Accessibility links

logo-print

პარლამენტმა გადაიფიქრა საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანა


თამარ ჩიქოვანი, თბილისი პარლამენტის ბიუროს 22 დეკემბრის გადაწყვეტილების მიუხედავად, 23 დეკემბერს პარლამენტს არ განუხილავს საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანის საკითხი. შესაბამისად, კვლავ ღიად რჩება იმ

ამომრჩევლის არჩევნებში მონაწილეობის საკითხი, ვინც, მოწოდებების მიუხედავად, 3 იანვრამდე არ შეამოწმებს, არის თუ არა საარჩევნო სიაში, 4 იანვარს კი არჩევნებში მონაწილეობას გადაწყვეტს. იმ შემთხვევაში, თუ საარჩევნო კოდექსში ცვლილება არ შევა და არ აღდგება დამატებითი სიების ინსტიტუტი, ამომრჩევლის გარკვეული ნაწილი საკუთარი კონსტიტუციური უფლების გამოყენებას ვერ შეძლებს.

ბოლო მონაცემებით, 22 დეკემბრისთვის წინასწარი რეგისტრაცია 64 საარჩევნო უბანში მილიონამდე ამომრჩეველმა გაიარა. კაცმა რომ თქვას, ცუდი შედეგი ნამდვილად არ არის, თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოში ოფიციალურად ამომრჩეველთა საერთო რაოდენობად 3 178 593 ადამიანი ითვლება, წინასწარი რეგისტრაცია კი არ გაუვლია აჭარის ამომრჩეველს, - იქაური მონაცემებით, ეს დაახლოებით 290 ათასი ამომრჩეველია, - ფაქტია, რომ წინასწარი რეგისტრაციის სიებით არჩევნების ჩატარება გამორიცხულია. ფაქტია ისიც, რომ 25 დეკემბრიდან დაგეგმილი კარდაკარ სიარულის მეშვეობით საარჩევნო სიების სერიოზული გადახალისება ვერ მოხდება - საარჩევნო უბნების თანამშრომლებმა 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნების წინაც ჩამოიარეს კარდაკარ ამომრჩევლები, მაგრამ 2 ნოემბერს ბევრი ამტკიცებდა, რომ სიაში საკუთარი გვარი ვერ იპოვა. შესაბამისად, ან 4 იანვარს ამომრჩევლის ერთი ნაწილი კვლავ ვერ შეძლებს საკუთარი საკონსტიტუციო უფლების გამოყენებას, ან პარლამენტს მოუწევს საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანა და ნოემბრის არჩევნების წინ გაუქმებული ამომრჩეველთა დამატებითი სიების ინსტიტუტის აღდგენა.
ამ საკითხთან დაკავშირებით კი, საეჭვოა, თითქოსდა ერთსულოვან პარლამენტში კონსენსუსის მიღწევა - საეჭვოა, პარლამენტმა ასეთ ცვლილებას მხარი დაუჭიროს. შესაბამისად, ყოველი სხდომის წინ ანონსირებული საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანის საკითხი, საბოლოოდ, პარლამენტის სხდომის დღის წესრიგიდან იხსნება.
ასე მოხდა 23 დეკემბრის საგანგებო სხდომაზეც: პარლამენტმა საკმაოდ მშვიდად და ერთსულოვნად დაუჭირა მხარი ახალ საკადრო დანიშვნებს. ბოლოს და ბოლოს, დაინიშნა ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი. ახალი მინისტრი ეთერ ასტემიროვა ბლოკ "ბურჯანაძე-დემოკრატების" წევრი გახლავთ. მანამდე იგი აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლების უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტს ხელმძღვანელობდა. ახალი ელჩი ჰყავს საქართველოს დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში - გამოწვეული ელჩის თეიმურაზ მამაცაშვილის ნაცვლად. 117 ხმით პარტლამენტმა ამ პოსტზე ამირან კალაძე დაამტკიცა.
კიდევ ერთი საკადრო ცვლილება უკვე პარლამენტის მასშტაბით მოხდა: ირაკლი ბათიაშვილის გადადგომის შედეგად გამოთავისუფლებულ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თვმჯდომარის თანამდებობაზე პარლამენტმა ფრაქცია "დემოკრატების" წევრი ზაქარია შერაზადაშვილი დაამტკიცა.
ამით პარლამენტის შრომისუნარიანობა ამოიწურა. პარლამენტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი გიგი წერეთელი ამაოდ სთხოვდა პარლამენტის დერეფნებში გაკრეფილ კოლეგებს დარბაზში დაბრუნებულიყვნენ:
[გიგი წერეთლის ხმა] "ხომ არ ვნახოთ ერთად - გამოვაცხადებ შესვენებას და გავიდეთ ფოიეში, იქნებ რამე უფრო საინტერესო ხდება...მანდატურს ვთხოვ, შემოიაროს ერთხელ და ყველა დეპუტატს, ვინც არის ფოიეში, სთხოვოს დარბაზში შემოსვლა."
სხვათა შორის, 23 დეკემბერს გაირკვა ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების შესაძლო თარიღი: ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, არჩევნები, სავარაუდოდ, აპრილში გაიმართება. თუმცა კარგად ინფორმირებული წყარო სხვა თარიღს - 7 მარტს ასახელებს.
XS
SM
MD
LG