Accessibility links

ქართული კულტურის მუშაკებმა გასული კვირა ისევ კულტურის


ქართული კულტურის მუშაკებმა გასული კვირა ისევ კულტურის

სამინისტროს მომავალზე მსჯელობით დაიწყეს. შემოქმედებითი ინტელიგენციის იმ წარმომადგენლებმა, რომლებმაც "ვარდების რევოლუციის" დღეებში იაქტიურეს, იმათ, ვინც რევოლუციის დღეებში არ ჩანდნენ და, თქვენ წარმოიდგინეთ, იმათაც კი, ვინც 23 ნოემბრამდე "აჭარის ტელევიზიით" ასლან აბაშიძის კულტურულ-საგმირო საქმიანობაზე საუბრობდა, სიამოვნებით მიიღეს ზურაბ ჟვანიას მოწვევა და სასტუმრო "კოპალაში", "შინაურ ატმოსფეროში", ახალ ხელისუფლებასთან ერთად ეროვნული კულტურის მომავალზე იმსჯელეს. ზურაბ ჟვანიას თქმით:

[ზურაბ ჟვანიას ხმა] "ჩვენ გვინდა ამ საზოგადოებასთან ერთად ჩამოვყალიბდეთ, თუ როგორი უნდა იყოს კულტურის სამინისტრო, რა ფუნქციებს ასრულებდეს."

აქვე გამოითქვა აზრი, კულტურის სამინისტროს შეუერთდეს სპორტისა და ტურიზმის დეპარტამენტი, რაც, ფაქტობრივად, კულტურის სამინისტროს რეორგანიზაციას ნიშნავს. თუმცა საეჭვოა, მხოლოდ შტატების შემცირებით გახდეს შესაძლებელი ის, რის შესახებაც საუბრობდა გრიბოედოვის რუსული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ავთანდილ ვარსიმაშვილი:

[ავთანდილ ვარსიმაშვილის ხმა] " ისე, როგორც ჩვენ აქამდე ვიყავით, ეს იყო "საბჭოთა კულტურის სამინისტრო"... "საბჭოთა კულტურის სამინისტრო" აღარ უნდა იყოს."

იმისათვის, რომ აღარ იყოს "საბჭოთა კულტურის სამინისტრო", მომავალი კულტურის სამინისტროს ბედი ისევ იმ ხალხის ხელში არ უნდა აღმოჩნდეს, რომელიც საბჭოთა ცნობიერების მარწუხებისგან ვერ განთავისუფლებულა. ასეთი შეხვედრები კი ხელისუფლების, პირველ თუ არა, მეორე პირთან (თუ გნებავთ, "მესამე პირთან"), როგორი "არაფორმალურიც" არ უნდა იყოს შეხვედრის სტილი, მაინც საბჭოთა ეპოქის ასოციაციას ბადებს. ახალ ხელისუფლებას სურს არ დაუშვას ის ტაქტიკური შეცდომა, რომელიც თავის დროზე ზვიად გამსახურდიამ დაუშვა, როცა საბჭოთა ეპოქაში წარმატებული შემოქმედებითი ინტელიგენცია ახლოს არ გაიკარა.

ამ თვალსაზრისით, ზურაბ ჟვანიამ სწორედ "შევარდნაძის სტილი" გააგრძელა: ხაზინა ცარიელია, კულტურის სამინისტროს, როგორც არ უნდა მოხდეს მისი რეორგანიზაცია, ფული არ ექნება... ე.ი., ძვირფასო შემოქმედებითო ინტელიგენციავ, ჩვენგან ფულს ნუ მოელით, ჩვენგან ელოდეთ მხოლოდ "ადამიანურ ყურადღებას" და პატივისცემას... შემოქმედებით ინტელიგენციას დღეს ესეც კი აკმაყოფილებს. როგორც პოეტმა მიხეილ ქვლივიძემ აღნიშნა:

[მიხეილ ქვლივიძის ხმა] "კულტურის სფერო ყველაზე კულტურულ საბჭოთა ქვეყანაში დავიწყებულია აბსოლუტურად. მე არ ვლაპარაკობ დაუფინანსებლობაზე. უბრალოდ, ისეა, თითქოს საქართველოში კულტურა არ არის. არადა, საექსპორტოდ საქართველოს კულტურა აქვს მხოლოდ...მინისტრზე იმდენად არაა დამოკიდებული, უფრო აპარატზეა დამოკიდებული, თუ ვინ განაგებს კულტურას."

საექსპორტოდ საქართველოს კულტურაც აქვს და "კულტურული რევოლუციაც" (იგივე "ვარდების რევოლუცია"). ახალი ხელისუფლების ოპონენტებიც კი ვერ მალავენ გაკვირვებას, თუ რაოდენ კარგად იყო ორგანიზებული 22 და 23 ნოემბრის მანიფესტაციები. უამრავი დამკვირვებელი აღნიშნავს, რომ ხალხმა იმ დღეებში, მართლაც, გამოავლინა მაღალი კულტურა, ე.ი. არა იმდენად კანონი დაიცვა, რამდენადაც სწორედ კულტურა და, გარკვეული თვალსაზრისით, "დაანგრია" კიდეც აკვიატებული აზრი, თითქოს ქართველებს არა აქვთ ეგრეთ წოდებული "კოლექტიური ორგანიზებულობის" უნარი.

როგორც ჩანს, სწორედ ამ "კოლექტიური სახით" მოიხიბლნენ ის ქართველი ფოტოგრაფები, რომლებმაც 22-23 ნოემბრის მოვლენები აღბეჭდეს... ყოველ შემთხვევაში, ის 11 ფოტოგრაფი - ნამდვილად, რომელთა ნამუშევრებს 26 დეკემბერს იხილავენ თბილისელები ექსპოზიციაზე, სახელწოდებით "გიორგობა 2003". მანამდე გამოფენამ, რომლის ორგანიზატორები არიან ფონდი "ღია საზოგადოება - საქართველო" და გაზეთი "24 საათი" (ამ თერთმეტ ფოტოგრაფს შორის უმრავლესობა "24 საათის" კორესპონდენტები არიან), საქართველოს სხვადასხვა ქალაქი შემოიარა. როგორც ექსპოზიციის ავტორი, ჟურნალისტი დალი კუპრავა ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, დაგეგმილია ძალიან კარგად დაბეჭდილი კატალოგის გამოცემაც. თუმცა კატალოგში არ შევა ყველა ის 100 ფოტოსურათი, რომელსაც ექსპოზიციაზე გამოფენენ - ზურა ბურდულის, გოგი ცაგარელის, ნათელა გრიგალაშვილის, დიმიტრი ჩიკვაიძის, დათო მძინარიშვილის, ბესო გულაშვილის, იური ლობოდინის, გოგიტა ბუხაიძის, ვასო ბესელიას, ლევან ხერხეულიძის, თეიმურაზ სუხიტაშვილის ფოტოები. რადიო "თავისუფლებამ" ჰკითხა დალი კუპრავას, მაინც რა იყო ფოტოგამოფენის ორგანიზატორთა მიზანი:

[დალი კუპრავას ხმა] "ეს ყველაფერი 4 იანვრამდე ან გაჰყვება ხალხს და ან არა... განწყობილება... ვიღაც, ვინც იდგა, ამას რომ ნახავს, გაიხსენებს... იყო ხალხი, რომელიც არ ჩამოსულა თბილისში, ამიტომ დამებადა იდეა, მოვაწყო მოძრავი ფოტოაქცია."

ხალხს 4 იანვრამდე, ალბათ, მაინც არ დაავიწყდება რა მოხდა თბილისში, მაგრამ ის 100 ფოტოსურათი, რომელიც ქალბატონმა დალი კუპრავამ რადიო "თავისუფლებას" უჩვენა, დამთვალიერებელს აუცილებლად ახლებურად დაანახვებს 2003 წლის "გიორგობის" სახეს... და ადამიანთა სახეებს, რადგან, მიუხედავად იმისა, რომ თერთმეტივე ფოტოგრაფმა ერთმანეთისგან განსხვავებული სტილი აირჩია, მიუხედავად იმისა, რომ თითქმის ყველა სურათში, როგორც რუსები ამბობენ, "მასოვკაა" მთავარი, ადამიანების სახეები არსად არ იკარგება - ფაქტობრივად, ყველა ეს ფოტო "კოლექტიური პორტრეტია"... რა თქმა უნდა, ზოგიერთ სურათში ჩანან ლიდერებიც, მაგრამ ვერ გეტყვით, რომ ისინი უფრო სიმპათიურად გამოიყურებიან, ვიდრე უბრალო ადამიანები - განსხვავებული თაობის და საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსული ხალხი. ე.ი. ესაა არა იმდენად რეპორტაჟები, რომლითაც ადამიანმა უნდა შეიტყოს, რა ხდებოდა იმ დღეებში თბილისში, როგორ ვითარდებოდა მოვლენები, ეზიაროს კონკრეტულ ფაქტებს, არამედ ფოტოპორტრეტები. ჩვენმა ფოტოგრაფებმა ის ადამიანებიც აღბეჭდეს, ვინც შემთხვევით მოხვდა მომიტინგეებს შორის... მაგალითად, ბესო გულაშვილმა თავისი სურათები მარტოობის თემაზე ააგო... კოლექტივი მასთან ფონია, წინა პლანზე კი ხან ქუჩის მუსიკოსს ვხედავთ, ხანაც - ყვავილების გამყიდველ მოხუც ქალბატონს, რომელიც, შესაძლებელია, ვერც კი ხვდება, რა ხდება ამ დროს თბილისში. ასეთი სევდიანი სურათები გარკვეულ კონტრაპუნქტს ქმნის, რაც, გამოფენის ორგანიზატორთა აზრით, აუცილებლად წარმოჩნდება ექსპოზიციაზეც, რაც "გიორგობა 2003"-ს, ჯერ ერთი, სწორხაზოვნებისა და პათეტიკისგან გადაარჩენს, მეორე მხრივ კი, შექმნის მთლიანად ამ "ხავერდოვანი" თუ "კულტურული რევოლუციის" სახეს.

საქართველოს არაერთი მიტინგი და მანიფესტაცია ახსოვს, მაგრამ ამ ფოტოებით თუ ვიმსჯელებთ, ქართველებმა, მართლაც, დახვეწეს მანიფესტაციის კულტურა... ხალხი, მაგრამ არა ბრბო.... ადამიანები, მაგრამ არა ხროვა, რომლის მანიპულაცია ადვილია... სწორედ ასეთი სახე იქმნება 11 ქართველი ფოტოგრაფის 100 სურათის დათვალიერებისას. მით უფრო მნიშვნელოვანია, რომ პროექტის ავტორები ექსპოზიციასა და კატალოგში არ აპირებენ ნამუშევრების წარდგენას ავტორების მიხედვით. ყოველი ავტორის სურათი გაფანტული იქნება საერთო ექსპოზიციაში - დრამატურგიის განვითარების მიხედვით., შეიძლება ითქვას, რომ ფოტოგამოფენა "გიორგობა 2003" კინოს დაემსგავსება.

ცხადია, 22-23 ნოემბრის ამბებს ქართველი დოკუმენტალისტებიც გამოეხმაურებიან. როგორც ამ კვირაში გაირკვა, გოგა ხაინდრავა უკვე შეუდგა გადაღებული მასალის მონტაჟს. თუმცა ფოტოგამოფენასა და ფოტოალბომს, კინოსთან შედარებით, სხვა ხიბლი აქვს. აქ შესაძლებელი ხდება "დაათვალიერო" კადრი, ე.ი. "შეჩერებული გამოსახულება"... უდავოა, რომ "გიორგობა 2003"-ის ავტორებმა გაითვალისწინეს ფოტოგრაფიის ეს უპირატესობა - ამიტომაც ააგეს თავიანთი სურათები სახეებზე, ადამიანთა მზერაზე... ზოგს უხარია, ზოგი ამთქნარებს, ზოგს, აშკარად, ეშინია, ზოგიც ტირის... ადამიანები განსხვავდებიან ერთმანეთისგან და ვერანაირი რევოლუცია - მათ შორის, ვერც ვარდების - ვერ შეძლებს დათრგუნოს, აღკვეთოს ეს მრავალფეროვნება. თავის დროზე, საქართველოში ეს ვერც საბჭოთა კულტურამ შეძლო. მართალია, "მოამრავლა" საბჭოურად მოაზროვნე პოლიტიკოსები, საბჭოურად მოაზროვნე ინტელიგენცია, მაგრამ ხალხში მაინც ვერ ჩაკლა სიახლის, განსხვავებულის მოლოდინი.
XS
SM
MD
LG