Accessibility links

logo-print

ვაშინგტონი წინასაშობაოდ ტერორიზმის გაზრდილ საფრთხეზე ალაპარაკდა


2001 წლის 11 სექტემბრის შემდეგ შეერთებული შტატების მთავრობას მიაჩნია, რომ

შეერთებული შტატები ტერორიზმის მუდმივ სამიზნეს წარმოადგენს. ტერორიზმის საფრთხე ხუთსაფეხურიანი, უფრო ზუსტად თუ ვიტყვით - ხუთფერიანი სისტემით ფასდება. ახლა შობა-ახალი წლის სეზონზე ვაშინგტონი ტერორისტული აქტების განხორციელების დიდ ალბათობაზე მიუთითებს და საფრთხეს "ნარინჯისფრად", ანუ 4 ქულით აფასებს, რაც "მაღალს" უტოლდება. ვითარების არსებითზე უარესად შეფასების მხოლოდ ერთი საფეხური - წითელი ფერიღა რჩება. რა აძლევს ვაშინგტონს ასეთი განგაშის გამოცხადების საფუძველს.

შეერთებული შტატების ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ტერორიზმის საფრთხის ზრდაზე ტერორისტულ ჯგუფებს შორის კომუნიკაციის გააქტიურება მიუთითებს. არის დიდი ალბათობა, რომ ისინი ფართომასშტაბიანი ტერაქტის განხორციელებას გეგმავენ.

შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის საშინაო უსაფრთხოების მდივანმა ტომ რიჯმა 21 დეკემბერს განაცხადა, რომ დღეს აღნიშნული საფრთხის ნიშნები შეიძლება ყველაზე დიდიც კი იყოს 2001 წლის 11 სექტემბრიდან მოყოლებული.

[რიჯის ხმა]
"შეერთებული შტატების სადაზვერვო უწყებებმა მიიღეს საფრთხის არსებობასთან დაკავშირებული უთვალავი ანგარიში. ეს სარწმუნო წყაროები მიანიშნებენ ჩვენს სამშობლოზე თავდასხმათა შესაძლებლობაზე სადღესასწაულო პერიოდსა და მის შემდეგაც".

საშინაო უსაფრთხოების მდივანმა თავს უფლება მისცა ეთქვა, რომ მოსალოდნელი საფრთხე არის არანაკლები, თუ მეტი არა იმაზე, რაც ორი წლის წინ 11 სექტემბერს მოხდა:

[რიჯის ხმა]
"არსებული ინფორმაცია მიანიშნებს იმაზე, რომ საზღვარგარეთ მყოფი ექსტრემისტები თავდასხმის განხორციელებას ახლო მომავალში გეგმავენ და მიაჩნიათ, რომ ეს თავდასხმა თუ არ გადააჭარბებს, კონკურენციას მაინც გაუწევს ორი წლის წინ ნიუ იორკში, პენტაგონსა და პენსილვანიის შტატში განხორციელებულ ტერაქტებს".

ტომ რიჯის თანახმად, რომელიც დაზვერვის ინფორმაციას და კერძოდ, ტერორისტთა სატელეფონო საუბრების შინაარს ეყრდნობა, კვლავაც დიდი ალბათობაა, რომ ტერაქტისთვის თვითმფრინავს გამოიყენებენ. ამგვარი ინფორმაციის გამო განსაკუთრებით გაძლიერდება აეროპორტების უსაფრთხოება მთელი ქვეყნის მასშტაბით. თუმცა, საშინაო უსაფრთხოების მდივანი არ მიიჩნევს აუცილებლად, რომ საფრთხის გაზრდის გამო ამერიკელებმა თავიანთი სადღესასწაულო სამოგზაურო გეგმები შეცვალონ.

ამ განცხადებაზე უნდა ითქვას, რომ შობა-ახალი წლის სეზონი შეერთებულ შტატებში წლის უმნიშვნელოვანეს ეკონომიკურ პერიოდად ითვლება, მათ შორის ქვეყნის შიგნით საჰაერო მგზავრობის აქტიურობის თვალსაზრისით, რომ აღარაფერი ვთქვათ ვაჭრობაზე ზოგადად. ამიტომ სეზონური ბიზნესის ნებისმიერი შეფერხება სერიოზულ ზეგავლენას მოახდენს ამერიკის ეკონომიკაზე. თუმცა, ჩიკაგოს ქალაქის ადმინისტრაციამ ავია-კომპანიების საქმიანობაში ერთი ცვლილების შეტანა მაინ მოითხოვა ფედერალური მთავრობისგან - ჩიკაგოს მმართველობას სურს, რომ გაზრდილი საფრთხის პერიოდში თვითმფრინავების მარშრუტი ისე შეიცვალოს, რომ მათ ქალაქის ცენტრს არ გადაუფრინონ.

11 სექტემბრის ტერაქტების შემდეგ შტატების მთავრობა ტერორიზმის საფრთხეს "ნარინჯისფრით" მეხუთედ აფასებს: პირველად ეს თავად ამ ტერაქტების ერთი წლის თავზე მოხდა; მეორედ - მიმდინარე წლის თებერვალში, როცა დაზვერვა ალ-ყაიდის მხრიდან საფრთხის ზრდაზე მიანიშნებდა; მესამედ - მიმდინარე წლის მარტში, ერაყზე შეიარაღებული თავდასხმის წინ; მეოთხედ კი - მაისში საუდის არაბეთსა და მაროკოში მომხდარი ტერაქტების შემდეგ.

ჯერჯერობით, შტატების მთავრობას არ ჩაუთვლია მიზანშეწონილად ტერორიზმის საფრთხის უმაღლესი ქულით - "წითელი" ფერით შეფასება. უსაფრთხოების ექსპერტთა განმარტებით, განგაშის ასეთ ზომას მთავრობა მიმართავს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი შეერთებული შტატების ტერიტორიაზე თავდასხმა გარდაუვალი, ან განხორციელების პროცესში იქნება.
XS
SM
MD
LG