამიანებმა თავად არ დაანაწევრეს, დააქუცმაცეს, თავიანთი ამპარტავნული მიზნების მისაღწევად.

იასუძირო ოძუს ფილმებში ხშირად თამაშდება ერთი და იგივე სიუჟეტი: სრულიად უცხო ადამიანი მოხუცის მიმართ ბევრად უფრო კეთილგანწყობილია, ვიდრე მოხუცის შვილი თუ შვილიშვილი. იაპონიაში, ტრადიციულად, შვილის აყვანა უფრო ფასობს, ვიდრე საკუთარ სისხლსა და ხორცზე ზრუნვა. 50-იან წლებში იასუძირო ოძუს ფილმებს დასავლეთის კინოფესტივალებზე არ გზავნიდნენ, რადგან იაპონელი კინოჩინოვნიკები დარწმუნებულები იყვნენ, რომ
დასავლეთი ვერასდროს შეეგუებოდა ოძუს პოეტიკის ამ პლასტს: დასავლური მენტალიტეტისთვის ხომ წარმოუდგენელია, როგორ შეიძლება დედას თავის შვილზე მეტად სხვისი შვილი უყვარდეს, ან შვილმა თავის მშობელს სრულიად უცხო ადამიანი ანაცვალოს. იმხანად დასავლეთში ბევრი ვერ ჩასწვდებოდა, მაგალითად, ოძუს ფილმ "ერთადერთი ვაჟის" გმირის ამ სიტყვების არსს: "შენიანის სიყვარული ადვილია. აბა, თუ ვაჟკაცი ხარ, უცხო შეიყვარე; აბა, თუ ვაჟკაცი ხარ, იშვილე ის, ვინც შენ არა გგავს"... არადა, წესით და რიგით, სწორედ ეს სიტყვები გამოხატავენ ქრისტიანობის არსს, რომელიც კინოხელოვნებაში ყველაზე მეტად არა ქრისტიანმა კინემატოგრაფისტმა, არამედ იაპონური კინოს მაესტრომ დაამკვიდრა. დღეს დასავლეთის ქალაქებში და, როგორც შევიტყვეთ, ყოფილი საბჭოთა კავშირის დედაქალაქშიც, ადამიანები შტურმით იღებენ კინოდარბაზებს, სადაც იასუძირო ოძუს 40-იან, 50-იან წლებში გადაღებულ ფილმებს უჩვენებენ. ხალხს, როგორც ჩანს, მართლაც, მოენატრა სიყვარულის ხილვა - სიყვარულისა სიცარიელეში... სიყვარულისა, რომელიც ცრემლში, სასოწარკვეთაში, ზოგჯერ სიკვდილშიც იბადება და გვარწმუნებს, რომ ამ სიცარიელის მიღმა, მართლაც, არსებობს ღმერთი, ანუ წესრიგი და ჭეშმარიტება.
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG