Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

''ჩვენ უფრო ახლოს ვართ ევროპასთან, ვიდრე რომელიმე სხვა გემთან''


ორიოდე დღის წინ პრაღაში დასრულდა კონფერენცია, რომელიც აღმოსავლეთი

და ცენტრალური ევროპის სახელმწიფო მართვის სკოლების გაერთიანების - "ნისპასის" ეგიდით ჩატარდა. ღონისძიების მიზანი იყო პოლიტიკის თეორეტიკოსების შეხვედრა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნების ხელისუფლების წარმომადგენლებთან და ზოგადად იმ გამოცდილების გაცნობა, რომელიც ამ ქვეყნებმა ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში შეიძინეს. პრაღაში გამართულ კონფერენციაში მონაწილეობდა ქართველი მკვლევარი - მზია მიქელაძეც, რომელიც "ნისპასის" მმართველი ხუთკციანი ჯგუფის წევრია. 1998-2002 წლებში მზია მიქელაძე თბილისის სახელმწიფო მართვის ინსტიტუტის რექტორი გახლდათ. შეერთებულ შტატებში სტაჟირების გავლის შემდეგ ის თბილისში დაბრუნდა და მუშაობა კავკასიის ბიზნეს-სკოლაში განაგრძო, სადაც მენეჯმენტს ასწავლის. მზია მიქელაძე "რადიო თავისუფლებაშიც" გვესტუმრა და ეს საუბარიც ჩვენს სტუდიაში შედგა:

ნ.გ. - საქართველოში ბოლო დროს იდეასავით გაისმის, რომ საქართველო უნდა გაწევრიანდეს ევროკავშირში და ამ გზას ადგას კიდეც. რამდენად ადგას, ან არ ადგას, ეს ცალკე საკითხია, მაგრამ, ფაქტია - ჩვენმა ყოფილმა პრეზიდენტმაც არაერთხელ აღნიშნა ამის შესახებ მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალური "გამოწვევა" ევროკავშირის მხრიდან არ ყოფილა. თავად ევროკავშირის წარმომადგენლები, როდესაც მე მათ ვეკითხები - რამდენად რეალურია საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი, გარკვეულ პასუხს არ იძლევიან. ისინი ამბობენ, რომ თეორიულად ოდესმე ეს დასაშვებია, მაგრამ არის სხვადასხვა პირობები. იქნებ, თქვენც გვითხრათ ამ პირობების შესახებ.

მ.მ. - როგორც ქართველთა უმრავლესობას, მეც, რასაკვირველია მაქვს იმედი, რომ საქართველო ბოლოს და ბოლოს გახდება ევროკავშირის წევრი იმიტომ, რომ ჩვენ ევროპული ერი ვართ, უდაოდ გვაქვს ევროპული ფასეულობები და ბევრად უფრო ახლოს ვართ ევროპასთან, ვიდრე რომელიმე სხვა "გემთან". აქიდან გამომდინარე მართლაც მაქვს იმედი, რომ ევროკავშირის წევრები ერთ დღეს მართლაც გავხდებით. თუმცა, ამ შეხვედრის შედეგად კიდევ ერთხელ თვალნათლივ დავინახე თუ რამდენად გრძელი გზა გვაქვს გასავლელი და ცოტა უფრო მეტად რეალისტურად (თუ ნაკლებად ოპტიმისტურად) განვეწყვე, რომ ეს შეიძლება მოხდეს უახლოეს ოთხ-ხუთ წელიწადში.

ამ შეხვედრაზე არაერთხელ აღნიშნა, რომ თვითონ ევროკავშირის გაგებაც ნელ-ნელა იცვლება. ამ ათი ქვეყნის გაწევრიანების შემდეგ, რაც მოხდება 2004 წლის 1 მაისამდე, ევროკავშირი უდაოდ გადახედავს თავისი შემდგომი განვითარების გეგმას და, როგორც ითქვა, არ არის გამორიცხული და ძალიან რეალისტურიც არის - ერთგვარად შეჩერდეს, ან ყოველ შემთხვევაში შენელდეს მაინც ევროკავშირის გახსნილობა ახალი წევრების მიღების მიზნით. თავისთავად პროცესმა აჩვენა, რომ კანდიდატ ქვეყნებში საკმაოდ წინააღმდეგობრივად და მტკივნეულად მიდიოდა მზადება გაწევრიანებისათვის. როგორც მინისტრებმა ჩემთან მეგობრული შეხვედრისას აღნიშნეს, ეს იყო ჯოჯოხეთური პერიოდი, როდესაც მათ ქონდათ თითქმის დაუძლეველი გეგმა, ძალიან მაღალი მიზნები - ევროკავშირთან შესაბამისობაში მოეყვანათ ყველაფერი - დაწყებული საზოგადოების განვითარებიდან დამთავრებული საკანონმდებლო ბაზით. ეს საკმაოდ რთული იყო. ამან გამოიწვია ის, რომ ყველა ამ ქვეყანამ ეს მოთხოვნები მინიმალურად შესარულა, ვინაიდან ისინი განიხილებიან გაწევრიანების კანდიდატებად, მაგრამ ამავე დროს ამას ყველაფერს შეეწირა იმავე კანონების ხარისხი. ზოგ შემთხვევაში კანონები ავტომატურად იყო აღებული დასავლური კანონმდებლობიდან და ნაკლებად იყო მოდიფიცირებული რეგიონზე და ქვეყანაზე.

ნ.გ. - საქართველოშიც მიმდინარეობს კანონმდებლობის ევროპულთან ჰარმონიზაცია. ხომ არ შეადარებდით ამ პროცესებს?

მ.მ. - ალბათ, ჩვენთანაც იგივე პროცესებს აქვს ადგილი. ამიტომ არის გასათვალისწინებელი სხვების გამოცდილება. პოლონელებმა და რუმინელებმა მითხრეს, რომ მათ ბევრი კანონი მიიღეს, რომელიც ნაკლებად ასახავს ამ ქვეყნების სპეციფიკას და ფიქრობენ, რომ ეს კანონები შეიძლება გარკვეულწილად საზიანოც კი იყოს ამ ქვეყნებისათვის, მაგრამ იმის გამო, რომ არსებობდა მაღალი მიზანი, რომ გამხდარიყვნენ კანდიდატები, მაინც ხდებოდა ამ კანონების მიღება. ასე რომ, იქნებ ჩვენ გავითვალისწინოთ ეს და ნუ მივიღებთ კანონებს, რომლებიც მერე გადასაწერი უნდა გახდეს, ან რაღაც სფეროში ზიანის მომტანი იყოს.

მეორე ის არის, რომ თავად ეს ქვეყნები, გახდებიან რა ევროკავშირის წევრები, თავიანთი განვითარების დონით მაინც ჩამოუვარდებიან იმათ, რომლებიც უკვე "სტაჟიანი" წევრები არიან. ეს თავისთავად გარკვეულ თავსატეხს და თავისტკივილს უჩენს დანარჩენ ქვეყნებს. სწორედ ამიტომ არის აზრი იმის თაობაზ, რომ ეს დანარჩენი ქვეყნები ერთგვარად სკეპტიკურად განეწყობიან ევროკავშირში სხვა ქვეყნების სწრაფი მიღების მიმართ. ამან საერთო ჯამში შესაძლოა კიდევ უფრო შორეულ ვადაში გადაწიოს ჩვენი გაწევრიანება ევროკავშირში.

ნ.გ. - ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატ ქვეყნებს ჰქონდათ პრობლემა ინტეგრაციის სანაცვლოდ სუვერენიტეტის ნაწილის დათმობის გამო. ჩვენ ჯერ კიდევ ვერ დავტკბით დამოუკიდებლობით და სუვერენიტეტით. ამასაც ხომ დრო დასჭირდება, რომ ჩვენ მზად ვიყოთ ამის გასაღებად რაღაცის სანაცვლოდ?

მ.მ. - რასაკვირველია, თუმცა, მიუხედავად ასეთი გლობალიზაციისა, მაინც მგონია, რომ ეროვნულობას არ ემუქრება მნიშვნელოვანი საფრთხე. არა მგონია, რომ ევროკავშირის წევრობამ ფრანგებს ფრანგობა დააკარგვინოს. ჯერჯერობით ამის რეალურ ნიშნებს ვერ ვხედავ.

ნ.გ. - ერთია რეალური საფრთხე და მეორეა ჩვენი მზადყოფნა...

მ.მ. - მეორეს მხრივ, რასაკვირველია, ადამიანები უფრო ტოლერანტულები ხდებიან სხვა ერების მიმართ და ამ მხრივ საქართველოშიც დადგა დრო, რომ კუთხური კარჩაკეტილობა გადავლახოთ და ელემენტარულად, ყველა ადამიანს, რომელიც საქართველოში ცხოვრობს, ვუწოდოთ საქართველოს მოქალაქე და თუნდაც - ქართველი. არ არის დასამალი, რომ ამ მხრივ საკმაოდ გრძელი გზა გვაქვს გასავლელი. ჩვენ ჯერჯერობით კიდევ ვამადლით ერთმანეთს, რომ ვირაც იმერელია, ვიღაც მეგრელი და ვიღაც კახელი. როცა დასავლეთში ქვეყნებს შორის საზღვრები იშლება. ასე რომ, ამას, რასაკვირველია, განათლება უნდა, აღზრდა უნდა. ვფიქრობ, ჩვენი საგანმანათლებლო სისტემა მნიშვნელოვნად უნდა გადაეწყოს. და აქ არის საჭირო ზომიერება, რომ ერთის მხრივ განვუვითაროთ ახალგაზრდა თაობას შეგნება, რომ ისინი არიან საქართველოს მოქალაქეები განურჩევლად ეთნიკური წარმომავლობისა, მეორეს მხირვ შევანარჩუნებინოთ ის პოზიტიური და უნიკალური, რაც უდაოდ ყველა ერს გააჩნია და ჩვენ მართლა გაგვაჩნია ასეთი. ევროპაში ჩამოსვლა ყოველთვის მაგრძნობინებს, რომ რაღაცით მაინც განუმეორებლები ვართ.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG