Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლუც კლევემანი - ''ღირს კი აშშ უსაფრთხოების ნავთობში დაგირავება?''


საქართველოში მომხდარმა ე.წ.-მა "ვარდების რევოლუციამ" არაერთგვაროვანი ემოცია

გამოიწვია დასავლელ მიმომხილველებში. ერთ-ერთი, ვისთვისაც საქართველოში მომხდარი შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკის ზოგიერთი ასპექტის გადაფასების საბაბი გახდა, გახლავთ დამოუკიდებელი ჟურნალისტი - ლუც კლევემანი. კლევემანი, გარდა იმისა, რომ ცნობილი ტელე-კომპანიების - ამერიკული "სი-ენ-ენ"-ისა და გერმანული "ცე-დე-ეფ"-ისთვის ბალკანეთში, დასავლეთ აფრიკაში, კავკასიაში, შუა აზიასა და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებს აშუქებდა, რამდენიმე წიგნის ავტორიც არის. ბოლო მათგანი წელს გამოიცა და "ახალი დიდი თამაში: სისხლი და ნავთობი შუა აზიაში" ჰქვია. კლევემანის საქართველოზე დაწერილი სტატიაც ნავთობს და ვაშინგტონის ნავთობით გაპირობებულ საგარეო პოლიტიკას უკავშირდება.

სტატიის სათაური გახლავთ "რა გვასწავლა საქართველომ". ლუც კლევემანი წერს, რომ ბოლო დროს საქართველოში მომხდარი "ხავერდოვანი რევოლუცია" ბუშის ადმინისტრაციისთვის კარგი გაკვეთილია იმის დასანახად, რომ რეჟიმის დემოკრატიული გზით შეცვლა შეიძლება ქმედითი აღმოჩნდეს. კლევემანს მიაჩნია, რომ რეჟიმის ამ გზით შეცვლისთვის აუცილებელია ადგილზე სამოქალაქო საზოგადოების არსებობა და შეერთებული შტატების სურვილი მხარი დაუჭიროს მას. ლუც კლევემანი წერს: "სამწუხაროდ, ვაშინგტონის ამგვარი სურვილი არ ჩანს მის ურთიერთობაში სხვა პოსტ-საბჭოთა ავტოკრატულ რეჟიმებთან როგორც კავკასიაში, ისე - შუა აზიაში. თუკი ბუში სერიოზულად უდგება რეგიონში დემოკრატიის გავრცელების იდეას, მან უნდა შეცვალოს პოლიტიკა".

ლუც კლევემანს მიაჩნია, რომ მაშინ, როცა ბუშის ადმინისტრაცია საკუთარი თავით კმაყოფილებას მიეცა იმის გამო, რაც საქართველოში მოხდა (რადგან ეს სწორ ნაბიჯად მიაჩნია), რეგიონის დანარჩენ ქვეყნებში ის შეცდომას-შეცდომაზე უშვებს. ავტორის აზრით, ტერორიზმთან ბრძოლაში მოკავშირეთა შემოკრების სურვილით აღვსილი "ვაშინგტონი მთელ რიგ სასტიკ დიქტატორებს "ჩაუხტა ლოგინში". და რომ ბევრი მათგანი თითქმის ისეთივე ტირანია, როგორიც სადამ ჰუსეინი იყო. კლევემანს მიაჩნია, რომ ასეთი მიდგომა აბსოლუტურად ეწინააღმდეგება ბუშის ადმინისტრაციის მიერ გაცხადებულ ტერორიზმის აღმოფხვრისთვის დემოკრატიის გავრცელების პოლიტიკას.

კავკასია-შუა აზიის დიქტატორებთან ვაშინგტონის პარტნიორობის პირველ მაგალითად კლევემანს აზერბაიჯანი მოჰყავს და იხსენებს ფაქტს, როცა წლევანდელი საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ საპროტესტო აქციების სასტიკად ჩახშობის მეორე დღეს (გახსენებთ, რომ ეს მოვლენები მსხვერპლით დასრულდა) სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ რიჩარდ არმიტიჯმა ილჰამ ალიევს "დამაჯერებელი გამარჯვება" მიულოცა. შეერთებული შტატების ხელისუფლების ასეთი ნაბიჯი ნამდვილად არ შემატებდა მას პოპულარობას აზერბაიჯანის მოსახლეობაში, - ასკვნის ავტორი. ასევე ვაშინგტონის არაპოპულარულ მიდგომად მიაჩნია ლუც კლევემანს ურთიერთობა უზბეკეთის ხელისუფლებასა და მის დიქტატორ ლიდერ ისლამ კარიმოვთან. მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი აღიარებს, რომ უზბეკეთის უშიშროების სამსახურში "წამება გამოძიების ჩვეულ ტექნოლოგიას" წარმოადგენს, გასულ წელს ვაშინგტონმა კარიმოვის რეჟიმს ნახევარი მილიარდი მისცა დახმარებისა და ხანაბადის საჰაერო ბაზის ამერიკელ სამხედროთა მიერ ქირაობის საფასურად. "მიუხედავად იმისა, რომ უზბეკი მუსულმანი მხოლოდ გრძელი წვერის ტარების გამო შეიძლება დააპატიმრონ", - წერს კლევემანი - "შეერთებულმა შტატებმა უხმაუროდ ამოშალა უზბეკეთი იმ ქვეყნების სიიდან, სადაც რელიგიის თავისუფლებას საფრთხე ემუქრება". ეს ყველაფერი სტატიის ავტორის აზრით, ცინიკურად მოჩანს. კლევემანის მიერ კავკასია-შუა აზიის რეგიონის შესწავლის ხანგრძლივი გამოცდილება ადასტურებს, რომ შტატების ახლომხედველური პოლიტიკა დიდ ზიანს აყენებს მისსავე მცირე წარმატებას ტერორიზმთან ბრძოლაში და რომ აგრერიგად მნიშვნელოვანი სტაბილურობა შუა აზიაში მხოლოდ ზედაპირულად არსებობს და "კალაშნიკოვს" ემყარება.

ლუც კლევემანი ასკვნის, რომ შეერთებული შტატებისთვის ზედმეტ ფუფუნებას წარმოადგენს ახლო აღმოსავლეთსა და შუა აზიაში დიქტატორობას კვლავ ინდიფერენტულად უყუროს იმის გამო, რომ ნავთობის იტნერესები დაიცვას და რომ ასეთი მიდგომა შტატებს იმავე მცდარ გზაზე აყენებს, რამაც ბინ ლადენიზმის აღმოცენება გამოიწვია. ლუც კლევემანი სტატიას ასეთი შეკითხვით ასრულებს: "ძალიან კარგია ნავთობ-ინტერესების დაცვა, მაგრამ ღირს კი მასში შტატების უსაფრთხოების დაგირავება?"
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG