Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვში დაიწყო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი


თამარ ჩიქოვანი, თბილისი 16 დეკემბერს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი თედო ჯაფარიძე არაოფიციალური ვიზიტით მოსკოვში გაემგზავრა. წინასწარი ცნობებით, იგი შეხვდება რუსეთის საგარეო საქმეთა

მინისტრის მოადგილეს ლოშჩინინს, რომელიც, ამავდროულად, რუსეთის პრეზიდენტის სრულუფლებიანი წარმომადგენელია აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში. არაოფიციალური ცნობებით, თედო ჯაფარიძის მოსკოვში ჩასვლა რუსეთში საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ნინო ბურჯანაძის ვიზიტის მომზადებას ემსახურება.

ვლადიმირ პუტინისა და ნინო ბურჯანაძის შეხვედრის შესაძლებლობაზე მას შემდეგ დაიწყო საუბარი, რაც, ამ უკანასკნელის ინიციატივით, შედგა სატელეფონო საუბარი რუსეთის პრეზიდენტთან. თუმცა მოვლენები ოდნავ განსხვავებულად წარიმართა - ნინო ბურჯანაძე და ვლადიმირ პუტინი დაგეგმილზე ადრე შეხვდნენ ერთმანეთს. გავრცელებული ცნობებით, 15 დეკემბერს ბაქოში, აზერბაიჯანის ყოფილი პრეზიდენტის ჰეიდარ ალიევის დაკრძლვისას, გაიმართა ხანმოკლე შეხვედრა რუსეთისა და საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს შორის. შეხვედრის დეტალები უცნობია - ნინო ბურჯანაძე მხოლოდ იმის განცხადებას დასჯერდა, რომ საუბარი კეთილმოსურნე ვითარებაში წარიმართა, რომ ბაქოს შეხვედრა დასაწყისი იყო იმ დიალოგისა, რომელიც უახლოეს დღეებში გაიმართება და რომ პრეზიდენტმა პუტინმა საქართველოსთან ახლებური ურთიერთობისათვის მზადყოფნა გამოთქვა.
სამწუხაროდ, ამ ხანმოკლე შეხვედრის სხვა დეტალები ცნობილი არ არის. არც ქართული და არც რუსული პრესა დამატებით ინფორმაციას არ ავრცელებს, თუ მხედველობაში არ მივიღებთ ინტერნეტ-გამოცემა "გრანის", რომლის განცხადებითაც, კრემლი არ ასახელებს საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის მოსკოვში ვიზიტის თარიღს. გარდა ამისა, გრანის ცნობით, "რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები გაუარესდა ჩეჩნეთში ომის დაწყებისა და, გადატრიალების შედეგად, ხელისუფლებიდან ედუარდ შევარდნაძის ჩამოცილების შემდეგ."
რუსეთ-საქართველოს ურთიერთობათა გაუარესების ზევით დასახელებული მიზეზები, რბილად რომ ითქვას, მაინცდამაინც დამაჯერებლად არ ჟღერს. დიახ, რუსეთი გააღიზიანა საქართველოს გადაწყვეტილებამ, საკუთარ ტერიტორიაზე შემოეშვა ჩეჩენი ლტოლვილები; დიახ, რუსეთი გააღიზიანა საქართველოს სასამართლოს გადაწყვეტილებამ, არ გადაეცა რუსეთისთვის სახელმწიფო საზღვარზე დაკავებული ჩეჩნები, მაგრამ ძირითადი გამაღიზიანებელი საქართველოს დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკა გახლდათ - ნატოში გაწევრიანების გაცხადებული სურვილი, საერთაშორისო ენერგეტიკულ პროექტებში საქართველოს აქტიური მონაწილეობა, საქართველოში ამერიკელი სამხედროების გამოჩენა და ა.შ.
პოლიტოლოგ ივლიანე ხაინდრავას თქმით, მოსკოვისთვის "გამაღიზიანებელი" ფაქტორების მოხსნა პირდაპირ ნიშნავს საქართველოს საგარეო ორიენტაციის შეცვლას, რაც არ შედის საქართველოს ეროვნულ ინტერესებში:
[ივლიანე ხაინდრავას ხმა] " რუსებს აღიზიანებდათ შევარდნაძე, რუსებს აღიზიანებდათ გამსახურდია, რუსებს აღიზიანებთ სააკაშვილი და ახლა, თავს ზევით ძალა არ არის, არჩევანს აკეთებს ამ ქვეყნის ხალხი და, მადლობა ღმერთს, აღარ აკეთებს კრემლი."
შესაბამისად, საეჭვოა, წარმატებით განხორციელდეს საქართველოს ახალი ხელისუფლების გაცხადებული სურვილი, ახალი ფურცლიდან დაიწყოს ურთიერთობები რუსეთთან, იმის გათვალისწინებით, რომ ის, როგორი საქართველოს ხილვაც რუსეთს სურს, საეჭვოა, ემთხვეოდეს საქართველოს მოქალაქეების წარმოდგენას.
XS
SM
MD
LG