Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა საჭიროა ძალოვანი უწყებები, რომლებსაც კოორდინირებული მუშაობა უჭირთ?


საქართველოს თავდაცვის სამინისტრო მეორე დღეა საზოგადოების ყურადღების ცენტრშია. სამხედრო უწყება 17 დეკემბერს მოქმედ პრეზიდენტსა და სახელმწიფო მინისტრს მასპინძლობდა.

ორსაათიანი შეხვედრის განმავლობაში მინისტრი დავით თევზაძე ყოველნაირად ცდილობდა გარდამავალი ხელისუფლება მის მიერ დაწყებული რეფორმების სისწორესა და შეიარაღებული ძალების სამეცნიერო-ანალიტიკურ პოტენციალში დაერწმუნებინა. თუმცა მას ამ მისწრაფებაში ხელი შეუშალეს მომიჯნავე პროფილის სამინისტროთა ხელმძღვანელებმა, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ თავდაცვის სამინისტრო სხვათა კომპეტენციაში იჭრება. ამისდა მიუხედავად, შეხვედრით მაინც ყველა კმაყოფილი დარჩა.

საფრთხეების დადგენა და კრიზისების მართვა საქართველოს, "ძალოვან" უწყებებად წოდებული, უსაფრთხოების სტრუქტურების აქილევსის ქუსლია. სწორედ ამიტომ, ქართულ-ამერიკული "წვრთნისა და აღჭურვის" პროგრამის პირველი ფაზა იმ ოფიცერთა ჯგუფის მომზადებას ისახავდა მიზნად, რომლებიც სხვადასხვა გასამხედროებულ უწყებებში შესაბამისი პროფილით, ანუ კრიზისის მართვის მიმართულებით, მუშაობდნენ. სამხედრო აკადემიის ბაზაზე 79 ოფიცრის მომზადება ამერიკელი ინსტრუქტორების ხელმძღვანელობით 2001 წლის ზაფხულში დასრულდა. მალევე, ამერიკის დახმარების ფარგლებში, თავდაცვის სამინისტროში თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი კრიზისების მართვის ეროვნული ცენტრიც გაიხსნა. მაგრამ, როგორც ირკვევა, უწყებათშორისი დაპირისპირების გამო, ცენტრმა ეროვნული, ანუ ზეუწყებრივი, ფუნქცია ვერ შეიძინა და მას მხოლოდ საპატიო სტუმრების მიღების ფუნქცია დაეკისრა. ასეთ სტუმართა სიას ოთხშაბათს შეემატა საქართველოს მოქმედი პრეზიდენტი ნინო ბურჯანაძე, რომელიც აღფრთოვანებული დარჩა ნანახით, მაგრამ -იმედგაცრუებული ძალოვანი სტრუქტურების არაკოორდინირებული მუშაობით, რაც საშუალებას არ იძლევა სრულად იქნეს გამოყენებული კრიზისების მართვის ცენტრის შესაძლებლობები.

[ნინო ბურჯანაძის ხმა] "მე ვფიქრობ, რომ ეს შეკრება აქ უნდა მომხდარიყო ბევრად უფრო ადრე, თუნდაც 2001 წელს, როდესაც ეს ცენტრი შეიქმნა. თითოეულმა თქვენგანმა კარგად იცის, რომ კოორდინირებული მუშაობა ჩვენი უწყებებისა საკმაოდ გართულებულია. ბუნებრივია, ჩვენ უნდა შევძლოთ ნებისმიერი საფრთხის თავიდან აცილება. ამისთვის კი საჭიროა ყველა სტრუქტურა კოორდინირებულად მუშაობდეს და მაქსიმალურად გამოიყენებოდეს ყველა ის რესურსი, რომელიც არსებობს."

ამ დასანანი გაუგებრობის აღმოსაფხვრელად, გარდამავალი ხელისუფლება აპირებს კრიზისების მართვის ცენტრს ახალი იმპულსი მიანიჭოს. სწორედ ამ მიზნით ნინო ბურჯანაძემ თავდაცვის სამინისტროში სახელმწიფო მინისტრსა და ყველა ძალოვანი უწყების პირველ პირს უხმო და მათგან ამ რეჟიმში მუშაობა მოითხოვა. საქართველოს გენერალური შტაბის მოვალეობის შემსრულებლის, გენერალ ვლადიმერ იმნაძის განცხადებით, სულ მალე პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი კრიზისების მართვის უწყებათშორისი ცენტრის შექმნის შესახებ შესამაბის განკარგულებასაც მოაწერს ხელს.

[ვლადიმერ იმნაძის ხმა] "ზუსტად იმაზე იყო საუბარი, რომ ამ მართვის ცენტრში უნდა იყოს ყველა ძალოვანი სამინისტროს პირველი პირი. ამაზე დღეს მიიღებენ გადაწყვეტილებას და მიიღებენ შესაბამის ბრძანებულებას, რომელსაც თქვენ შეიტყობთ."

ნიშანდობლივია, რომ ერთი წლის წინ საქართველოს ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელთა კოორდინირებულმა მუშაობამ გადამწყვეტი როლი შეასრულა პანკისის ხეობის კრიზისის მოგვარებაში. მაგრამ საფრთხის გადავლის შემდეგ გასამხედროებულ სამინისტროებს შორის კვლავ თავი იჩინა უწყებათაშორისმა დაპირისპირებამ. ამბიციური ქართველი გენერლები ვერ თანხმდებიან იმაზე, თუ რატომ უნდა იყოს კრიზისების მართვის ეროვნული ცენტრი მაინცდამაინც თავდაცვის სამინისტროში, რომელიც ისედაც სხვებზე მეტად არის განებივრებული საზღვარგარეთის დახმარებით.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG