Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რას აპირებენ იგორ გიორგაძის მომხრეები


თამარ ჩიქოვანი, თბილისი კიდევ ერთი პარტია, რომელიც ბოიკოტს უცხადებს 4 იანვარს დანიშნულ საპრეზიდენტო არჩევნებს, საქართველოს ერთიანი კომუნისტური პარტია გახლავთ. პარტიის თავმჯდომარე პანტელეიმონ

გიორგაძე ასეთ გადაწყვეტილებას იმით ხსნის, რომ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ რეგისტრაციაზე უარი უთხრა მის ვაჟს, უშიშროების ყოფილ მინისტრს, იგორ გიორგაძეს. იგორ გიორგაძის მხარდამჭერები ამ გადაწყვეტილებას 2 დღის მანძილზე ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობასთან აპროტესტებდნენ. რას აპირებენ იგორ გიორგაძის მომხრეები?


ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობასთან გამართული ორდღიანი საპროტესტო აქციის შემდეგ იგორ გიორგაძის მომხრეები დაიშალნენ, უახლოეს დღეებში კიდევ უფრო ხალხმრავალი საპროტესტო აქციის მოწყობის დაპირებით. მონარქისტული პარტიის თავმჯდომარის თემურ ჟორჟოლიანის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ 18 დეკემბრისთვის დაგეგმილ პროცესზე უზენაესი სასამართლო არ გააუქმებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებას იგორ გიორგაძის რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ, საპროტექტო აქციები უფრო მასობრივ ხასიათს მიიღებს.
მაინც, სად არის უშიშროების სამინისტროს ყოფილი ხელმძღვანელი? - როგორც ჩანს, იგორ გიორგაძისა და მისი მომხრეების განცხადებები, თითქოს იგორ გიორგაძე საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფება, არსებულ ხელისუფლებას არცთუ უსაფუძვლოდ ეჩვენება. ყოველ შემთხვევაში, 16 დეკემბერს უშიშროების სამინისტროს თანამშრომლებმა ჩხრეკა ჩაატარეს სამტრედიაში, იგორ გიორგაძის მამიდის გუგული გიორგაძის სახლში. გუგული გიორგაძის განცხადებით, მისი ძმისშვილი მასთან სტუმრად 20 დღის წინ იყო. მისივე თქმით, სამტრედიაში მყოფი იგორი რამდენიმე მეზობელმაც იხილა.
საპრეზიდენტო არჩევნებიდან გამოთიშვის მიუხედავად, იგორ გიორგაძე საკმაოდ აქტიურობს. ყოფილი სახელისუფლებო ბლოკის სპიკერის ირინა სარიშვილ-ჭანტურიას განცხადებით, მას სატელეფონო საუბარი ჰქონდა იგორ გიორგაძესთან, რომლის დროსაც ისინი უახლოეს დღეებში შეხვედრაზე შეთანხმდნენ. 17 დეკემბერს კი იგორ გიორგაძე პირდაპირ ეთერში რადიო "იმედს" ინტერვიუს აძლევდა. მან არ დააკონკრეტა, თუ სად იმყოფება, თუმცა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ წლების განმავლობაში იგი უმიზეზოდ იდევნება. გარდა ამისა, დევნის საფრთხის მომიზეზებით, მან არ ისურვა იმ პოლიტიკური ძალების დასახელება, ვინც მას მხარს უჭერს, თუმცა განაცხადა, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი მისი მხარდამჭერია:
[ იგორ გიორგაძის ხმა]"მე ვაპირებ ჩამოვიდე საქართველოში და ვთხოვო ჩემს მხარდამჭერებს - ეს საკმაოდ სერიოზული ნაწილია საქართველოს მოსახლეობის - მხარში ამომიდგნენ და გავარკვიოთ სიმართლე, შეიძლება თუ არა რვა წელი ვიდევნებოდე უსაფუძვლოდ."
გარდა ამისა, იგორ გიორგაძემ დაადასტურა თავის მიერ რამდენიმე დღის წინ გაკეთებული განცხადება, რომ პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატის, მიხეილ სააკაშვილის, სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება:
[იგორ გიორგაძის ხმა]"ვთქვი და ვიმეორებ: ასეთი გეგმა იყო და ის რჩება ძალაში, სანამ იქნება ეს ფარული კონკურენცია სააკაშვილსა და მის ე.წ. თანამოაზრეებს შორის."
თავად მიხეილ სააკაშვილი არარეგისტრირებულ კანდიდატს იგორ გიორგაძეს პოლიტიკოსად არ თვლის:
[ მიხეილ სააკაშვილის ხმა] "გიორგაძეში არ არის საქმე. გიორგაძე არ არის პოლიტიკოსი. ის არის რუსეთის სამხედრო დაზვერვის ოფიცერი. და თუ ვინმეს გრუ-ში აქვს ილუზია, რომ საქართველოში რაღაც შეიარაღებული ჯგუფი შემოვა და ჩვენ რუსეთს პასუხს არ მოვთხოვთ, ცდება."
თუ როგორ განვითარდება მოვლენები, მეტ-ნაკლებად, 18 დეკემბერს, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, გაირკვევა.
XS
SM
MD
LG