Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელის პრემიერი ულტიმატუმს უყენებს ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის ყველა მხარეს


ისრაელის პრემიერმა არიელ შარონმა წამოაყენა ულტიმატუმი: თუკი პალესტინელები სამშვიდობო პროცესში, რომელმაც პალესტინელებს სახელმწიფოს შექმნის საშუალება უნდა მისცეს,

წინსვლის მისაღწევად არაფერს იღონებენ, მაშინ ისრაელი ცალმხრივად განახორციელებს გამოყოფის საკუთარ გეგმას. შარონის განცხადება, რომ ის ისრაელისა და პალესტინელთა ტერიტორიების გაყოფის საკუთარ გეგმას განახორციელებს, თუკი სამშვიდობო პროცესში წინსვლა არ იქნა, ცუდი ახალი ამბავია ყველა მხარისათვის. შარონმა თქვა, რომ თუკი პალესტინელები მალე არ გაანადგურებენ ტერორისტთა ჯგუფებს და არ დააკმაყოფილებენ სამშვიდობო გეგმის სხვა მოთხოვნებს, ის ცალმხრივად გაატარებს გამოყოფის საკუთარ გეგმას, რომელიც ორ ხალხს დროებით განაცალკევებს ერთმანეთისგან. [შარონის ხმა] "თუკი რამდენიმე თვეში პალესტინელები კვლავ არ შეასრულებენ "საგზაო რუკით" გათვალისწინებულ ვალდებულებას, ისრაელი, უსაფრთხოების მიზნით, პალესტინელთა გამოყოფის თავის გეგმას განახორციელებს. ცხადია, რომ, გამოყოფის ისრაელისეული გეგმით, პალესტინელები ბევრად ნაკლებს მიიღებენ, ვიდრე მათ "საგზაო რუკა" პირდაპირ მოლაპარაკების გზით ჰპირდება". შარონმა აგრეთვე თქვა, რომ ისრაელის მიერ დადგენილი უსაფრთხოების ეს დროებითი ზოლი არ იქნება სახელმწიფოს მუდმივი საზღვარი, მაგრამ განაცხადა, რომ არმია მის გასწვრივ განთავსდება, სანამ "საგზაო რუკა" არ განხორციელდება. შარონის გეგმის მიხედვით, უნდა შეიკვეცოს ებრაელთა დასახლებებიც. ისრაელის პრემიერის ამ ულტიმატუმს პალესტინელთა კრიტიკა მოჰყვა. პრემიერმა აჰმედ ყურეიმ თქვა, რომ ეს შარონის მუქარაა:
[ყურეის ხმა] "იმედგაცრუებული ვარ. ახალ რამეს ველოდი. მაგრამ მსურს პასუხი გავცე და ჩვენი პოზიცია გავიმეორო. ჩვენ კვლავ "საგზაო რუკის" მომხრე ვართ. ჩვენ 1967 წლის 4 ივნისის საზღვრის, მუდმივი შეთანხმების და კონფლიქტის დასრულების მომხრე ვართ". ვაშინგტონმა გამოაცხადა, რომ ის წინააღმდეგია ყოველგვარი ცალმხრივი ნაბიჯებისა, რომლებიც "საგზაო რუკით" არ არის გათვალისწინებული. თეთრი სახლის წარმომადგენელ მაკლელანს მოუსმინეთ: [მაკლელანის ხმა] "ჩვენ წინააღმდეგი ვიქნებით ყველა ცალმხრივი ნაბიჯისა, რომელიც აფერხებს "საგზაო რუკის" ჩარჩოებში მოლაპარაკებას. ის, რომ უნდა გაუმჯობესდეს პალესტინელთა საცხოვრებელი პირობები, რომ უნდა შემცირდეს დაპირისპირება და ძალადობა, რომ უნდა დავეხმაროთ ტერორისტების აღკვეთას, რა თქმა უნდა, "საგზაო რუკით" არის გათვალისწინებული." თეთრმა სახლმა შარონი შეაქო იმის გამო, რომ ისრაელს სურს "საგზაო რუკის" განხორციელება და რომ პალესტინელთა ტერიტორიებზე ებრაელთა დასახლების შეკვეცას აპირებს. მაკლელანის თქმით, ეს "საგზაო რუკითაც" არის გათვალისწინებული. პალესტინელთა ტერიტორიებზე მცხოვრებმა ებრაელებმა შარონი სასტიკად გააკრიტიკეს. დასახლებათა საბჭოს თამჯდომარემ ბენსი ლიბერმანმა გამოაცხადა, რომ ყველაფერს გააკეთებენ, რათა შარონისეული გეგმის ნაწილი, გადაასახლონ ებრაელები, რეალობად არ იქცეს. არიელ შარონის ულტიმატუმი არ მოიწონეს პალესტინელმა ექსტრემისტებმა: ჰამასის გაერთიანების სულიერმა ლიდერმა, შეიხმა აჰმედ ჰასინმა განაცხადა, რომ ეს ძველი პოზიციაა, რომ არაფერია ახალი შარონის ნათქვამში. სხვათა შორის, ჰასინის აზრით, ისრაელი პალესტინელთა მიმართ აგრესიას არ შეწყვეტს. არიელ შარონმა თავის ახალ წინადადებას დაამატა, რომ ის ყველა ნაბიჯს აშშ-თან თანამშრომლობით გადადგამს და არ სურს სტრატეგიულ პარტნიორობას ავნოს.
შარონმა თავის გაფრთხილებაში ილაპარაკა აგრეთვე იმაზე, რომ მთავრობა იმ ზღუდის შენებას აგრძელებს, რომელიც პალესტინელთა ტერიტორიას გამოყოფს ისრაელისგან და რომელიც, ნაწილობრივ, უკვე აგებულია. ამ კედელს აკრიტიკებს პალესტინელთა ავტონომია. აშშ-ის პრეზიდენტმა ამ ზღუდეს უწოდა პრობლემა, რომელიც პალესტინელებსა და ისრაელს შორის ნდობის გაჩენას ძალიან გააძნელებს. ვაშინგტონმა ისრაელს 290 მილიონი დოლარით შეუმცირა საკრედიტო გარანტიები იმ მიზეზით, რომ ფული ზღუდის შენებასა და პალესტინელთა ტერიტორიებზე არსებულ ებრაელთა უკანონო დასახლებასაც ხმარდებოდა.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG