Accessibility links

logo-print

ექნება თუ არა ევროკავშირს კონსტიტუცია?


ევროკავშირის საბჭოს 12-13 დეკემბრის სამთავრობათაშორისო შეხვედრა,

რომლის უმთავრესი მიზანი ევროკავშირის მომავალი კონსტიტუციის ტექსტზე საბოლოო შეთანხმების მიღწევა იყო, კრახით დასრულდა. ერთნი ფიქრობენ, რომ ეს წარუმატებლობა იტალიის, როგორც ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის მეთაურის - სილვიო ბერლუსკონის არაეფექტიანობისა და მეტიც, არასერიოზულობის ბრალია. სხვებს კი, მაგალითად ევროპარლამენტის თავმჯდომარეს პატ კოქსს მიაჩნია, რომ იტალიის თავმჯდომარეობა არაფერ შუაშია და ყველაფერი იმის ბრალი იყო, რომ ევროკავშირის ლიდერებს ძალიან მოკლე დროში ძალიან რთული საკითხების გადაწყვეტა სურდათ.

ბევრს აინტერესებს, რამ განაპირობა გასული კვირის ევროკავშირის საბჭოს მონაწილეთა წარუმატებლობა შეეთანხმებინათ ბლოკის მომავალი კონსტიტუციის ტექსტი. თუმცა, ალბათ, ამ მოვლენამდეც ძნელი იყო იმის წარმოდგენა, რომ ახალ წლამდე შესაძლებელი გახდებოდა იმ მოთხოვნათა შეჯერება, რომლებიც ევროკავშირის ახლანდელ, თუ მომავალ წევრებს ჰქონდათ და რომელიც მათ შემოდგომაზე ევროკავშირის საბჭოს წინა სამთავრობათაშორისო სხდომაზე წარადგინეს.

კონსტიტუციის ტექსტთან დაკავშირებული კონფლიქტის უმთავრესი მიზეზი ქვეყნებს შორის ძალაუფლებისა და პასუხისმგებლობის განაწილებაა. უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ: ევროკავშირის იმ ქვეყნებს, რომლებსაც ბლოკის ბიუჯეტში ყველაზე მეტი თანხა შეაქვთ, სურთ სიტყვაც მეტი ეთქმოდეთ. მომავალ წევრებს კი, რომელთა უმეტესობა ყოფილი სოციალისტური ბლოკის წევრები არიან, მძაფრად აქვთ შემორჩენილი სუვერენიტეტისადმი ლტოლვა და ასევე სურთ საკუთარი ბედი ბოლომდე ევროკავშირის ერთიან ინსტიტუტებს არ გადააბარონ.

ახლა რაც შეეხება თავად 12-13 დეკემბრის ევროკავშირის საბჭოს: ფაქტობრივად ჯერ კიდევ სხდომის პირველივე დღეს გაირკვა, რომ მომავალი კონსტიტუციის ტექსტზე შეთანხმება შეუძლებელი იყო. ამიტომაც სამთავრობათაშორისო სხდომის მონაწილეებმა შემდეგი გადაწყვეტილება მიიღეს: "ევროკავშირის საბჭო აღნიშნავს, რომ ამ ეტაპზე სამთავრობათაშორისო კონფერენციისთვის შეუძლებელი აღმოჩნდა საბოლოო შეთანხმების მიღწევა კონსტიტუციის შესახებ ხელშეკრულების პროექტზე. ირლანდიას, როგორც ევროკავშირის მორიგ თავმჯდომარე ქვეყანას, ევალება კონსულტაციების საფუძველზე შეაფასოს კონსტიტუციაზე მოლაპარაკების საკითხზე პროგრესის პერსპექტივა და ამის შესახებ ევროკავშირის საბჭოს მომავალი წლის მარტში წარუდგინოს ანგარიში".

დიახ, ამ გადაწყვეტილებაში კიდევ ერთხელ ჩანს ის, რომ ევროკავშირის ახლანდელმა თავმჯდომარემ იტალიამ და მისმა პრემიერ-მინისტრმა სილვიო ბერლუსკონიმ ვერ შეძლო იმ ამოცანის შესრულება, რომელიც ირლანდიას გადააბარეს. ბერლუსკონის მიმართ არასერიოზულ დამოკიდებულებისა და აღშფოთების ზრდას 13 დეკემბერს დაგეგმილ ორმხრივ კონსულტაციებზე იტალიის პრემიერ-მინისტრის თითქმის ორსაათიანმა დაგვიანებამაც შეუწყო ხელი. და მაინც, ევროპარლამენტის თავმჯდომარე პატ კოქსს არ მიაჩნია, რომ კონსტიტუციაზე წარუმატებლობა ბერლუსკონის ბრალი იყო:

[კოქსიხ ხმა]
"დღევანდელი შეუთანხმებლობის მიზეზი არ არის იტალიის წარუმატებელი თავმჯდომარეობა. ეს წარუმატებლობა არის იმ პრობლემათა მასშტაბურობის ასახვა, რომელიც გვაწევს. ეს არის ასახვა იმისა, რომ ამ ორი დღის მანძილზე ვერ გამოვიჩინეთ კოლექტიური ნება და სიბრძნე, რომ ყველაფერი დაგველაგებინა. ეს კი ნათლად მიანიშნებს იმაზე, რომ მეტი დროა საჭირო."

დიპლომატები კერძო საუბრებში იმასაც ამბობენ, რომ არც გერმანიასა და არც საფრანგეთს არ უცდიათ ძლიერი ზეწოლა მოეხდინათ პოლონეთსა და ესპანეთზე და მთელი პასუხისმგებლობა ბერლუსკონის გადააბარეს. პოლონეთი და ესპანეთი ითხოვენ კენჭისყრის ნიცის ხელშეკრულებით განსაზღვრული წესის დატოვებას, რაც მათ მათ ზომასთან მიმართებით კენჭისყრისას არაპროპორციულ პოზიციაში ჩააყენებდა. გერმანიასა და საფრანგეთს სურთ, რომ კენჭისყრის სისტემა დამოკიდებული იყოს წევრი ქვეყნების მოსახლეობის რაოდენობაზე.

მეორე სირთულე, რაც ასევე რთულად მოსაგვარებელი იქნება, გახლავთ ის, რომ ზოგიერთ ქვეყანას, მაგალითად დიდ ბრიტანეთს სურს, რომ საგარეო ურთიერთობათა და უსაფრთხოების სფეროებში ევროკავშირის წევრ ქვეყანას ჰქონდეს ვეტოს უფლება.

ამ ტენდენციის თაობაზე (უკვე ევროკავშირის ინსტიტუტებთან მიმართებით) ევროკომისიის პრეზიდენტმა რომანო პროდიმ 16 დეკემბერს ევროპარლამენტის სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა:

[პროდის ხმა]
"შეუძლებელია, რომ ევროკავშირის ინსტიტუტების ფორმირება გადაწყვეტილებათა ბლოკირების პარამეტრზე დაყრდნობით მოვახდინოთ. ბლოკირება არ არის არც პარლამენტის და არც ევროკომისიის დანიშნულება".

დასასრულ ერთი მოვლენის შესახებ, რომელსაც ზოგი ევროკავშირის კონსტიტუციაზე შეუთანხმებლობას უკავშირებს, ზოგიც - არა. კერძოდ, სამშაბათს, 16 დეკემბერს ევროკავშირის წევრმა ექვსმა ქვეყანამ, კავშირის ბიუჯეტის ძირითადმა დამფინანსებლებმა: გერმანიამ, საფრანგეთმა, ნიდერლანდებმა, შვეციამ, დიდმა ბრიტანეთმა და ავსტრიამ წერილი გაუგზავნეს ევროკომისიას და მოითხოვეს ევროკაშირის მომავალი ბიუჯეტის ევროკავშირის მთლიანი შიდა პროდუქტის ერთი პროცენტის ოდენობით შემცირება.

თავად გერმანიამ ჯერ კიდევ 12-13 დეკემბრის სამიტამდე განაცხადა, რომ არსებობს გარკვეული "პარალელიზმი" კონსტიტუციაზე მიმდინარე დისკუსიასა და გერმანიის სურვილს შორის კვალავაც ძველებური წვლილი შეიტანოს ევროკავშირის ბიუჯეტის დაფინანსებაში.
XS
SM
MD
LG