Accessibility links

logo-print

რა იცვლება და რა სჭირდება საქართველოს რკინიგზას


დავით პაიჭაძე, თბილისი როგორც ცნობილია, საქართველოს რკინიგზაში შეიქმნა სამეთვალყურეო საბჭო, რომელმაც რკინიგზის მუშაობის გამჭვირვალობა უნდა უზრუნველყოს. სამეთვალყურეო საბჭოს წევრები

ჯერ თავადაც არ არიან ბოლომდე ინფორმირებულნი რკინიგზის პრობლემებზე. უწინარესად თუ რა სირთულეებთან მოუწევთ შეხება საქართველოს რკინიგზის ახალ კურატორებს, ამაზე სამეთვალყურეო საბჭოს ერთ-ერთ წევრს, ეკონომიკურ ექსპერტს, გია ხუხაშვილს ვესაუბრე.

პირველი რიგის ამოცანად სამეთვალყურეო საბჭოს წევრი რკინიგზის სამართლებრივ რეორგანიზაციას მიიჩნევს. მისი აზრით, უნდა დადგინდეს, რამდენად კანონიერია რკინიგზის დარეგისტრირება შეზღუდული პასუხიმგებლობის საზოგადოებად. პირველ ნაბიჯთა შორისაა რკინიგზის ინვენტარიზაცია, მისი საქმიანობის ფინანსური და ეკონომიკური ანალიზი, ხელმძღვანელობის დანიშვნა.

გია ხუხაშვილს ახლა კონკრეტული ლაპარაკი უჭირს იმ კრედიტების შესახებ, რომელიც საქართველოს რკინიგზამ სახელმწიფო გარანტიით მიიღო ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისა და მსოფლიო ბანკისაგან, თუმცა ამბობს, რომ, ზოგადად, ცნობილია: ეს კრედიტები ოდიოზური გზებით აითვისეს.

რკინიგზაში მართვის ახალ ტექნოლოგიაზე გადასვლა, გია ხუხაშვილის აზრით, ასეთ ნაბიჯებს უნდა მოასწავებდეს:

[ხუხაშვილის ხმა] "პირველ რიგში, უნდა მოვიდნენ პროგრესულად, თანამედროვედ მოაზროვნე მენეჯერები, რომლებიც მოახერხებენ რეფორმის გატარებას; უნდა დაირღვეს კორუფციული სქემები, რაც აამაღლებს რკინიგზის რენტაბელობას: მოგეხსენებათ, რკინიგზა მომუშავე სისტემა იყო, მაგრამ იმდენად გახლდათ კორუფციაში ჩაძირული, რომ მისი ეფექტი მაინცდამაინც არ ჩანს. უნდა გაიზარდოს ტვირთბრუნვა და განხორციელდეს სწორი სატარიფო პოლიტიკა."

საქართველოს რკინიგზაში დღეს 20 ათასი ადამიანია დასაქმებული. გია ხუხაშვილის თქმით, ეს უზარმაზარი სისტემაა და უამრავი თანხა არამიზნობრივად იხარჯება. რკინიგზა ბალასტისაგან უნდა გათავისუფლდეს.

[ხუხაშვილის ხმა] "გარდა ამისა, არის რამდენიმე სხვა საკითხი, რომელთა გადაჭრა მოიტანს მართვის ოპტიმიზაციას, გაზრდის რენტაბელობასა და სახელმწიფო შემოსავლებს. აუცილებლად წამოიჭრება პრივატიზაციის საკითხი - ანუ რისგან უნდა გათავისუფლდეს რკინიგზა. წამოიჭრება საპირისპირო, დეპრივატიზაციის საკითხიც: მოგეხსენებათ სულ ბოლო შემთხვევა, როცა ყოფილმა ხელმძღვანელმა მუშტაიდის რკინიგზა სუვენირად წაიღო. პირველ ნაბიჯებს უკვე ამ დღეებში გადავდგამთ. მთავარია, ადმინისტრაციის შერჩევაში არ დავუშვათ შეცდომა."

სამეთვალყურეო საბჭოში შედის ტვირთების ერთ-ერთი გადამზიდველი კომპანიის, "სილქროუდის", წარმომადგენელი ალექსი თოფურია. მე ვკითხე გია ხუხაშვილს, ხომ არ ქმნის ეს ინტერესთა კონფლიქტს? მისი აზრით, უმჯობესია, თუ ასეთ შეკითხვებს საფუძველი არ ექნება, თუმცა ამ შეთხვევაში აღიარებს, რომ ასეთი საფუძველი, შესაძლოა, არსებობდეს. ჯერ მუშაობა არ დაგვიწყია, საბჭოში სხვა წევრები იმისთვისაც არიან, რომ რკინიგზაში არ დაუშვან ერთი რომელიმე კომპანიის კერძო ინტერესის ლობირება და რეალიზება სხვათა საზარალოდ, განმიცხადა გია ხუხაშვილმა.
XS
SM
MD
LG