Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პარლამენტის მუშაობა პარალიზებულია


თამარ ჩიქოვანი, თბილისი 18 დეკემბერს 1999 წლის მოწვევის პარლამენტის საშემოდგომო სესია ვერ დაიხურა: სამსახურში მისულ პარლამენტარებს სხდომათა დარბაზის კარები დაკეტილი დახვდათ, პარლამენტის თავმჯდომარის

მოვალეობის შემსრულებლის გიგი წერეთლის მოძიება კი დღის პირველ ნახევარში შეუძლებელი აღმოჩნდა. წინასწარი ცნობებით, სხდომა 19 დეკემბერს გაიმართება და განიხილება საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანის საკითხი. რა მიზეზები იწვევს პარლამენტის მუშაობის პარალიზებას?

1999 წლის მოწვევის პარლამენტში ე.წ. დისციპლინის საკითხი ყოველთვის მოიკოჭლებდა. კვორუმის არარსებობის გამო სხდომების ჩაშლის თვალსაზრისით, ეს პარლამენტი დამოუკიდებელი საქართველოს უახლოეს ისტორიაში ნამდვილად რეკორდსმენია. სხდომების ჩაშლაზე საუბრისას ორი მომენტის გამოყოფა შეიძლება: სხდომები, რომელთა ჩაშლა ობიექტური რეალობით იყო გამოწვეული, ანუ რაღაც მიზეზების გამო პარლამენტართა საჭირო რაოდენობა სხდომებს ვერ ესწრებოდა; და სხდომები, რომელთა ჩაშლა ხელოვნურად იყო გამოწვეული, ანუ დარბაზში აუცილებელი რაოდენობის დეპუტატები კი იყვნენ, მაგრამ მათი გარკვეული რაოდენობა რეგისტრაციაში არ ტარდებოდა და ამით კვორუმის პრობლემა იქმნებოდა.
თუმცა 18 დეკემბერს ჩაშლილი სხდომა არც ერთ ამ ფორმაში არ ჯდება - ჯერჯერობით ეს პირველი შემთხვევაა, როცა პარლამენტარებს სხდომათა დარბაზის კარები დაკეტილი, პარლამენტის ხელმძღვანელი კი გაურკვეველი მიმართულებით გაუჩინარებული ხვდებათ.
საპარლამენტო კულუარებში გავრცელებული ცნობებით, 18 დეკემბერს სხდომის ჩაშლა წინასწარ იყო განზრახული: პარლამენტართა ერთ ნაწილს ხელს არ აძლევს საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების პროექტის განხილვა. საქმე ის გახლავთ, რომ გამორიცხული არ არის, დღის წესრიგში დადგეს დამატებითი საარჩევნო სიების შემოღების საკითხი, რაც თავად პარლამენტარებში დიდ ენთუზიაზმს არ იწვევს. 18 დეკემბრის მონაცემებით, მთელი საქართველოს მასშტაბით, წინასწარი რეგისტრაცია 110 ათასამდე ამომრჩეველმა გაიარა. მართალია, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, პირველი დღეებისთვის ეს საკმაოდ კარგი მონაცემია, მაგრამ არავინ იცის, რამდენად გააქტიურდება ამომრჩეველი დარჩენილ დღეებში. ამომრჩევლის პასიურობა 4 იანვარს საპრეზიდენტო არჩევნების ჩაშლის ერთადერთ შესაძლო მიზეზად შეიძლება იქცეს. ამის თაობაზე განცხადება 18 დეკემბერს პრეზიდენტობის კანდიდატმა მიხეილ სააკაშვილმა გააკეთა:
[ მიხეილ სააკაშვილის ხმა] " პირადად მე, როგორც პრეზიდენტობის კანდიდატი, სასიცოცხლოდ ვარ დაინტერესებული იმით, რომ მაქსიმალური რაოდენობის ამომრჩეველმა მისცეს ხმა არჩევნებზე. თუ 60-70 პროცენტი ხალხის არ მივა საარჩევნო უბნებში, არჩევნები ჩაშლილია და ეს კი ნიშნავს საქართველოს მტრების ოცნების ასრულებას."
კიდევ ერთ პრობლემად შეიძლება იქცეს ის, რომ 1 იანვარს ყოფილ საბჭოთა პასპორტებს მოქმედების ვადა გასდის. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ასეთი ტიპის ამომრჩეველს შინაგან საქმეთა სამინისტრო საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელ მოწმობებს უფასოდ გადასცემს. იგი ამომრჩეველს მოუწოდებს, გააქტიურდეს და 22 დეკემბრამდე აუცილებლად გაიაროს წინასწარი რეგისტრაცია.
XS
SM
MD
LG