Accessibility links

logo-print

ახალგაზრდულ გადაცემაში დღეს მოგითხრობთ ერთ პრემიერაზე


ეკა წამალაშვილი, დავით პაიჭაძე, თბილისი ახალგაზრდულ გადაცემაში დღეს მოგითხრობთ ერთ პრემიერაზე,

რომელიც 19 დეკემბერს გაიმართა კინოთეატრ "ამირანში". ფილმ "დელირიუმის" რეჟისორი თორნიკე ბზიავა ეკა წამალაშვილის სტუმარი იქნება. ახალგაზრდა რეჟისორის თქმით, ფილმი ომს ეხება და არის ირონია ომის მიმართ. გადაცემის მეორე ნაწილში კი ქველმოქმედებაზე ვისაუბრებთ: თქვენ მოუსმენთ ელენე აგლაძეს - თბილისში, შარდენის ქუჩაზე, 21 დეკემბერს გამართული აქციის ერთ-ერთ ინიციატორს. აქციაზე შეგროვებულ თანხას გლდანის ბავშვთა სახლს მოახმარენ, ხოლო შემოწირულ ნივთებს მის აღსაზრდელებს გადასცემენ. სხვათა შორის, ქველმოქმედებისაგან დაცლილი არც კინოთეატრ "ამირანში" გამართული პრემიერა იყო: ფილმის ჩვენებიდან შესული ფული ჰონორარის სახით გადაეცათ თბილისის სამხედრო აკადემიის კურსანტებს, რომლებიც თორნიკე ბზიავამ "დელირიუმში" გადაიღო.


19 დეკემბერს კინოთეატრ "ამირანში" ახალგაზრდა რეჟისორის თორნიკე ბზიავას ფილმის, "დელირიუმის", პრემიერა, იმავდროულად, საქველმოქმედო აქცია იყო: პრემიერიდან შემოსული თანხები თბილისის თავდაცვის აკადემიის კურსანტებს ჰონორარის სახით გადაეცათ. ისინი ფილმის გმირები იყვნენ. ფილმი ეხება ომს და არის ირონია ომის მიმართ. რატომ გადაწყვიტა თორნიკე ბზიავამ ასეთ რთულ თემაზე მუშაობა, ამის შესახებ ეკა წამალაშვილი მოგითხრობთ. "დელირიუმის" პრემიერის შემდეგ თორნიკე ჩვენი სტუმარი იყო და პრემიერასთან დაკავშირებით პირველი შთაბეჭდილებები გაგვიზიარა.




"დელირიუმი" ლათინური სიტყვაა და ქართულად ბოდვას ნიშნავს. ახალგაზრდა რეჟისორმა თორნიკე ბზიავამ ის ეჟენ იონესკოს ნაწარმოებების მიხედვით გადაღებული ფილმის სახელწოდებად აირჩია. "დელირიუმის" პრემიერა ახლახან შედგა. თორნიკეს ფილმის სანახვად კინოთეატრ "ამირანში" მივიდა იმდენი ხალხი, რამდენსაც რეჟისორი არ ელოდა.

[თორნიკე ბზიავას ხმა] " ეს არ იყო უბრალოდ პრემიერაზე მოსული ხალხი, ისინი იყვნენ საქველმოქმედო საღამოს მონაწილეები. მისი მიზანი იყო დახმარების გაწევა იმ კურსანტებისთვის, რომლებსაც ასე სჭირდებათ დახმარება. ისინი უშუალო კავშირში არიან ომთან. თუ რაღაც მოხდება ცუდი, სამშობლოს ბედი მათზე იქნება დამოკიდებული. "

თორნიკეს ფილმში 30-მდე კურსანტია გადაღებული. გადაღებები კი თბილისში, "აბრეშუმის ფაბრიკის" ტერიტორიაზე, მიმდინარეობდა. იქ თბილისის თავდაცვის აკადემიის კურსანტებს ყოველდღიურად 5-6 საათს უწევდათ რეჟისორთან ერთად მუშაობა, თუმცა, რეჟისორის გადაწყვეტილებით, დავალებებს მათ უშუალოდ საკუთარი სამხედრო მეთაური აძლევდა და არა ის. ასე შეიქმნა ახალი ერთსაათიანი ფილმი ომზე - "დელირიუმი", რომელიც, ავტორის თქმით, არის ირონია ომის მიმართ, ადამიანების იმ მდგომარეობის მიმართ, როცა ისინი ხოცავენ ერთმანეთს, დევნიან, ვერ უგებენ ერთმანეთს და ერთმანეთს არაფერს უთმობენ.


ჩვენ სულ დაძაბულობაში, სულ დაპირისპირების გარემოში ვცხოვრობთ, ომი არ გვეუცხოება და არ არის გამორიცხული ახალი ომი მოხდეს. სწორედ ამიტომ გადაწყვიტა ახალგაზრდა რეჟისორმა საზოგადოებისთვის შეეხსენებინა, რა საშინელებაა ომი; გადაეღო ფილმი ომზე და გადაეღო ისე, რომ არ ეჩვენებინა კონკრეტულად რომელ ომში და ვის წინააღმდეგ იბრძვიან მისი გმირები. მათგან მხოლოდ მთავარ გმირთა ქმედებების დაკონკრეტება შეიძლება. ისინი არიან ორნი: ქალი და კაცი.

[თორნიკე ბზიავას ხმა] "ეს ორი გმირი ერთმანეთს ეომება იმისთვის, რომ გადარჩნენ. ბოლოს არის დიალოგი ქალსა და კაცს შორის. ქალი ეკითხება: " ვინ მოიგო?"
" იმან, ვინც არ წააგო," - უპასუხებს კაცი.
" და იმან, ვინც წააგო?"
" იმათ ვერ მოიგეს. "
" რას აკეთებენ წაგებულები?"
" ან დაიხოცნენ, ან ტირიან."
" ვინ იყო მართალი?"
"ვინც მოიგო."
"რატომ?"
"იმიტომ რომ მოიგეს."
" თუ არავინ მოიგო და არავინ წააგო?"
"მაშინ მშვიდობა არ დამყარდება , ნაცრისფერი დღეები დადგება და ყველა მრისხანებით ივლის."

ამ დიალოგში არ არის კონკრეტიზაცია. ეს არის ირონია ომის წინააღმდეგ და, როცა ირონია შემოდის, მე ვფიქრობ, რომ თემა ზოგადი ხდება. "

მთავარ გმირებს, ქალს და კაცს, თამარ ბზიავა და ვანო თარხან- მოურავი განასახიერებენ, დანარჩენ გმირებს კი - დავით გოგიბედაშვილი და ლია კაპანაძე.
ომის თემაზე ირონია სრულდება კეთილად, რამდენადაც, თორნიკეს თქმით, კეთილი ფინალი ქართველი კაცის, ქართული ხასიათის მოთხოვნილებაა. სრულდება ზუსტად ისე, როგორც ცოტა ხნის წინ რეალური ქართული დაპირისპირება დასრულდა - ვარდებით. "დელირიუმის" ფინალურ ეპიზოდში ჯარისკაცები ერთმანეთს ყვავილებით ასაჩუქრებენ. ფილმის სიმბოლო გახდა რკინის ვარდი, რომელიც ფილმის ერთ-ერთი გმირის განმასახიერებელმა დათო გოგიბედაშვილმა ერთ-ერთი გადაღებისას იპოვა.

"დელირიუმის" ოპერატორი გოგა დევდარიანია, პროდიუსერი - გუკა რჩეულიშვილი, კოსტიუმების მხატვარი - თიკო კვინიკაძე, ფილმის მუსიკალური გაფორმება ეკუთვნის ნიკა წერეთელს. "დელირიუმი" თბილისში უკვე ნახეს. შეფასებებით თორნიკე კმაყოფილია, თუმცა ჯერ არ იცის, როგორი იქნება დედის, ქალბატონ ქეთი დოლიძის, შეფასება. თორნიკე ამბობს, რომ მისი შემოქმედების შეფასებისას დედა განსაკუთრებით მკაცრია. ქეთი დოლიძე ამერიკის შეერთებულ შტატებშია. "დელირიუმი" დასრულებული სახით მას ჯერ არ უნახავს. დასრულებული ფილმის ნახვისას ქეთი დოლიძეს ორივე შვილის შემოქმედების შეფასება მოუწევს. "დელირიუმის" ერთ-ერთ მთავარ გმირს თორნიკეს და თამარ ბზიავა განასახიერებს. "ჩვენ ერთმანეთში ხშირად ვჩხუბობთ, მაგრამ ამ შემთხვევაში მასთან საკამათო არ მაქვს. თამარი ნიჭიერი მსახიობია. მან შესანიშნავად გაართვა საქმეს თავიო," - ამბობს თორნიკე. ის გუკა რჩეულიშვილთან ერთად "დელირიუმის" წაღებას ნიუ-იორკში ჩასატარებელ ერთ-ერთ კინოფესტივალზე გეგმავს და უკვე ფიქრობს იმაზე, რა თემაზე გადაიღოს მესამე ფილმი. "დელირიუმის" გარდა, თორნიკე ბზიავას ეკუთვნის ფილმი, სახელწოდებით "უსმინე შოპენს", რომელიც მეგობრობას ეძღვნება.

შეგახსენებთ, თქვენ უსმენთ რადიო "თავისუფლების" ყოველკვირეულ ახალგაზრდულ პროგრამას. ახლა ჩვენს სტუდიას სტუმრობს ელენე აგლაძე - თბილისში, შარდენის ქუჩაზე, კვირას გამართული საქველმოქმედო აქციის ერთ-ერთი ინიციატორი.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG