Accessibility links

logo-print

''ფრიდომ ჰაუზის'' შეფასებით საქართველო კვლავ ''ნაწილობრივ დემოკრატიულ'' ქვეყნად რჩება


დღეს გამოქვეყნდა "ფრიდომ ჰაუზის" 2003 წლის მიმოხილვა მსოფლიოში დემოკრატიის განვითარების შესახებ.

საქართველო 1993 წლიდან დღემდე "ნაწილობრივ დემოკრატიულ" ქვეყნად ფასდება. ზოგად შეფასებაზე თუ ვიტყვით, "ფრიდომ ჰაუზის" მიმოხილვის ავტორებს მიაჩნიათ, რომ გასულ წელს, მიუხედავად ტერორიზმთან გლობალური ომით გამოწვეული შეფერხებებისა, დემოკრატიამ წინსვლა განიცადა.

"ფრიდომ ჰაუზის" მიმოხილველთა თანახმად, 2003 წელს 25-მა ქვეყანამ თავისუფლებისკენ სვლის თვალსაზრისით თვალსაჩინო პროგრესს მიაღწია. ამასთან, 13 ქვეყანაში და მათ შორის - აზერბაიჯანში, დემოკრატიამ დაღმასვლა განიცადა. მიმოხილვაში სამოქალაქო თავისუფლებათა და პოლიტიკურ უფლებათა მიხედვით ქვეყნების შეფასება ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის კრიტერიუმებს ეფუძნება.

პოლიტიკური უფლებები და სამოქალაქო თავისუფლებები შეფასებულია ერთიდან შვიდ ქულამდე. ერთიანით შეფასება ნიშნავს, რომ ქვეყანა ყველაზე დემოკრატიულია, შვიდიანი კი ყველაზე ნაკლებად დემოკრატიული.

საქართველომ სომხეთის მსგავსად როგორც პოლიტიკურ უფლებებში, ასევე სამოქალაქო თავისუფლებებში 4-იანი მიიღო, აზერბაიჯანმა კი შედარებით უარესი ქულები: პოლიტიკურ უფლებებში ექვსიანი, სამოქალაქო თავისუფლებებში კი ხუთიანი.

"ფრიდომ ჰაუზის" უფროსი ექსპერტი ადრიან კარატნიცკი ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში არსებულ ვითარებას ასე აფასებს:

[კარატნიცკის ხმა]
"12 ყოფილ საბჭოთა ქვეყანას შორის არის ორი, სადაც სირთულეების მიუხედავად არის წინსვლის იმპულსი. ერთი მათგანი, რა თქმა უნდა, საქართველოა. მეორე, რაგინდ პარადოქსულიც უნდა იყოს, უკრაინა. თუკი უკრაინა მომავალ წელს, კერძოდ კი, არჩევნების ციკლს შედარებით სუფთად გაივლის, შესაძლებელია იქ ავტორიტარიზმი დამუხრუჭდეს და საპირისპირო პროცესები დაიწყოს".

კარატნიცკიმ აღნიშნა, რომ ახლა გამოქვეყნებულ მიმოხილვაში მხედველობაში არ იყო მიღებული საქართველოში ბოლო თვის მანძილზე შექმნილი ვითარება:

[კარატნიცკის ხმა]
"საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენებისა და ოპტიმისტური მიმართულებების გათვალისწინება ამჯერად ვერ მოვახერხეთ, რადგან ამ ანგარიშში ჩვენ მიმოვიხილავდით 2003 წლის 30 ნოემბრამდე არსებულ ვითარებას. ამავე მიზეზით, ანგარიშში ვერ მოხვდა რუსეთის არჩევნებიც, რომელიც ჩვენი კრიტერიუმებით რომ შეგვეფასებინა, რუსეთს საარჩევნო დემოკრატიის ქვეყნების ნუსხიდან ამოაგდებდა. საერთოდ, მიგვაჩნია, რომ ამ მიმოხილვის პერიოდის შემდეგ, ანუ ნოემბრის ბოლოდან დღემდე მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა: საქართველოში გამოჩნდა ვითარების გაუმჯობესების დიდი შესაძლებლობა, რუსეთში კი შემდგომი რეგრესის საშიშროება".

"ფრიდომ ჰაუზის" წარმომადგენელმა მაიკლ გოლდფარბმა ჩვენს რადიოს განუცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი კვლავაც "ნაწილობრივ დემოკრატიულ" ქვეყნად შეფასდა, ის აშკარად უკუსვლას განიცდის დამოუკიდებელი მედიისა და ბიზნესის სფეროს მდგომარების გამო. გოლდფარბი ამბობს:

[გოლდფარბის ხმა]
"რუსეთში, კერძოდ კი პრეზიდენტ პუტინის მხრიდან სულ უფრო მეტად შეინიშნება ავტორიტარული მოქმედება. მედიის თავისუფლების მზარდმა შეზღუდვამ სამოქალაქო თავისუფლებათა უზრუნველყოფის თვალსაზრისით რუსეთის უკუსვლა გამოიწვია და ხელი შეუწყო დემოკრატიული პროცესისა და პროგრესის შეფერხებას".]

"ფრიდომ ჰაუზის" ანგარიშის თანახმად, 88 ქვეყანა, ანუ მსოფლიოს ქვეყნების 46 პროცენტი თავისუფალია. ათი წლის წინ იგივე მაჩვენებლი სულ 38 პროცენტს შეადგენდა.
საზოგადოება ყველაზე დაჩაგრული ჩრდილოეთ კორეაში, თურქმენეთში, ჩინეთსა და საუდის არაბეთშია. არათავისუფალ ქვეყნებს შორის მოხსენიებულია აგრეთვე ავღანეთი, ბირმა, სირია, სუდანი, ლიბია და რუსეთის რეპუბლიკა ჩეჩნეთი. იგივეა ნათქვამი აფხაზეთზეც, რომელიც "ფრიდომ ჰაუზის" მიმოხილვის "სადაო ტერიტორიების" ნუსხაში მოხვდა მთიან ყარაბაღთან, დნესტრისპირეთთან, ქურთისტანთან და კვიპროსთან ერთად. ეს უკანასკნელი ჩამოთვლილთაგან განსხვავებით თავისუფალ ქვეყნად არის შეფასებული.

"ფრიდომ ჰაუზის" მიმოხილველთა თანახმად, დემოკრატია და ისლამი არ არის შეუთავსებელი, ასევე არ არის სწორი იმის მტკიცება, რომ თავისუფლება მხოლოდ მდიდარი ქვეყნების ხვედრია. არაერთი ღარიბი და განვითარებადი ქვეყანა დემოკრატიის განვითარებაში მნიშვნელოვანი წარმატების მიღწევას ახერხებს.
XS
SM
MD
LG