Accessibility links

ქართველი სოციალისტები - "ახალი მემარცხენეები"


დავით პაიჭაძე, თბილისი ნოემბრის გარდატეხის შემდეგ საქართველოში პოლიტიკური ძალების დისპოზიცია მკვეთრად შეიცვალა. დამარცხებული ან ჩრდილში მოქცეული პოლიტიკოსები ცდილობენ გამოერკვნენ და თავიანთი

ადგილი დაიმკვიდრონ ძალთა ახალ განლაგებაში. ხუთშაბათს, 18 დეკემბერს, ასეთი მცდელობის შესახებ საზოგადოებას აუწყა საქართველოს სოციალისტურმა პარტიამ. პარტიის ყოფილი ხელმძღვანელი ვახტანგ რჩეულიშვილი პოლიტიკას ჩამოშორდა, თავად პარტია კი განახლების აუცილებლობის წინაშე დადგა. თუ პოლიტიკური ორიენტაციის განმსაზღვრელ ტრადიციულ ცნებებს მოვიშველიებთ, დღეს საქართველოში მიაჩნიათ, რომ პოლიტიკაში ორივე - მარცხენა და მარჯვენა - ფლანგზე არის შეუვსებელი ნიშები. რას განიზრახავს სოციალისტური პარტია მემარცხენე ნიშის დასაკავებლად? ამაზე პარტიის ახალ თავმჯდომარეს ირაკლი მინდელს ვესაუბრე.

ქართველი სოციალისტების უახლოესი მოკლევადიანი მიზანი საპრეზიდენტო არჩევნების აქტიური მონიტორინგია, ხოლო გრძელვადიანი მიზანი - წლების მანძილზე პოლიტიკური სიცოცხლისუნარიანობის შენარჩუნება და გაძლიერება გახლავთ. საკუთარ თავს სოციალისტები მემარცხენე ცენტრისტებად მიიჩნევენ.

[მინდელის ხმა] "ქვეყნისთვისაც საჭიროა, რომ გამოიკვეთოს პოლიტიკური ჯგუფები, რომლებიც განსაზღვრავენ პოლიტიკას - მემარცხენეები იქნებიან ისინი თუ მემარჯვენეები. რასაკვირველია, ეს სტრატეგიული ამოცანაა. ჩვენ დავრჩებით მემარცხენე ცენტრისტულ პარტიად, არარადიკალებად. რადიკალები არსებობენ კომუნისტების სახით. ჩვენ მათთან საერთო არაფერი გვაქვს."

ვისთან შეიძლება საერთო ჰქონდეთ ქართველ სოციალისტებს, რათა მიზნის მიღწევა - ძლიერი მემარცხენე ცენტრის შექმნა და შენარჩუნება - შეძლონ? ირაკლი მინდელი ამბობს, რომ მემარცხენეობა-მემარჯვენეობის ტრადიციული შინაარსი ახლა იცვლება, თუმცა შესაძლო პარტნიორებს სოციალისტები აქამდე სწორედ ტრადიციულად მემარცხენე ტიპის ჯგუფებში იგულვებენ.

[მინდელის ხმა] "პირველები არიან ლეიბორისტები. მათთან კონსულტაციები არჩევნების გამო, ცხადია, გვექნება. სამომავლოდ, ვნახოთ, როგორ განვითარდება ეს ჩვენი ურთიერთობა. რასაკვირველია, არის სურვილი, რომ საქართველოში ჩამოყალიბდეს და დაიხვეწოს პოლიტიკური სპექტრის ორივე ფლანგი."

სოციალისტური პარტიის თავმჯდომარე ირაკლი მინდელთან საუბრისას შევნიშნე, რომ პარტიის წინა ხელმძღვანელი, ვახტანგ რჩეულიშვილი, არსებითად, არ ლაპარაკობდა პოლიტიკის ენაზე: რჩეულიშვილის დისკურსი წარმოადგენდა ძველი ბიჭისა და ბოლო თაობის საბჭოთა ფუნქციონერის მეტყველების თავისებურ ნაზავს, რომლის ადგილიც, ჩანს, ქართულ პოლიტიკაშიც აღარ არის. რამდენად ფლობენ ქართველი სოციალისტები იმ ენას, რომელიც გასაგები აღმოჩნდება, მაგალითად, მათი ევროპელი კოლეგებისა თუ სეხნიებისათვის - სოციალისტური და მემარცხენე ორიენტაციის სხვა პარტიებისათვის? პარტიის განახლების ერთ-ერთ საწინდრად ირაკლი მინდელს ხომ სწორედ საერთაშორისო კავშირების გაღრმავება და პარტიაში ინტელექტუალთა მიზიდვა-დაბრუნება მიაჩნია:

[მინდელის ხმა] "ჩვენთან ახლა იქმნება პოლიტიკური საბჭო. ბევრი ადამიანი, ინტელექტუალი, რომელიც გასული იყო პარტიიდან, ახლა ბრუნდება. ისინი არ არიან პარტიული, პოლიტიკურად აქტიური ტიპაჟები, მაგრამ დაამუშავებენ სწორედ იმ მიმართულებებს, თქვენ რომ ახსენეთ შეკითხვაში... ქართული სოციალიზმის განვითარების მოდელი შესამუშავებელია, თუმცა ამის საფუძველი ჯერ კიდევ 95 წელს მომზადდა."

1995 წელს სოციალისტური პარტია, მართლაც, ცდილობდა პოზიციონირებას იდეოლოგიის თანხლებით, მაგრამ მისი ძველი ლიდერის ხელში ყოველგვარი იდეოლოგია გაუფასურდა. ვნახოთ, დააგდებენ თუ არა ძველ გზას სოციალისტები.
XS
SM
MD
LG