Accessibility links

რა გავლენას ახდენს მიგრაციული პროცესები ეკონომიკაზე


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი არსებულ ეკონომიკურ გარემოსა და თანამედროვე მსოფლიო ინტეგრაციის პირობებში მიგრაციული პროცესების კვლევა ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებადაა მიჩნეული. სამწუხაროდ,

ამ პროცესების კვლევის ან ელემენტარული აღრიცხვის თვალსაზრისით ძალიან ცოტა რამ კეთდება საქართველოში. ამ ვაკუუმის ამოვსების მცდელობა იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართული კონფერენცია, რომელიც პოსტსაბჭოთა საქართველოში მიგრაციულ პროცესებს მიეძღვნა.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ამ დღეებში უმასპინძლა სამეცნიერო კონფერენციას, რომლის თემა მიგრაციული პროცესები გახლდათ. ეს ღონისძიება მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მხარდაჭერით გაიმართა და მასზე ამ მოვლენის ეკონომიკურ-დემოგრაფიულ და მორალურ ფაქტორებზე იყო მსჯელობა.

მიგრაციის პრობლემა განსაკუთრებულ აქტუალობას იძენს საქართველოში, საიდანაც, სხვადასხვა გათვლებით, 600 ათასიდან მილიონამდე ადამიანია ემიგრირებული.

კონფერენციაზე მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელმა დევიდე ტერციმ აღნიშნა, რომ „მიგრაცია ორლესული მახვილივითაა და მას, უარყოფითთან ერთად, დადებითი მომენტებიც ახლავს". ის, რომ ქვეყანა საუკეთესო და კვალიფიცირებულ სამუშაო ძალას კარგავს, უარყოფითად მოქმედებს როგორც ეკონომიკურ, ისე დემოგრაფიულ სიტუაციაზე; ამასთან, იმავე საქართველოდან ემიგრირებული მოქალაქეების უმრავლესობა ოჯახის წევრებისათვის, ტრანსფერტების სახით, სერიოზულ თანხებს გზავნის, რაც ამ ოჯახებს მინიმალურ სოციალურ გარანტიებს აძლევს.

კონფერენციის ორგანიზატორი სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის მირიან ტუხაშვილის აზრით:

[მირიან ტუხაშვილის ხმა] „რომ არ ყოფილიყო ეს შრომითი ემიგრაცია, ცხოვრების დონე საქართველოში გაცილებით გაუსაძლისი იქნებოდა. ჩვენი გამოკვლევებით, მიგრაციის ინტენსივობა უახლოეს პერიოდში, დაახლოებით 4-5 წლის განმავლობაში, სამწუხაროდ, არ შემცირდება. "

საინტერესოა, რომ ჯერჯერობით არ არსებობს საქართველოდან ემიგრირებული მოსახლეობის ოდენობის დადგენის მეტ-ნაკლებად ზუსტი მეთოდი. მეცნიერები 600 ათასიდან მილიონამდე ემიგრანტს ასახელებენ, ეს უკანასკნელი მონაცემი 1989 და 2002 წლებში ჩატარებული მოსახლეობის აღწერის მაჩვენებელთა შედარებით არის მიღებული.

ასევე გაურკვეველია უცხოეთიდან ოჯახებისათვის განკუთვნილი ფულადი დახმარებების ოდენობაც. ფიქრობენ, რომ შრომით ემიგრანტთა საშუალო თვიური შემოსავალი 715 აშშ დოლარამდეა. შესაბამისად, ერთი ემიგრანტის მიერ საქართველოში განხორციელებული გზავნილის საშუალო სიდიდე 168 აშშ დოლარს შეადგენს, რაც, სხვათა შორის, გზავნილების საერთაშორისო დონეს უტოლდება. თუმცა ემიგრანტთა გზავნილები მნიშვნელოვნად განსხვავებულია ქვეყნების მიხედვით. ამ მხრივ, ყველაზე დიდი ტრანსფერტები ამერიკაზე მოდის და თვეში დაახლოებით 370 დოლარს შეადგენს, ხოლო, ერთ ემიგრანტზე გათვლით, ყველაზე მცირე თანხები რუსეთიდან შემოდის და დაახლოებით 110 დოლარია.
XS
SM
MD
LG