Accessibility links

logo-print

ეუთომ უკვე შეძლო საქართველოს არჩევნების დახმარების პროგრამის ფარგლებში 4 მილიონი ევროს მობილიზება


ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის საბჭოს საქართველოს მისიის ხელმძღვანელის, ელჩ როი რივის განცხადებით, "საქართველოს არჩევნების დახმარების პროგრამის ფარგლებში უკვე მოზიდულია 4 მილიონი ევრო.

პროგრამა, რომელშიც ეუთოს წევრი 17 სახელმწიფო მონაწილეობს, საქართველოს ვადამდელი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების ეუთოს სტანდარტების შესაბამისად ჩატარებისთვისაა მოწოდებული. თანხები საარჩევნო ადმინისტრაციათა ტექნიკურ გადაიარაღებაზე, ცესკოს წევრთა და რაიონულ კომისიათა თანამშრომლების ტრენინგებზე, ამომრჩევლის მარკირებაზე, ხმების პარალელურ დათვლასა და სხვა წინასაარჩევნო ღონისძიებებზე დაიხარჯება. ამ და სხვა რიგის საარჩევნო პროცედურების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, თანხები, 2 მილიონი ევროს ოდენობით, თავის მხრივ, ევროკომისიამაც გამოყო. საქართველოს დროებითი ხელისუფლების გაანგარიშებით კი, 4 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნების დასაფინანსებლად 2 მილიონ 600 000 ევროა საკმარისი.

საქართველოს დროებითი ხელისუფლების წინასწარი გათვლებით, საპრეზიდენტო არჩევნების ორგანიზებისათვის 2, 6 მილიონი ევროა საჭირო, საპარლამენტო არჩევნებისთვის კი - 3, 5 მილიონი ევრო. სწორედ ეს ციფრები დასახელდა ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის საბჭოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე, რომელიც მიმდინარე თვის დასაწყისში ნიდერლანდების სამეფოს ქალაქ მაასტრიხტში გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს მოქმედი პრეზიდენტი ნინო ბურჯანაძე და საგარეო საქმეთა მინისტრი თედო ჯაფარიძე. როგორც 19 დეკემბერს ეუთოს საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა, ელჩმა როი რივიმ საგანგებოდ მოწვეულ ბრიფინგზე განაცხადა, ეუთოს წევრმა ქვეყნებმა საქართველოს დროებით ხელისუფლებას პრაქტიკული ნაბიჯებით უპასუხეს და ასიგნებები უკვე მოახდინეს. ამ სახელმწიფოთა რიგში არიან: ნიდერლანდები, გერმანია, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, იტალია, თურქეთი, ამერიკის შეერთებული შტატები და კანადა - სულ 17 სახელმწიფო, რომლებიც ცალსახა სოლიდარობას უცხადებენ საქართველოს დროებით ხელისუფლებას და 2004 წლის საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების სამართლიანად ჩასატარებლად თავიანთ წილსაც დებენ. მაგალითისათვის, ფინანსური დახმარების გარდა, შეგვიძლია ის ფაქტიც დავასახელოთ, რომ ეუთომ 4 იანვრის არჩევნებისთვის საქართველოში თავისი წარმომადგენლობა გაზარდა: არჩევნების მონიტორინგში მარტო ეუთოდან, 30 გრძელვადიანი დამკვირვებლის გარდა, 450 მოკლევადიანი დამკვირვებელიც მიიღებს მონაწილეობას. ეუთო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ 4 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნები ბევრად უფრო სამართლიანი იყოს, ვიდრე 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნები.

[ელჩის ხმა] "მე არანაირი გარანტიები არ მაქვს. სამწუხაროდ, რაც ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ, არის მხოლოდ ის, რომ მოვამზადოთ და დავეხმაროთ საქართველოს ხალხს, ცესკოს და მთავრობას, რათა არჩევნები სამართლიანად ჩატარდეს. ჩვენ შევეცდებით მოვამზადოთ საფუძველი. დანარჩენი ისევ და ისევ ქართველ ხალხზე იქნება დამოკიდებული. ვიმეორებ, ჩვენი სამზადისი მიმართული იყო იქითკენ, რომ მოგვეზიდა მატერიალური - და არამარტო მატერიალური - რესურსები როგორც ცენტრალური საარჩევნო კომისიის, ისე არასამთავრობო ორგანიზაციების დასახმარებლად, რათა ეს საპრეზიდენტო არჩევნები დამაკმაყოფილებლად ჩატარდეს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე."

რაც შეეხება თავად არჩევნებს, როი რივის თქმით, 4 იანვრის არჩევნებზე ხმების პარალელურ დათვლას ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია ISFED-I განახორციელებს. ამომრჩეველთა მარკირება კი კვლავაც იმ ხსნარით მოხდება, რომელიც 2 ნოემბრის არჩევნებზე საქართველოშიც იქნა აპრობირებული და რომელიც გაეროს სტანდარტების შესაბამისად გამოიყენება თითქმის ყველა ქვეყანაში. სხვათა შორის, ელჩი გაოცებულია, რომ ხსნარის უხარისხობის საკითხი მხოლოდ საქართველოში გახდა მსჯელობის საგანი.
XS
SM
MD
LG