Accessibility links

logo-print

როგორ და რით დაიწყო რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ახალი ეტაპი


თუ 23 ნოემბრამდე ეგრეთ წოდებული "ვარდების რევოლუციის" ავტორები რუსეთთან ხელისუფლების ეკონომიკურ ურთიერთობასაც კი აკრიტიკებდნენ, 23 ნოემბრის შემდეგ, ანუ ხელისუფლებაში მათი მოსვლისთანავე,

მთავარ პრიორიტეტად რუსეთთან მეგობრობა იქცა. საქართველოს ახალმა ხელისუფლებამ, ძველის მსგავსად, რუსეთთან ურთიერთობის მოწესრიგების ახალი ეტაპის დასაწყისი კიდევ ერთხელ გამოაცხადა და მოსკოვში კერძო ვიზიტით საგარეო საქმეთა მინისტრი თედო ჯაფარიძე მიავლინა.

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან საქართველოს მოქმედი პრეზიდენტის ნინო ბურჯანაძის სატელეფონო საუბრისა და ბაქოში ხანმოკლე შეხვედრის შემდეგ ნინო ბურჯანაძის მოსკოვში ვიზიტი გადაწყდა. მანამდე კი მოსკოვს საგარეო საქმეთა მინისტრი თედო ჯაფარიძე ესტუმრა. მიუხედავად იმისა, რომ თედო ჯაფარიძის ვიზიტი კერძო ხასიათის იყო, მან რუსეთის დედაქალაქში საგარეო საქმეთა სამინისტროს ნოტა ჩაიტანა. რუსული მედიის მიერ გავრცელებული ცნობის თანახმად, ამ ნოტით საქართველომ რუსეთს ბოდიში მოუხადა საქართველოში ბორის ბერეზოვსკის სტუმრობის გამო. ამას უარყოფს საქართველოს საგარეო უწყების ოფიციალური წარმომადგენელი თემურ მიქელაძე:

[თემურ მიქელაძის ხმა] "საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის მხარეს უპასუხა ნოტით, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველოს კომპეტენტური ორგანოები აწარმოებენ თბილისში ბატონ პლატონ ელენინის - სავარაუდოდ, ბატონ ბორის ბერეზოვსკის - ჩამოფრენისა და ნოტაში დასმული სხვა საკითხების დაწვრილებით შესწავლას. აი, ამ კომპეტენტური ორგანოების მიერ შესწავლის შედეგების მიხედვით, რა თქმა უნდა, ჩვენ რუსეთს ვაცნობებთ, რაც გამოირკვევა სინამდვილეში."

თუმცა, ნოტისგან განსხვავებით, ბოდიშის ტონი იგრძნობა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის თედო ჯაფარიძის განცხადებებში. რუსული საინფორმაციო საშუალებებისთვის მიცემულ ინტერვიუებში ის აღნიშნავს, რომ მოსკოვში გამგზავრებამდე სახელმწიფო მინისტრ ზურაბ ჟვანიასთან ერთად რუსეთ-საქართველოს ურთიერთობათა სიტუაციური ანალიზი ჩაატარა პოზიციიდან, თუ რა გააკეთა საქართველომ ნეგატიური. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ფიქრობს, რომ ამ სიტუაციაში ასეთი კრიტიკული მიდგომა მართებულია. "საქართველო იყო არაპროგნოზირებადი, იძლეოდა დაპირებებს და მათ არ ასრულებდა," აღნიშნავს თედო ჯაფარიძე და დასძენს, რომ ქართულ-რუსულ ურთიერთობებში უფრო მეტი მოქნილობის გამოვლენაა საჭირო.


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი თედო ჯაფარიძე, რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლების გარდა, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ვალერი ლოშინინს შეხვდა. ამ შეხვედრებზე ქართულმა მხარემ მოსკოვს ორი ქვეყნის ურთიერთობაში არსებული პრობლემების ერთ ფურცელზე ჩამოწერა და მათზე მუშაობა შესთავაზა - შესთავაზა დაწყება სუფთა ფურცლიდან. რუსეთის ფედერაციაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ზურაბ აბაშიძის განცხადებით, ასეთ პოზიციას რუსი კოლეგებიც ეთანხმებიან.

[ზურაბ აბაშიძის ხმა]

მართლაც მოხსნის თუ არა ეჭვებს თბილისის მხრიდან მოსკოვის მიმართ ბოდიშის ტონით გამსჭვალული დიპლომატია, ეს უახლოეს მომავალში გამოჩნდება. საქართველოს ხელისუფლებას ასეთი პოლიტიკისათვის გასულ წლებშიც არაერთხელ მიუმართავს, მაგრამ ყველაფერი იმით მთავრდებოდა რომ მოსკოვი სულ უფრო მეტ მოთხოვნებსა და პრეტენზიებს უყენებდა თბილისს.
XS
SM
MD
LG