Accessibility links

logo-print

რატომ ვერ იღებს საქართველოს ვიზას ანდრეი ბაბიცკი?


ანდრეი ბაბიცკის სახელი ცნობილია არა მარტო რადიო "თავისუფლების" მსმენელისთვის, არამედ ყველასთვის, ვინც მეტ-ნაკლებად არის დაინტერესებული ჩეჩნეთის პრობლემატიკით.

მხოლოდ იმას შეგახსენებთ, რომ ჩვენი რუსი კოლეგა 2000 წელს მთელი ორი თვე იმყოფებოდა რუსეთის საიდუმლო სამსახურის ტყვეობაში და მისი გათავისუფლება მხოლოდ მას შემდეგ მოხერხდა, რაც საქმეში ლამის მთელი მსოფლიო ჩაერია. ახლა ბაბიცკის გარშემო ახალი სკანდალი მწიფდება. სამწუხაროა, რომ სკანდალი ამჯერად საქართველოს უკავშირდება.

19 დეკემბერს ექსტრემალური ჟურნალისტიკის ცენტრმა გაავრცელა განცხადება სახელწოდებით: "საქართველოს ხელისუფლება აფერხებს ქვეყანაში ანდრეი ბაბიცკის შესვლას." დოკუმენტში ვკითხულობთ:

"საქართველოს ახალ ლიდერებს არაერთხელ განუცხადებიათ, რომ დემოკრატიული ნორმების ერთგული არიან და რომ განზრახული აქვთ, არჩევნები მასიმალურად თავისუფალ და დემოკრატიულ ატმოსფეროში ჩაატარონ. აშკარაა, რომ საქართველოში დანიშნული არჩევნებისადმი მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა ინტერესი უზარმაზარია და იმ ჟურნალისტთა მაქსიმალური რიცხვი, რომლებიც წინასაარჩევნო კამპანიას აშუქებენ, იმის გარანტიაა, რომ არჩევნები მართლაც უპასუხებს დემოკრატიისა და საერთაშორისო სამართლის ნორმებს. ასეთ პირობებში გაკვირვებას იწვევს საქართველოს ხელისუფლების მხრიდან პასუხის არარსებობა განაცხადზე რადიო "თავისუფლების" ჟურნალისტ ანდრეი ბაბიცკისთვის ვიზის გაცემის შესახებ. ვფიქრობთ, რომ საქართველოში დანიშნული არჩევნები უკიდურესად მნიშვნელოვანი თემაა, ხოლო მათი გამშუქებელი ჟურნალისტების საქმიანობა პატივისცემასა და თანადგომას იმსახურებს. იმედი გვაქვს, რომ საქართველოს სახელმწიფო ორგანოები, რომლებიც პასუხისმგებელი არიან ვიზების გაცემისა და ჟურნალისტთა თავისუფალი მუშაობის რეგლამენტირებისთვის, გამონახავენ შესაძლებლობას, ქვეყანაში შესასვლელი დოკუმენტები გაუფორმონ ანდრეი ბაბიცკისა და სხვა ჟურნალისტებს."

განცხადებას ხელს აწერს ექსტრემალური ჟურნალისტიკის ცენტრის დირექტორი ოლეგ პანფილოვი.

ცხადია, კომენტარი თვით ანდრეი ბაბიცკის ვთხოვეთ. როგორც ჩვენმა კოლეგამ განგვიმარტა, ვიზის მიცემაზე მისთვის უარი არავის უთქვამს. უბრალოდ, ნებართვას არ მაძლევენო; რაც ამ სიტუაციაში, კაცმა რომ თქვას, უარის ტოლფასია, რადგან ვიზის მისაღებად დრო აღარ რჩება.

[ანდრეი ბაბიცკის ხმა] "სამწუხაროდ, ვფიქრობ, რომ ეს არ არის უბრალოდ, რიგითი სიტუაცია. რადგან საელჩოში გამგზავრებამდე ერთი კვირით ადრე ტელეფონით დავუკავშირდი მის თანამშრომლებს, რომლებმაც მითხრეს, პროცედურა თითქმის ავტომატურიაო, ვიზას აქვე, ერთ დღეში მიიღებთო. მაგრამ უცებ გაირკვა, რომ საჭირო ყოფილა ჯერ განაცხადის გაგზავნა თბილისში, შემდეგ იქიდან პასუხის მიღება და ა.შ. ბოლოს კონსულმა ვარაუდი გამოთქვა, რომ ყველაფერი ორშაბათს-სამშაბათს გაირკვეოდა."

სამხუხაროდ, ასე არ მოხდა. ჩვენ ვენაში დავურეკეთ საქართველოს კონსულს მერაბ ღვინაძ ეს, რომელმაც გვითხრა, რომ, ინსტრუქციის შესაბამისად, ანდრეი ბაბიცკის განაცხადი და მისი თანმხლები ქაღალდები მან გადაუგზავნა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტს, საიდანაც პასუხი - არც დადებითი და არც უარყოფითი - დღემდე არ მიუღია.

რა შეიძლება იყოს ასეთი გაჭიანურების მიზეზი? ანდრეი ბაბიცკისთან საუბარში ვარაუდი გამოვთქვი, იქნებ ეს ყველაფერი უბრალო ბიუროკრატიული "გაჯანჯლებით" უნდა აიხსნას-მეთქი...

[ანდრეი ბაბიცკის ხმა] "ჩემი აზრით, არა. მით უმეტეს, რომ იყო ეუთოს წერილი, რომელსაც ხელს აწერდა ფრაიმუტ დუვე - თხოვნით, ხელი შეუწყონ ვიზის უსწრაფესად გაცემას. ასე რომ, თუ ეს მართლაც რაიმე სახის მოუწესრიგებლობის შედეგია, მაშინ საქმე განსაკუთრებით დიდი მასშტაბის მოუწესრიგებლობასთან უნდა გვქონდეს. მე ძალიან დიდ პატივს ვცემ საქართველოსაც და მის მოხელეებსაც და ვფიქრობ, რომ ასეთი ხარისხის ქაოსი, ამჟამინდელი სიტუაციის გათვალისწინებითაც კი, საქართველოში არ შეიძლება იყოს."

მაშ, რა შეიძლება ვიფიქროთ? გავიკითხეთ-გამოვიკითხეთ და შევიტყეთ, თითქოს საქართველოს შესაბამის ორგანოებს მოეპოვებოდეს ინფორმაცია ანდრეი ბაბიცკის მიერ, წარსულში, საქართველო-რუსეთის საზღვრის ჩეჩნეთის მონაკვეთის უკანონო გადაკვეთის თაობაზე. ამის გაგონებაზე ჩვენი რუსი კოლეგის გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა.

[ანდრეი ბაბიცკის ხმა] "საზღვარი არათუ უკანონოდ, არამედ კანონიერადაც კი არ გადამიკვეთავს. ჩეჩნეთიდან საქართველოში ან საქართველოდან ჩეჩნეთში არასოდეს გადავსულვარ - არც ვიზით და არც უვიზოდ. დიახ, ჩეჩნეთის მეორე ომის დასაწყისში, მგონი 1999 წელს, გახლდით შატილში, რათა მასალა მომემზადებინა ჩეჩენ ლტოლვილებზე, მაგრამ ჩეჩნეთში, ანუ რუსეთში, არ შევსულვარ. ასე რომ, თუ ასეთი ინფორმაცია მართლაც არსებობს, იგი მცდარი წყაროდან არის მიღებული."

ასეთი იყო ანდრეი ბაბიცკის კომენტარი. ჩვენ კი, რა თქმა უნდა თვალს მივადევნებთ მოვლენათა განვითარებას და მსმენელს საქმის კურსში ვამყოფებთ.
XS
SM
MD
LG