Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცენტრალური ხელისუფლებისა და აჭარის ხელმძღვანელობის მოლაპარაკების მორიგი რაუნდი ბათუმში


პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ნინო ბურჯანაძის შემდეგ ბათუმს სახელმწიფო მინისტრი ზურაბ ჟვანია ესტუმრა. აბაშიძესა და ჟვანიას შორის შაბათს ხანგრძლივი მოლაპარაკება შედგა.

მოლაპარაკების შუალედში მასპინძელმა სტუმარს ბათუმისა და ქობულეთის დამაკავშირებელი გვირაბი და სხვა ობიექტები დაათვალიერებინა. აბაშიძემ ჟვანია ბათუმის ერთ-ერთ საარჩევნო უბანზეც მიიყვანა იმის საჩვენებლად, თუ როგორ უბნებში და როგორი ტექნიკით უნდა ჩატარდეს მომავალი არჩევნები. მინდა გესაუბროთ ცენტრალურ ხელისუფლებასა და რეგიონის ხელმძღვანელობას შორის დაწყებული დიალოგის ამ მორიგ რაუნდზე.

ბათუმში სახელმწიფო მინისტრის ზურაბ ჟვანიასა და აჭარის ავტონომიის მეთაურის ასლან აბაშიძის შეხვედრა აშკარად განსხვავდებოდა აბაშიძესთან პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ნინო ბურჯანაძის შეხვედრისგან. ჟვანიასგან განსხვავებით, ბურჯანაძე მასპინძელს ბათუმის ღირსშესანიშნაობების, მათ შორის, ბათუმი- ქობულეთის გვირაბის მშენებლობის დასათვალიერებლად არ მიუპატიჟებია, თანაც საკუთარი ჰამერის ჯიპით, რომლის საჭესაც თავად ეჯდა. ასეთი რამ ბათუმში შევარდნაძის ბოლო ჩასვლისას მოხდა. უკვე 20 ნოემბერს, საკუთარი ჯიპით, აბაშიძე ჟვანიას მასპინძლობდა. გასეირნება ხანგრძლივი მოლაპარაკების პროცესში გამოცხადებული შესვენებისას მოხდა. აჭარის მეთაურმა სახელმწიფო მინისტრს, მშენებარე გვირაბის გარდა, ბათუმის ნავთობგადასამუშავებელი ქარხანა და ერთ-ერთი საარჩევნო უბანიც დაათვალიერებინა.

ასლან აბაშიძესთან 6 საათიანი მოალაპარაკების შემდეგ ნინო ბურჯანაძემ ბათუმი კომენტარების გარეშე დატოვა. მას და ასლან აბაშიძეს იქ ერთობლივი ბრიფინგი არ გაუმართავთ. ბათუმში ზურაბ ჟვანიას ჩასვლისას სხვაგვარდ მოხდა. ხანგრძლივი მოლაპარაკების შემდეგ, რომელსაც ასლან აბაშიძის ვაჟი, ბათუმის მერი გიორგი აბაშიძეც ესწრებოდა, სახელმწიფო მინისტრმა და ავტონომიის მეთაურმა ჟურნალისტების შეკითხვებს ბათუმის თეატრში გამართულ პრესკონფერენციაზე უპასუხეს. სწორედ ბათუმის თეტრში გამჟღავნდა იმ შეხვედრის შედეგი, რომლის მიზანიც იყო ასლან აბაშიძის დაყოლიება, შეეცვალა საპრეზიდენტო არჩევნების ბოიკოტირების გადაწყვეტილება.

მიზანთან მიახლოება მოხდა. აბაშიძე აჭარაში საარჩევნო უბნების გახსნას იმ შემთხვევაში დათანხმდება, თუ ჟვანია, სააკაშვილი და ბურჯანაძე გაითვალისწინებენ მის შენიშვნებს იმის თაობაზე, რომ 2 ნოემბრის არჩევნების პროპორციული შედეგები უზენაეს სასმართლოს კი არა, საკონსტიტუციო სასამართლოს უნდა გაეუქმებინა, რომ არასწორად მოხდა ძველი ცენტრალური საარჩევნო კომისიის დათხოვნა და ახალი კომისიის ფორმირება, რომ კანონის მოთხოვნა არ არის ამომრჩეველთა წინასწარი რეგისტრაცია და ასე შემდეგ. აჭარა მზად არის 4 იანვრის არჩევნების ჩასატარებლად, რისთვისაც სამეულისგან შესაბამის გადაწყვეტილებას ელოდება.

[ასლან აბაშიძის ხმა] "ტექნიკურადაც მზად ვართ, მორალურადაც, ფიზიკურადაც. გადაწყვეტილების მიღების შემდეგ მეორე დღესვე იქნება დადგმული საარჩევნო ყუთები."

[ზურაბ ჟვანიას ხმა] " ბატონმა ასლანმა ჩამოთვალა ის საკითხები, რომლებიც, მისი და მისი კოლეგების აზრით, მოითხოვს დაზუსტებას და ჩვენ უახლოეს დღეებში გავაგრძელებთ კონსულტაციებს."

[ასლან აბაშიძის ხმა] " რა დროს წაიღებს ეს კონსულტაციები? ალბათ, ერთ დღეს. "

20 დეკემბრის შეხვედრის შემდეგ ასეთი განცხადებები გააკეთეს აჭარის მეთაურმა და საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა.
ასლან აბაშიძესთან კონსულტაციები არ დასრულებულა. უახლოეს დღეებში ზურაბ ჟვანიას, ალბათ, ისევ მოუწევს ბათუმში ჩასვლა. შეიცვლება თუ არა 4 იანვრის არჩევნების ბოიკოტირების გადაწყვეტილება, მომავალ შეხვედრაზე გაირკვევა.
XS
SM
MD
LG