Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაზეთი ''უოლ სტრიტ ჯორნალი'' საქართველოს შესახებ


ანდრო ეული, პრაღა მიმდინარე წლის 19 დეკემბრის ნომერში გაზეთმა "უოლ სტრიტ ჯორნალმა" გამოაქვეყნა ვაშინგტონის თანამედროვე სტრატეგიისა და პოლიტიკური კვლევის ინსტიტუტის თანამშრომლის,

ვლადიმირ სოკორის სტატია, რომელშიც საქართველოში, აგრეთვე მეზობელ აზერბაიჯანში ამ ბოლო დროს მომხდარი პოლიტიკური ცვლილებებია გაანალიზებული.

ხელისუფლების სათავეში მოსული ახალი და ახალგაზრდა ლიდერებით საქართველო და აზერბაიჯანი, წერს ვლადიმირ სოკორი, როგორც იქნა პოსტ-საბჭოურის შემდგომ, ახალ ფაზაში შედიან, რაც თავის მხრივ, პოსტ-საბჭოური "ნაგვის აღგვას", თანამედროვე სახელმწიფო სტრუქტურების შექმნას, და უშიშროებისთვის აუცილებელი ზომების მიღებით დასავლეთის ორბიტაზე შეუქცევად გადასვლას გულისხმობს.

ხელისუფლების მშვიდობიან, უმტკვნეულო შეცვლას საქართველოში, რასაც "ვარდების რევოლუციად" მოიხსენიებენ პრესაში, მიესალმა დანარჩენი მსოფლიო, სამაგიეროდ შევარდნაძის გადადგომამ, კრემლის დაუფარავი განრისხება გამოიწვია. აწ უკვე დამხობილ ედუარდ შევარდნაძეს თავის მტრად მიიჩნევდა მოსკოვი, რაღა თქმა უნდა, მთელი ამ ხნის მანძილზე. მაგრამ, როცა 2 ნოემბრის არჩევნების აშკარა გაყალბებით აღშფოთებულ "ვარდებიან რევოლუციონერებს" ის-ის იყო უნდა ჩამოეგდოთ ბატონი შევარდნაძე, მოსკოვმა არ დააყოვნა და ზოგიერთი კორუმპირებული ადგილობრივი კლანისა და "მეხუთე კოლონის" ჯგუფების მეშვეობით სცადა თავისი ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის გადარჩენა, იმის იმედით, რომ საქართველოს დასუსტებულ პრეზიდენტს პოლიტიკურ მძევლად გამოიყენებდა. ამგვარმა "თეთრი ძაფებით" შეკერილმა სცენარმა ახალი იმპულსი მისცა საპროტესტო მოძრაობას საქართველოში, რამაც ბოლოს იძულებული გახადა შევარდნაძე გადამდგარიყო.

იმედგაცრუებულმა კრემლმა, ამის საპასუხოდ, საქართველოს სამი სეპარატისტული რეგიონის: აფხაზეთის, სამხრეთი ოსეთისა და აჭარის ბელადები მიიწვია ერთკვირიანი ოფიციალური შეხვედრებისთვის მოსკოვში, რაც საქართველოს ახალი ლიდერების შანტაჟირებისთვის იყო აშკარად გამიზნული. ამასთანავე, აჭარის დიქტატორი ასლან აბაშიძე, მოსკოვს, საქართველოში 4 იანვრისთვის დანიშნული კანონიერი საპრეზიდენტო არჩევნების ჩასაშლედად ესაჭიროება. უფრო ფართო მიზანია - არ დაუშვას საქართველოში კანონიერი ხელისუფლების კონსოლიდაცია და, ამდენად, ქვეყანაში გაგრძელდეს დესტაბილიზაცია.

საქართველოს ახალი ლიდერები, რომლებსაც რადიკალური რეფორმების გატარება აქვთ განზრახული, კლანური სტრუქტურების მხრიდან სერიოზული წინააღმეგობისთვის უნდა იყონ მზად. კორუმპირებული რეჟიმის დამხობით განრისხებული პირები მზად არიან მოსკოვს ამოუდგნენ მხარში, რათა უსასრულობამდე გაგრძელდეს საქართველოში განუკითხაობა და კორუფცია.

ისევე, როგორც საქართველოსთან მიმართებაში, კრემლი დღეს ცდილობს გარდამავალი პერიოდი გაურთულოს აზერბაიჯანის ხელმძღვანელობას ადგილობრივი კონფლიქტის, ამ შემთხვევაში ყარაბაღის პრობლემის მეშვეობით. მიზანი ნათელია - შეაფერხოს აზერბაიჯანის პრო-დასავლური გეზი, ხოლო სომხეთი - თავისი გავლენის სფეროში შეინარჩუნოს, რისთვისაც მოსკოვი ყოველნაირად ცდილობს დაარწმუნოს ორივე ქვეყნის ხელმძღვანელობა იმაში, რომ კრემლის შუამავლობის გარეშე ყარაბაღის პრობლემა ვერ მოგვარდება.

ამიერკავკასიის რეგიონის სტრატეგიული მნიშვნელობის გათვალისწინებით, დასავლეთის ქვეყნებმა ქმედითი ზომები უნდა მიიღონ დაუყოვნებლივ, რათა საქართველოსა და აზერბაიჯანში წარმატებით დასრულდეს ამჟამინდელი, და საკმაოდ რთული გარდამავალი პერიოდი.
XS
SM
MD
LG