Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შესაძლო სამხედრო ამბოხის შესაძლო მონაწილეების შესახებ


თამარ ჩიქოვანი, თბილისი დროებითი ხელისუფლება კვლავ სამხედრო ამბოხის შესაძლებლობაზე საუბრობს. თუ აქამდე შესაძლო მეამბოხეთა ვინაობა არ კონკრეტდებოდა, - პერიოდულად მხოლოდ იგორ გიორგაძის სახელი ისმოდა,

- ახლა უკვე "გამოიკვეთა" ამბოხების სხვა შესაძლო მონაწილეთა ვინაობაც. ძალოვანმა სტრუქტურებმა უშიშროების სამინისტროს ყოფილი სპეცრაზმების, "ალფასა" და "ომეგას", რამდენიმე მებრძოლი დააკავეს. სასამართლომ მათ სამთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

შესაძლო სამხედრო ამბოხის შესახებ განცხადება შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი ბარამიძემ გასული კვირის ბოლოს გააკეთა. მაშინ მან არ დააკონკრეტა, თუ რა ძალები დგას შესაძლო სამხედრო გადატრიალების უკან:
[ გიორგი ბარამიძის ხმა] " ძალიან გააქტიურებულები არიან ის ძალები, რომლებმაც იციან, რომ პოლიტიკაში პოლიტიკური მეთოდებით მოსვლის არანაირი შანსი არა აქვთ, მაგრამ მათ აქვთ გათვლა შეიარაღებულ ამბოხზე. ეს არის ძალიან სერიოზული ვითარება."
ძალა, რომელსაც პოლიტიკური მეთოდით პოლიტიკაში მოსვლის არანაირი შანსი არა აქვს თუნდაც იმიტომ, რომ ნებისმიერი დონის არჩევნებში მონაწილეობის უფლება ეკრძალება და, ამავდროულად, არც სამხედრო სფეროსგან არის შორს, უშიშროების ყოფილი მინისტრი იგორ გიორგაძე გახლავთ. 22 დეკემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე იგორ გიორგაძის ამერიკული საკონსულტაციო ჯგუფის წარმომადგენლები ამტკიცებდნენ, რომ იგორ გიორგაძეს საკმაოდ ბევრი მხარდამჭერი ჰყავს საქართველოში და, საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღების შემთხვევაში, იგი მხარდაჭერას მიიღებდა. კვირას, 21 დეკემბერს, იგორ გიორგაძეს გორში ელოდნენ. როგორც ჩანს, ეს მოარული ხმა იგორ გიორგაძის საქართველოში ჩამოსვლის შესახებ იმდენად დამაჯერებლად გამოიყურებოდა, რომ გორში სპეცდანიშნულების რაზმი შეიყვანეს. ჩვენი გორელი თანამშრომლის გოგა აფციაურის ცნობით, სპეცრაზმი კვლავ გორშია:
[ გოგა აფციაურის ხმა] " სპეცდანიშნულების ნიღბიანი წარმომადგენლები სტალინის სახლმუზეუმთან იყვნენ განლაგებულნი. არსებობდა ინფორმაცია, რომ იგორ გიორგაძე 50 კაციან ჯგუფთან ერთად ცხინვალიდან აპირებდა შემოსვლას, მაგრამ გუშინ სტალინის დაბადებიდან 124-ე წლისთავთნ დაკავშირებულ მიტინგზე იგორ გიორგაძე არ გამოჩენილა. გამომდინარე აქედან, ის ვერსია, რომ სპეცდანიშნულების რაზმი თითქოს გიორგაძის გამო იყო გორში, უნდა გამოირიცხოს, რადგან სპეცრაზმი გორში რჩება."
ჯერჯერობით წინასწარი დაკავების საკანში რჩებიან უშიშროების სამინისტროს ყოფილი სპეცრაზმების, "ალფასა" და "ომეგას", წევრები. შეგახსენებთ: ეს რაზმები იგორ გიორგაძის მინისტრობისას ჩამოყალიბდა. მისი წევრების მომზადებაში ლომის წილი აქვს გაღებული ამერიკულ მხარეს. 1995 წლის აგვისტოს შემდეგ, რაც იგორ გიორგაძე ედუარდ შევარდნაძის წინააღმდეგ ტერორისტული აქტის მოწყობაში დაადანაშაულეს, სპეცრაზმები დაშალეს, სპეცზარმების რამდენიმე წევრი კი, იმავე ბრალდებით, დააპატიმრეს და სასჯელი მიუსაჯეს. მათ შორის იყო გურამ პაპუკაშვილი, რომელიც აცხადებს, რომ, მის ხელთ არსებული ცნობებით, დღევანდელი ხელისუფლება კვლავ გეგმავს მის დაპატიმრებას.
პარლამენტარი ელენე თევდორაძე, რომელიც თავის დროზე ყურადღებას არ აკლებდა პატიმრობაში მყოფ პაპუკაშვილს, ამბობს, რომ სამხედრო გადატრიალების ორგანიზატორი იგორ გიორგაძეა, ყოფილ ომეგელებს კი იგი იყენებს:
[ ელენე თევდორაძის ხმა] " მხოლოდ და მხოლოდ იგორ გიორგაძე, იმიტომ რომ, როცა მე ერთი კვირის წინ დავურეკე პაპუკაშვილს და მითხრა, ვმოძრაობო, შევეკითხე: რატომ აკეთებ ამას-მეთქი? მითხრა: რა ვქნა, მშია, მცივა, სახლი არ მაქვსო. ეს ბიჭები, რომლებიც პრაქტიკულად ყველანაირად მომზადებულები არიან, როგორც "ალფას" და "ომეგას" წევრები, სოციალურად აბსოლუტურად მიუხედავები არიან. იდეის გულისთვის არ აკეთებენ ამას, დამიჯერეთ."
ელენე თევდორაძე უახლოეს დღეებში აპირებს მოინახულოს წინასწარი პატიმრობის საკანში მყოფი უშიშროების ყოფილი სპეცრაზმელები, რომლებიც დღეს დაცვის კერძო ფირმის თანამშრომლები არიან და ვისაც იარაღის უკანონო ტარებისა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის გამო სასამართლომ სამთვიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა.
XS
SM
MD
LG