Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაზვიადებული იყო თუ არა მსოფლიოსთვის ერაყიდან მომდინარე საფრთხე?


სადამ ჰუსეინის დაპატიმრების შემდეგ ახალი ძალით იფეთქა დისკუსიამ ერაყის მასობრივი განადგურების იარაღის ირგვლივ,

უფრო ზუსტად კი იმ საკითხის გარშემო, მართლაც ფლობდა თუ არა ჰუსეინის რეჟიმი ისეთ იარაღს, რომელიც დანარჩენი მსოფლიოსთვის საფრთხეს წარმოადგენდა. ვაშინგტონის ადმინისტრაცია ამ კითხვას, ცხადია, დადებითად უპასუხებს, მაგრამ თანდათან სულ უფრო იზრდება განიარაღების იმ ექსპერტთა რიცხვი, რომლებიც სულ სხვა მოსაზრებას ემხრობიან. მათი აზრით, თუ სადამ ჰუსეინს ჰქონდა კიდეც ასეთი იარაღი, იგი კარგა ხნის წინათ გაანადგურა. ახდის თუ არა სადამ ჰუსეინის დაპატიმრება ფარდას ამ საიდუმლოს?

ყოფილი დიქტატორის შეპყრობას ამ მიმართულებით ჯერჯერობით არაფერი მოუტანია. პირიქით, სადამ ჰუსეინმა კიდევ ერთხელ გაიმეორა ის, რასაც გამუდმებით ამტკიცებდა ჯერ კიდევ პრეზიდენტად ყოფნისას: აკრძალული იარაღი არა მაქვსო.

ყოველ შემთხვევაში, ამას იტყობინება აშშ-ის ყოველკვირეული "ტაიმი". ჟურნალს მოჰყავს სადამ ჰუსეინის პასუხი შესაბამის კითხვაზე, რომელიც მას დაპატიმრებიდან ცოტა ხანში, ბაღდადის აეროპორტში დაუსვეს: "რა თქმა უნდა, არა! შეერთებულმა შტატებმა გამოიგონა ამ იარაღის არსებობა, რათა ჩვენს წინააღმდეგ ომის დაწყების საბაბი ჰქონოდაო."

ამ პასუხის გარდა, რომლის შესახებ "ტაიმმა" საკუთარი არხებით შეიტყო, არაფერია ცნობილი იმაზე, თუ რას ეუბნება სადამ ჰუსეინი თავის დამტყვევებლებს.

სამშაბათს დისკუსიაში ჩაება დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ტონი ბლერი. მისი განცხადებით, სადამ ჰუსეინის ჩამოგდების შემდგომ ამერიკელმა ინსპექტორებმა აღმოაჩინეს აშკარა სამხილი იმისა, რომ დიქტატორული რეჟიმი მასობრივი განადგურების იარაღის შექმნას ცდილობდა. ბრიტანეთის პრემიერი ღრმად არის დარწმუნებული, რომ ამ მიმართულებით ძიება უნდა გაგრძელდეს.

[ტონი ბლერის ხმა] "უნდა გავაგრძელოთ დაწყებული სამუშაო, რადგან ზოგიერთი მტკიცების საწინააღმდეგოდ, ერაყის საკვლევმა ჯგუფმა უკვე მიაგნო აშკარა საბუთებს იმისა, რომ ერაყში არსებობდა საიდუმლო ლაბორატორიების უზარმაზარი სისტემა, მეცნიერთა შესაბამისი გამოკვლევები, სტრატეგიული ბალისტიკური რაკეტების შექმნის გეგმა."

ამ მტკიცების საწინააღმდეგოდ, სამშაბათსვე გაისმა გაეროს განიარაღების ექსპერტთა საგანგებო კომისიის ყოფილი თავმჯდომარის ჰანს ბლიქსის ხმა. შვედი ექსპერტის ვარაუდით, სადამ ჰუსეინმა ჯერ კიდევ 1991 წელს მოსპო მის ხელთ არსებული მასობრივი განადგურების იარაღის თითქმის მთელი არსენალი. "არა მგონია, დღეს ერაყში ამ სახის რაიმე იარაღი დარჩენილიყოსო", დასძინა ბლიქსმა.
ასეა თუ ისე, აშკარაა ერთი რამ: ამ საკითხის გარშემო დავა და მითქმა-მოთქმა მანამ გაგრძელდება, ვიდრე რომელიმე მხარე იარაღის არსებობის თუ არარსებობის უტყუარ საბუთს წარმოადგენდეს. ამას კი, როგორც ჩანს, დიდი დრო დასჭირდება.

მიმომხილველებს მხედველობიდან არ გამოჰპარვიათ ერთი ასპექტიც: თუ თავიდან ინსპექტორები თვით იარაღის ძებნით იყვნენ დაკავებული, ბოლო ხანს სულ უფრო ხშირად გაიგონებთ სიტყვებს "უნარი", "შესაძლებლობა", "პროგრამა" და ა.შ. ანუ ინსპექტორები ახლა, როგორც ჩანს, იმითაც კმაყოფილი დარჩებიან, თუ მოახერხებენ, დაამტკიცონ, რომ სადამ ჰუსეინის რეჟიმს ჰქონდა მასობრივი განადგურების იარაღის შექმნის შესაძლებლობა და არა თვით იარაღი.

ამ გარემოებაზე ამახვილებს ყურადღებას სტოკჰოლმის საერთაშორისო მშვიდობის კვლევის ინსტიტუტის თანამშრომელი ჯონ ჰარტი, რომლის საქმიანობის სფერო ქიმიური და ბიოლოგიური იარაღი გახლავთ.

[ჯონ ჰარტის ხმა] "აშკარაა, რომ შეერთებული შტატების პირველი საინსპექციო ორგანიზაცია სახელწოდებით "მობილური კვლევითი ჯგუფები" იარაღს ეძებდა და დარწმუნებულიც იყო, რომ ამ იარაღს იპოვიდა. მერე კი თანდათან იწყო გაჩენა სიტყვებმა "პროგრამა", "შესაძლებლობა" და სხვა, და ახლა ერაყის საკვლევი ჯგუფი მთავარ აქცენტს სწორედ "პროგრამებზე" და "შესაძლებლობებზე" აკეთებს."

ექსპერტის ეს სიტყვები გვაფიქრებინებს: ერაყში სამხედრო კამპანიის დაწყების მოწინააღმდეგეები მომავალშიც ერთგული დარჩებიან მოსაზრებისა, რომ ვაშინგტონმა და ლონდონმა აშკარად გააზვიადეს ერაყიდან მომდინარე საფრთხე.
XS
SM
MD
LG